მას შემდეგ, რაც 1920 წლის აპრილში ბოლშევიკებმა აზერბაიჯანი დაიკავეს, გაძლიერდა დაწოლა საქართველოზეც. ბოლშევიკების სამხედრო ძალებს კავკასიაში წითელი არმიის კომისარი, სტალინთან განსაკუთრებით დაახლოებული გრიგოლ (სერგო) ორჯონიკიძე მეთაურობდა. ქართული წარმოშობის ბოლშევიკები საქართველოს რესპუბლიკის დასაპყრობად განსაკუთრებით იყვნენ მომართული და შეტევის გადაუდებელ საჭიროებაში ლენინის დარწმუნებასაც ცდილობდნენ. ამ ფონზე, 1920 წლის 1 მაისს, საქართველოს ხელისუფლებამ მობილიზაცია გამოაცხადა, ხოლო მთავარსარდლად თბილისის სამხედრო სასწავლებლის დირექტორი, გენერალი გიორგი კვინიტაძე დანიშნა.
მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული საპირველმაისო გამოსვლები და არეულობა ბოლშევიკებმა შეიარაღებული ჯგუფების შესაქმნელად გამოიყენეს. ამ ჯგუფების მიზანი სახელმწიფო უწყებების დაკავება და გადატრიალების მოწყობა იყო. გეგმის ფარგლებში, სამი მაისის დილას, 25-კაციანმა რაზმმა თბილისის სამხედრო სასწავლებელს შეუტია, თუმცა იქ თავად გენერალი კვინიტაძე იმყოფებოდა, რომელმაც კადეტებთან ერთად შეტევა მოიგერია.
ამის შემდეგ, ხელისუფლებამ საქართველოს მასშტაბით გადატრიალების გეგმის მონაწილეები დააკავა. სამ სომეხ ბოლშევიკს, რომელიც საქართველოში არსებულ ბოლშევიკურ დაჯგუფებას ლიდერობდა, სამხედრო ტრიბუნალმა სიკვდილი მიუსაჯა.
შედეგად, ქვეყნის შიგნით გადატრიალების საფრთხე აღმოიფხვრა, თუმცა ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ორჯონიკიძის წითელარმიელები შემოდიოდნენ. ქართული ჯარი სწრაფადვე დაკონცენტრირდა აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით, წითლები შეაჩერა და კონტრშეტევაზეც გადავიდა. ამ პერიოდში საბჭოთა ძალებს პოლონურ ფრონტზეც უჭირდათ: ლენინმა საბოლოოდ არ ისურვა სტალინისა და ორჯონიკიძის ახირების დაკმაყოფილება და საქართველოს რესპუბლიკის მიმართულებით შეტევა გააჩერა.