წყარო: GlobaVoices.org
ალექსეი კოვალევი მუშაობდა რუსულ სახელმწიფო მედია მაუწყებელში და ხელმძღვანელობდა ‘რია ნოვოსტის’ ‘inoSMl.ru’ პროექტს, რომელიც უცხო-ენოვან მედიას რუსულად თარგმნის. კოვალევს სურს შური იძიოს იმ ადამიანებზე, რომლებსაც სახელმწიფო მედიის დანგრევაში ადანაშაულებს. მისი ახალი საიტი, „Noodleremover.news“ ეყრდნობა რუსულ გამონათქვამს “ вешать лапшу на уши”.
ეს პროექტი (რომელიც კოვალევმა ფეისბუქის პოსტებით და ‘Medium.com’-ის საშუალებით წამოიწყო, სანამ საკუთარ საიტს შეისყიდიდა) მიზნად ისახავს გამოავლინოს რუსული მედიის მცდარი და შეცდომაში შემყვანი რეპორტაჟები და ასევე, გაავრცელოს დასავლელი სპეციალისტების პოპულარული შეფასებები რუსეთზე.
კოვალევის ერთ-ერთი უკანასკნელი პოსტი ეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოგონილ ყალბ ინტერვიუს უკრაინის პრემიერ მინისტრთან, სადაც არსენი იაცენიუკი ვითომდა ადანაშაულებს ყოფილ პრემიერს, იულია ტიმოშენკოს სექსუალურ ძალადობაში. კიდევ ერთი პოსტი განიხილავდა იმ წვლილს, რომელიც ამერიკელ ევანგელისტებს მიუძღვით რუსეთში არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების უფლებების შელახვაში და ამავდროულად პუტინის ქებაში. „ახალ ბაზრებზე და სპონსორებზე ხელმისაწვდომობის მოსაპოვებლად [ჰომოფობი ევანგელისტები] აღტაცებით ბოდავენ მმართველზე, რომელიც საკუთარ ხალხს აშიმშილებს, ღაღადებენ მისი სულიერი ღირებულებებისა და 90%-იანი მოწონების რეიტინგის შესახებ“.
‘Noodlemover’-მა ყველაზე მეტი გამოხმაურება ჰპოვა 18 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატიით, „რუსეთი დღეს, ინფორმაციული ომი და მილიარდობით ნახვა: როგორ მოიპოვებენ ასეთ სტატისტიკას“, სადაც კოველევი მომოიხილავს ‘The Daily Beast’-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას თუ, როგორ მიზანმიმართულად უკეთებს მცდარ ინტერპრეტაციას რუსული სახელმწიფო არხი ‘RT’ მონაცემებს მისი მაყურებლის რიცხოვნობაზე, რათა გააჩინოს გადაჭარბებული მოსაზრებები არხის გავლენაზე.
‘RuNet Echo’-ს კოვალევმა უამბო, რომ ამ სტატიამ 60,000-ზე მეტი მკითხველი მიიზიდა. სწორედ ამის შემდგომ დარწმუნდა კოვალევი, რომ „ნამდვილად ღირდა ახალი საიტის შექმნა“.
მიუხედავად ამისა, კოვალევი კვლავ თავს იკავებს ‘Noodleremover’-ი დაახასიათოს, როგორც რუსეთში ‘მედია-წიგნიერების’ დანერგვის მცდელობა. „რუსულ ენაში მედია-წიგნიერების შესატყვისი ტერმინი არც კი არსებობს“, მან უთხრა ‘RuNet Echo-ს’. „‘СМИ грамотность? ასეთი ტერმინი რუსულად მოლაპარაკე ადამიანს არაფერს ეუბნება. მაგრამ მიმაჩნია, რომ აუცილებელია ხალხს შეასწავლო ახალი ამბების სწორად გააზრება. ნებისმიერი რედაქცია ახორციელებს საკუთარ მიზნებს.“
კოვალევი არ მალავს საკუთარს მიზნებსაც, „მე მძულს [მარგარიტა] სიმონიანი [ ‘RT’-ს და ‘Rossiya Segodnya’-ს მთავარი რედაქტორი] იმის გამო, რაც მან ‘RIA’-ს უქნა. ბოლოს და ბოლოს ჩემი სახელი აქვთ მითითებული საიტზე, და ახლა ყველანაირი ნაგავი აქვთ ატვირთული. მრცხვენია, როდესაც ვხედავ ჩემს სახელს და გვარს ისეთი სტატიის გვერდით, რომელიც განიხილავს თუ რატომ არის ობამა ცუდი მოცეკვავე. ასეთი სტატია, რამდენიმე წლის წინ, ჩემი იქ მუშაობის დროს, რომ მენახა, მის ავტორს გავუშვებდი სამსახურიდან.“
‘Noodlemover’-ი შეიძლება შურისძიების წყურვილით შექმნილი პლატფორმაა, მაგრამ დღესდღეობით ის გაცილებით დიდ საქმეს ემსახურება. ამ პროექტს ათასზე მეტი მიმდევარი ყავს Twitter-ზე, იმის მიუხედავად, რომ 2015 წლის ოქტომბერში შეიქმნა და თვითონ მხოლოდ 19 Тweet-ი აქვს. კოვალევი ამბობს, რომ დიდ წილად ხალხის რეაქციებმა განაპირობა მისი მუშაობა:
„ვიღებ ხშირ შეფასებებს და ხალხი მეუბნება რომ, „ეს ფანტასტიური წამოწყებაა და, რომ ასეთი რამ ჯერ არავის არ გაუკეთებია“. ვხვდები, რომ მართლაც ასეა. რუსეთში ჯერ არავის უფიქრია, თუ როგორ უნდა მივუდგეთ ამა თუ იმ ინფორმაციას. რატომ გამოჩნდა ასეთი ისტორია? რატომ გასაჯაროვდა? რის თქმა უნდა იმ არხს, რომელიც ამ ინფორმაციას გასცემს? რის თქმა უნდა თუნდაც ანონიმურ წყაროს? საიდან მოდის კონკრეტული ინფორმაცია? ან საერთოდ რატომ არსებობს?“
„როდესაც, სირიაში რუსული შენაერთების შესახებ პირველმა ინფორმაციამ გაჟონა, ვამჩნევდი უცნაურ საიტებს ძალზედ მცირე მომხმარებლით (დაახლოებით 100 მომხმარებელი დღეში), მაგრამ ხდებოდა ამ საიტების ციტირება ‘Sputnik-ის’ და ‘RT-ის’ მიერ და შემდგომ უკვე სხვაგან, რაც ქმნიდა ერთგვარ ლეგიტიმაციის ჯაჭვს. ერთ რამეს ატვირთავ ბუნდოვან ვებ-გვერდზე და იმდენჯერ ხდება მისი ციტირება და გამოყენება, რომ ბოლოს არავის ახსოვს მისი პირვანდელი სახე და წყარო. მიუხედავად ამისა, მაინც მოიპოვება. ასეთი ბუნდოვანი საიტების მთელი ქსელი არსებობს და ისინი ყველა ერთ და იმავე მიზანს ემსახურება.
რა თქმა უნდა ყველა არ იზიარებს, რომ კოვალევის პროექტი „ფანტასტიკურია“. რუსების უმრავლესობა ვერასდროს გაიგებს ‘Noodlemover’-ის შესახებ, მაგრამ სამართლიანად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ უარყოფითი განწყობა ექნებათ თუ გავითვალისწინებთ რუსეთში ინფორმაციის შესახებ გაბატონებულ მოსაზრებებს. დამოუკიდებელი კვლევების სააგენტოს - ლევადა ცენტრის მიერ ოქტომბერში ჩატარებული ეროვნული გამოკითხვის შედეგად, საგრძნობლად მეტი ნდობით სარგებლობენ ტელევიზიები ვიდრე ინტერნეტი (59% - 37%), ამასთანავე მზარდია ნდობა ტელევიზიების, რადიოების და გაზეთების მიმართ. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად შემცირდა ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ მედია საშუალებებს სურთ მათი მოტყუება. მაგალითად, 2012 წლის სექტემბერში, მოსახლეობის 55% თვლიდა, რომ მედია სიმართლეს ნახევრად გადმოსცემდა. სამი წლის შემდეგ, ეს მაჩვენებელი 42%-დე შემცირდა.
კოვალევს მიაჩნია, რომ რუსეთის მოსახლეობის პასუხი შეიძლება ასახავდეს ზოგადად მსოფლიოში ინფორმაციის სიმრავლით გამოწვეულ გადატვირთვას, რის შედეგადაც რუსები მიმართავენ წყაროებს, რომელთა მოხმარება ყველაზე კომფორტულია მათთვის. კოვალევს მიაჩნია, რომ ადამიანები ფსიქოლოგიური სიჯანსაღის შესანარჩუნებლად, იღებენ დაღეჭილ და ხშირ შემთხვევაში აბსურდულ ინფორმაციას:
„როდესაც ადამიანი უპირისპირდება ინფორმაციულ ქარიშხალს, ის ინსტინქტურად ირჩევს ერთ წყაროს( როგორი მიკერძოებულიც არ უნდა იყოს) მხოლოდ იმიტომ, რომ ის „ჩვენია“. ამ შემთხვევაში შეიმჩნევა ერთგვარი ორპირობა რუსეთში. რამდენი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მიღება შეუძლია რუს ხალხს, ისე რომ არ გავგიჟდეთ. მათ ყოველთვის სჯერათ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის. მაგალითად, რუსების უმრავლესობას სჯერა, რომ რუსული ჯარი არ იმყოფება უკრაინაში და ამავდროულად ვიგებთ ომს. იმიტომ, რომ ჩვენ წაგება არ შეგვიძლია. იმიტომ, რომ რუსები არასდროს აგებენ. მაგრამ რუსული არმია არ იმყოფება უკრაინაში. ასე, რომ მათ ინსტინქტურად სჯერათ ნაკარნახების. იმ შემთხვევაშიც თუ ტყუილია, ჩვენ მაინც გვჯერა მათი, რადგან ვინც ამას ამბობს „ჩვენიანი“ არის. იმიტომ, რომ ყველა იტყუება და ჩვენ ჩვენიანების ტყუილებს დავჯერდებით.“
რას შეიძლება ველოდეთ რუსების „მშობლიური ტყუილების“ მიმართ ერთგულებისგან? ის სავარაუდოდ მომავალშიც იარსებებს. აღმოსავლეთ უკრაინის ომი ჩაწყნარდა, ახლი კი მოსკოვი ბევრად უფრო არეულ კონფლიქტში აღმოაჩნდება, სირიაში, სადაც მთავრობას მოუწევს ინფორმაციის კონტროლი (ასევე საზოგადოების „ინსტინქტი“, რომელიც ამას დასაშვებს ხდის) ისე, როგორც არასდროს. ‘Noodlemover’-ი არის ერთი ადამიანის კამპანია ამ ტენდენციის წინააღმდეგ. იქნება ის წარმატებული? კოვალევი ამბობს, რომ მას არ აქვს ამის ილუზია და მას კარგად აქვს
გათვითცნობიერებული ის უზარმაზარი დაბრკოლება, კრემლის მედია-იმპერია, რომელიც ამ წამოწყებას დაჩრდილავს. მიუხედავად ამისა, უკვალოდ არაფერს ჩაუვლია.