წყარო: netgazeti.ge
"ძალიან პასიურები ვიყავით. სიტუაცია მივიყვანეთ იქამდე, რომ ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და მისი შესრულება არ დაწყებულა. სამწლიანი ვადის გასვლა არ ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულება აუცილებლად შეწყდება, შესაძლებელია მოლაპარაკება რუსეთთან, მათ შორის ჩვენი პარტნიორების დახმარებითაც, რომ ისინი არ წავიდნენ მის შეწყვეტაზე, თუმცა ეჭვი მეპარება ჩვენ ამას მივაღწიოთ, რადგან თუ მისი ამოქმედება გვინდოდა, სამი წლის განმავლობაში პროცესის გაჭიანურება არ უნდა დაგვეშვა. ამიტომ, დიდი ალბათობით ამას ვეღარ ვიზამთ. ალბათ შედეგი იქნება ის, რომ ხელშეკრულება ამოიწურება შესრულების გარეშე და ვერც ერთ ბენეფიტს, რომელსაც ის ჩვენთვის ითვალისწინებდა, ვეღარ მივიღებთ. ეს ნათლად მეტყველებს იმ უნიათობასა და დანაშაულებრივ გულგრილობაზე, რაც ამ შეთანხმების მიმართ გამოიჩინეს", - ამბობს სერგი კაპანაძე.
ზემოხსენებული ხელშეკრულება საქართველომ და რუსეთმა შვეიცარიის მედიაციით გააფორმეს. ის ძალაში რუსეთის WTO-ში გაწევრიანების დღიდან (2012 წლის 22 აგვისტო) შევიდა. ამის შემდეგ შვეიცარიამ შეარჩია საერთაშორისო კომპანია SGS-ი, რომელსაც დოკუმენტით გათვალისწინებული სამუშაო უნდა შეესრულებინა. საუბარია რუსეთისა და საქართველოს საზღვრებზე დერეფნების შექმნაზე, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას ფარავს. ამ ტერიტორიებზე ტვირთის კონტროლი სწორედ ამ კომპანიამ უნდა განახორციელოს. SGS-სთან კონტრაქტები საქართველოსა და რუსეთს უნდა დაედოთ.
თავის დროზე ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გვითხრა, რომ კონტრაქტების დეტალებზე მისი მინისტრობის პერიოდში თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი კონტაქტი არასოდეს ყოფილა და საკითხებს შვეიცარია ცალ-ცალკე ათანხმებდა. მიმდინარე წლის დასაწყისში კი პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებებში ერთვებოდა და ეს თემა კარასინთან მოლაპარაკების თებერვლის რაუნდის "ცენტრალურ საკითხადაც" დაასახელა. როგორ განვითარდა პროცესი და რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე SGS-თან კონტრაქტების დადება, რაც კომპანიას მუშაობის დაწყების საშუალებას მისცემდა? - "ნეტგაზეთთან" ინტერვიუში ზურაბ აბაშიძე დოკუმენტის დიდ მოცულობასა და სირთულეზე აპელირებს:
"იმის შემდეგ ჩვენ შევიკრიბეთ 15 ივლისს, პრაღაში გაიმართა ეს შეხვედრა... რუსეთის მხარემ დაადასტურა, რომ შეიძლება, უკვე მოვამზადოთ სამმხრივი სამუშაო შეხვედრა ანუ ქართულ-რუსულ-შვეიცარიული, რომელზეც მოხდება შესაბამისი კონტრაქტების შეჯერება... შეიქმნება ასევე სამმხრივი ერთობლივი სამუშაო კომიტეტი და შემდეგ დაიწყება იმპლემენტაცია", - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ეს სამხრივი შეხვედრა შვეიცარიაში უნდა გაიმართოს აგვისტოს ბოლოს, ან სექტემბრის შუა რიცხვებში. ამასთან, აბაშიძის თქმით, კონტრაქტების შინაარსობრივი მხარე უკვე გავლილი საკითხია, თუმცა იგი მის დეტალებს ჯერ არ აკონკრეტებს, მათ შორის შვეიცარიული კომპანიისათვის გადასახდელი თანხის ოდენობას, რაც სერგი კაპანაძის ინფორმაციით, თავის დროზე რამდენიმე მილიონით იყო განსაზღვრული, რომელიც რუსეთსა და საქართველოს უნდა დაეფარათ.
ზურაბ აბაშიძის მტკიცებით, სამწლიანი პერიოდის კონტექსტში რუსეთის მხარეს ხელშეკრულების შინაარსის რაიმე დეტალის შეცვლის საკითხი არ დაუყენებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შესრულება უკვე არსებული დოკუმენტის პირობებში მოხდება.
სერგი კაპანაძეს კი უკვირს, რატომ გახდა საჭირო სამი წელი მუშაობა იმ საკითხზე, რომლის მოგვარებაც, მისი თქმით, მაქსიმუმ 2-3 თვეში შეიძლებოდა. მისი განცხადებით, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საჭირო იყო შვეიცარიულ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება, დაფინანსების მოძიება და კომიტეტის შექმნა, რომელზეც ზურაბ აბაშიძე ახლა საუბრობს.
ორგანიზაცია "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (რომელსაც სერგი კაპანაძე წარმოადგენს) მოსაზრებით, იმპლემენტირების შემთხვევაში საქართველოს ამ ხელშეკრულების რუსეთის მიერ აფხაზეთთან და ცხინვალთან დადებული ე.წ. სამოკავშირეო შეთანხმებების წინააღმდეგ გამოყენება შეეძლო WTO-ს შიგნით. ზემოხსენებული სამოკავშირეო "შეთანხმებებით" რუსეთმა ცხინვალთან და სოხუმთან მესამე მხარისთვის უკონტროლო ერთიანი საბაჟო სივრცე შექმნა, მაშინ როდესაც თბილისთან სავაჭრო კორიდორების თავსა და ბოლოში, ტერმინალების განთავსებისა და ტვირთების მოძრაობის აღნუსხვის, ასევე მონაცემების შვეიცარიული კომპანიისათვის მიწოდების ვალდებულება აიღო.