ნადეჟდა სავჩენკო სასამართლომ რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. განაჩენის გამოტანის დღეს, სასამართლოს ტერიტორიაზე დამატებითი უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული. პოლიციამ ქუჩა, რომელზეც სასამართლოს შენობა მდებარეობს, გადაკეტა. ტერიტორიას ათეულობით პოლიციელი, სამხედრო და კინოლოგი იცავდა ძაღლებთან ერთად.
სავჩენკო, სასამართლო შენობაში პროცესის დაწყევბამდე ორი საათით ადრე მიიყვანეს და შენობაში გაძლიერებული დაცვის თანხლებით შეიყვანეს.
დამსწრეებსა და ჟურნალისტებს, სასამართლო შენობაში ორმაგი შემოწმების შემდეგ უშვებდნენ - პოლიციელები მათ ქუჩაში ჩხრეკდნენ, ხოლო სასამართლო მანდატურები - სასამართლოს დერეფანში.
სავჩენკოს მხარდასაჭერად სასამართლოს შენობაში, ნადეჟდას და ვერა და უკრაინის კონსული, აგრეთვე უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი სვიატოსლავ ცეგოლკო იმყოფებოდნენ.
როგორც რუსული მედია იუწყება, სამივე მოსამართლემ, განაჩენის წაკითხვის დაწყებისთანავე განაცხადა, რომ სავჩენკოს, ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობენ. განაჩენის თანახმად, სავჩენკომ დანაშაულებრივი ქმედება ლუგანსკის ოლქის მცხოვრებლების და ზოგადად, რუსულენოვანი ხალხის მიმართ მტრული დამოკიდებულების გამო განახორციელა. "სავჩენკომ განახორციელა მკვლელობა სიძულვილისა და მტრობის მოტივით", - განაცხადა მოსამართლემ.
ნადეჟდა სავჩენკოს 2014 წელს ლუგანსკის ოლქში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებენ, თავად დაკავებული ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ის სეპარატისტებმა, ჟურნალისტების დაღუპვამდე ტყვედ აიყვანეს და რუსულ მხარეს გადასცეს. დღევანდელ პროცესზე დასწრებას ასევე გეგმავდა კიევის წარმომადგენელი მინსკის საკონტაქტო ჯგუფში, თუმცა ირინა გერაშენკო რუსმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს.