რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში საზღვარი დროდადრო იცვლება. ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გაკეთებული ბანერი წარწერით Республика Южная Осетия საქართველოს მთავარი მაგისტრალის მიმართულებით ინაცვლებს და სულ უფრო მეტი ტერიტორია რჩება მავთულხლართების მიღმა. ეს პროცესი ზოგისთვის „მცოცავი ოკუპაციაა“, ზოგისთვის "ბორდერიზაცია". „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) დაინტერესდა, თუ როგორ იცვლებოდა სახელმწიფო საზღვარი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ და რა ტერიტორიას ვეღარ აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება.
ორგანიზაციამ მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, ეროვნული უშიშროების საბჭოს და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს და შემდეგი საჯარო ინფორმაცია მოითხოვა:
-საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებული საქართველოს ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციის მიერ (ცალკე), აგრეთვე ოსი და აფხაზი სეპარატისტული მთავრობის მიერ მიტაცებული ტერიტორიების კოორდინატები (ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების დასახელებები) წლების მიხედვით
-2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოსი სეპარატისტული მთავრობის მიერ რომელი რუკის მიხედვით ხდება ე.წ. მცოცავი ოკუპაციის განხორციელება.
გაგზავნილი წერილის საპასუხოდ მთავრობის ადმინისტრაციამ წერილი გადაამისამართა კრიზისების მართვის საბჭოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროში. თავის მხრივ კრიზისების მართვის საბჭომ ინფორმაციის გაცემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სთხოვა, ამავე უწყებაში გადაამისამართა წერილი შსს-მ და იუსტიციის სამინიატრომაც. უსაფრთხოების სამსახურმა იმ სოფლების ჩამონათვალი მოგვაწოდა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება კონტროლს ვერ ახორციელებს. ეროვნული უშიშროების საბჭომ კი მხოლოდ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლი მიუთითა, სადაც განსაზღვულია ოკუპირებული ტერიტორიები.
ქვემოთ წარმოდეგენილი ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან იქნა მოწოდებული.
სეპარატისტული რეჟიმების მიერ მიტაცებული და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
_ 1993 წელს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი, რუსეთის ფედერაციის (მათ შორის ე.წ. სამშვიდობო ძალების) ხელშეწყობით აღმოჩნდა აფხაზი სეპარატისტების კონტროლს ქვეშ:
- გალის რაიონი. ადმინისტრაციული ცენტრი ქ.გალი,
- ტყვარჩელის რაიონი. ადმინისტრაციული ცენტრი ქ.ტყვარჩელი,
- გულრიფშის რაიონი (ნაწილობრივ). ადმინისტრაციული ცენტრი დ/პ გულრიფში,
- სოხუმის რაიონი. ადმინისტრაციული ცენტრი ქ.სოხუმი,
- გუდაუთის რაიონი. ადმინისტრაციული ცენტრი ქ.გუდაუთა,
- გაგრის რაიონი. ადმინისტრაციული ცენტრი ქ.გაგრა.
საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა გულრიფშის რაიონში მდებარე კოდორის ხეობის ზემო ნაწილზე, სოფელ ქვაბჩარადან ჩრდილოეთით. კონტროლირებადი ტერიტორია სამხრეთ-აღმოსავლეთ მხრიდან შემოფარგლული იყო კოდორის ქედით (აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრამდე), სამხრეთ-დასავლეთით შემოფარგლული იყო აფხაზეთის ქედით (ტაიმასა და ჟვირგვას ქედები), ხოლო ჩრდილო-დასავლეთით _ ადანგესა და ამტკელის უღელტეხილებით. კოდორის და აფხაზეთის ქედები ფაქტობრივად წარმოადგენდნენ მხარეთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გამყოფ ბუნებრივ ზღუდეებს.
_ 2008 წელს, რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია სრულად მოექცა საოკუპაციო ძალების და აფხაზი სეპარატისტების კონტროლ ქვეშ.
საქართველოს ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი გულრიფშის რაიონში არსებული კოდორის ხეობის ზემო ნაწილზე, სადაც მდებარეობენ შემდეგი სოფლები: აჟარა,ქვაბჩარა, ზიმა, ჩხალთა, შაბათკვარა, ბუძგური, პტიში, აცგარა, მრამბა, ნახარი, ხეცკვარა, გენწვიში, ხუტია, გვანდრა, ომარიშარა, საკენი.
რუკა1. აფხაზი სეპარატისტებისა და რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ტერიტორიები
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი (ცხინვალის რეგიონი)
− 1992 წელს ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის (მათ შორის ე.წ. სამშვიდობო ძალების) ხელშეწყობით ოსი სეპარატისტების კონტროლს ქვეშ აღმოჩნდა რეგიონის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი:
- ცხინვალის რაიონის ძირითადი ნაწილი, ადმინისტრაციული ცენტრი ქ.ცხინვალი;
- ჯავის რაიონი, ადმინისტრაციული ცენტრი დ/პ ჯავა;
- ზნაურის რაიონი, ადმინისტრაციული ცენტრი დ/პ ზნაური.
აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა ახალგორის რაიონს (5 ოსური სოფლის - წინაგარის, ღდულეთის, ძუკათას, ორჭოსანის და აბრევის გარდა), ქ.ცხინვალის ჩრდილოეთით განლაგებულ დიდი ლიახვის ხეობის სოფლებს და აღმოსავლეთით განლაგებულ პატარა ლიახვის ხეობის სოფლების ძირითად ნაწილს, ასევე ზნაურის რაიონის 6 სოფელს. გარდა ამისა, საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა ჯავის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მამისონის უღელტეხილსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
- 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად, საქართველოს ხელისუფლების ორგანოები და ქართული მოსახლეობის ძირითადი ნაწილი გამოდევნილი იქნა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დასახლებული პუნქტებიდან და ოლქის ტერიტორია (მათ შორის, ახალგორის რაიონი და მამისონის უღელტეხილი) სრულად მოექცა საოკუპაციო ძალების და ოსი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ. ქართულმა მხარემ კონტროლი დაკარგა ცხინვალის რეგიონის 135 დასახლებულ პუნქტზე, რომელთა უმეტესობა იყო შერეული - ქართულ- ოსური. აღსანიშნავია, რომ ის სოფლები, რომლებიც მხოლოდ ქართველებით იყო დასახლებული თითქმის სრულად არის განადგურებული. შერეული სოფლებიდან, ქართველები ძირითადად არიან გამოძევებულნი.
რუკა 2. ოსი სეპარატისტებისა და რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ტერიტორიები
2008 წელს ოსი სეპარატისტებისა და რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონში დაკავებული დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი
ზნაურის რაიონი
სოფ. ავნევი 2.სოფ. ნული 3. სოფ. ალიბარი 4. სოფ. თიღვა 5. სოფ. შინდარა 6.სოფ. ნაბაკევი
ცხინვალის რაიონი
1.სოფ. ქემერტი 2.სოფ. კეხვი 3. სოფ. ძარწემი 4. სოფ. ქურთა 5. სოფ. ზემო აჩაბეთი 6. სოფ. ქვემო აჩაბეთი 7. სოფ. მამითა 8.სოფ. ხეითი 9.სოფ. თამარაშენი 10.სოფ. ფრისი 11. სოფ. არგვიცი 12. სოფ. ბერულა 13.სოფ. ერედვი 14.სოფ. ქსუსი 15.სოფ. ვანათი 16. სოფ. ჯორჯიანი 17. სოფ. საცხენეთი 18. სოფ. ბელოთი 19. სოფ. დისევი
ახალგორის რაიონი
1.დაბა ახალგორი. (ადმინისტრაც. ცენტრი) კოორდ. 2. სოფ. დოლიანი 3. სოფ. იკოთი 4. სოფ. მოსაბრუნი 5.სოფ. ბაზუანი 6. სოფ. ახალდაბა 7. სოფ. ახალსოფელი 8.სოფ. ახმაჯი 9. სოფ. ბეჟანაანთკარი 10.სოფ. გარუბანი 11.სოფ. ერედა 12.სოფ. ვაშლოვანი 13.სოფ. ზემო ბოლი 14.სოფ. მორბედაანი 15.სოფ. ქვემო ბოლი 16.სოფ. ყანჩავეთი 17.სოფ. გდუ 18.სოფ. ბოსელთა 19.სოფ. ზემო ღრუ 20.სოფ. ციხისოფელი 21.სოფ. ჭანდარი22.სოფ. დორეთკარი23.სოფ. გავაზი 24.სოფ. დოგუზაანი25.სოფ. ველისა 26.სოფ. კარა 27.სოფ. კუცხოვეთი 28.სოფ. საბარკლეთი 29.სოფ. ჩკუნეთი 30.სოფ. ძანგათი 31.სოფ. ქვემო ზახორი 32.სოფ. არმაზი 33.სოფ. ველურა 34.სოფ. ზემო ზახორი 35.სოფ. ზემო ცხილონი 36.სოფ. ზემო წირი 37.სოფ. ზემო წოლდა 38.სოფ. ზემო წუბენი 39.სოფ. იკეთი 40.სოფ. ნადაბური 41.სოფ. უკანწირი 42.სოფ. ქვემო ცხილონი 43.სოფ. ქვემო წირი 44.სოფ. ქვემო წოლდა 45.სოფ. ქვემო წუბენი 46.სოფ. ქვითკირი 47.სოფ. ქულოთი 48.სოფ. შუა ზახორი 49.სოფ. შუა წირი 50.სოფ. შუა წუბენი 51.სოფ. ჭაჭამური 52.სოფ. გეზევრეთი 53.სოფ. კორინთა 54.სოფ. გუდაწვერი 55.სოფ. ნახიდი 56.სოფ. საძეგური პირველი 57.სოფ. ქვემო ალევი 58.სოფ. ქურთა 59.სოფ. ყოჩიანი 60.სოფ. შუა ალევი 61.სოფ. წირქოლი 62.სოფ. ხარკელანი 63.სოფ. ლარგვისი 64.სოფ. გარეუთი 65.სოფ. დაბაკნეთი 66.სოფ. დადიანეთი 67.სოფ. ზოდეხი 68.სოფ. თოხთა 69.სოფ. მარტიანი 70.სოფ. მახიარეთი 71.სოფ. მუჯუხი 72.სოფ. შველიეთი 73.სოფ. უკანამხარი 74.სოფ. უკანუბანი 75.სოფ. ყველდაბა 76.სოფ. ჩიტიანი 77.სოფ. ცხავათი 78.სოფ. ხარბალი 79.სოფ. ხრამისწყალი80.სოფ. სალბიერი 81.სოფ. დელკანი 82.სოფ. ნაგომევი 83.სოფ. ჩორჩანი 84.სოფ. ძეგლევი 85.სოფ. ჯვარისუბანი 86.სოფ. ბალაანი 87.სოფ. ელოიანი 88.სოფ. თინიკაანი 89.სოფ. მიდელაანი 90.სოფ. ნავიხევი 91.სოფ. ოხირი 92.სოფ. პავლიანი 93.სოფ. ქარელთკარი 94.სოფ. ქენქაანი 95.სოფ. ჩიგოიანი 96.სოფ. წიფთაური 97.სოფ. ჭორჭოხი 98.სოფ. ხოზუეთი 99.სოფ. გუდითა 100.სოფ. ზემო ბაგები 101.სოფ. ზემო ყურე 102.სოფ. კიტრიული 103.სოფ. მონასტერი 104.სოფ. მსხლები 105.სოფ. ქედიგორა 106.სოფ. ქვემო ბაგები 107.სოფ. ცოტაგური 108.სოფ. კოდიჯვარი 109.სოფ. მამულაანი 110.სოფ. ქვემო ღრუ
რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების და სეპარატისტების მიერ გამოყენებული რუკები
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრების (საოკუპაციო ხაზების) განსაზღვრის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეები და სეპარატისტული რეჟიმები იყენებენ 1976_1986 წლებში გამოცემულ საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ტოპოგრაფიულ რუკებს (მასშტაბი: 1 : 50 000 და 1 : 100 000). აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა და ოსური სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაატარეს წინამოსამზადებელი სამუშაო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრის განსაზღვრისა და შემდეგ მისი მოწყობის (ე.წ. დემარკაციის განხორციელების) მიზნით, კერძოდ:
- ერთის მხრივ, გამოყენებულ იქნა ყოფილი საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ სხვადასხვა პერიოდში გამოშვებული ტოპოგრაფიული რუკები, რომლებშიც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები განსხვავებულად არის დატანილი. მაგალითად, რუსული მხარე გორის რაიონის მონაკვეთზე ე.წ. საზღვრის განსაზღვრისათვის ხელმძღვანელობდა ყოფილი სსრკ-ს გენერალური შტაბის მიერ 1988 წელს გამოცემული ტოპოგრაფიული რუკით, რომელიც ასახავს ადგილმდებარეობას 1984 წლის მდგომარეობით;
- მეორეს მხრივ, ოკუპაციის შემდეგ, კონკრეტულ ადგილმდებარეობაზე ე.წ. საზღვრის მოწყობის სამუშაობის ეტაპობრივად შესრულების დროს, განაშენიანების გაუთვალისწინებლად და ასევე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის რთული მოხაზულობიდან გამომდინარე, საოკუპაციო ძალებისა და სეპარატისტული ხელისუფლების მხრიდან წარმოებული ე.წ. დემარკაციის შედეგად ქართული მოსახლეობის ნაწილმა დაკარგა იმ ტერიტორიებით სარგებლობის უფლება, რომელიც მავთულხლართების გავლების შედეგად აღმოჩნდა ოკუპირებული ტერიტორიების ფარგლებში.