"სილქნეტი" Russia Today–ს და Россия 24-ს მაუწყებლობიდან თიშავს

18 მაისი 2016 Shadow

31 მაისიდან "სილქნეტი" Russia Today–ს და Россия 24-ს მაუწყებლობიდან თიშავს.

როგორც "აქცენტს" კომპანიაში განუცხადეს, არხების გათიშვის მიზეზებზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

არცთუ დიდი ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე რუსული არხის ტრანსლირების აკრძალვას ითხოვდნენ. ამასთან დაკავშირებით მათ განცხადებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და ტელე-რადიოკომუნიაციების მარეგულიერებელი კომისიის თავმჯომარეს ვახტანგ აბაშიძეს მიმართეს.

”მიუხედავად საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე სამხედრო ოკუპაციისა, რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ მისი ავტორების დასახულ უმთავრეს შედეგს - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმებას - ვერ მიაღწია. საქართველოში მიმდინარე პროცესები ნათელყოფს, რომ რუსეთი აქტიურად აგრძელებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას, ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით. ეს სტრატეგია საქართველოში რუსეთის გავლენის გაძლიერებას ეკონომიკური და ენერგოპროექტების, რუსეთზე მომუშავე ორგანიზაციების დაფინანსების და გააქტიურების, კულტურული ზეგავლენის დაბრუნების, საზოგადოებაში პოლარიზაციისა და არეულობის შეტანის გზებით ცდილობს. ჰიბრიდული ომის სტრატეგიის ერთ-ერთ ცენტრალური კომპონენტი საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარე "საინფორმაციო ომია", რომლის მთავარი მიზანი, საქართველოს მოსახლეობაში დასავლეთისა და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების მიმართ უარყოფითი და ნიჰილისტური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა. ცხადზე ცხადია, რომ რუსეთის პროპაგანდა საქართველოში ისეთი საზოგადოებრივი განწყობის შექმნას ცდილობს, რომელიც მას საშუალებას მისცემს მართოს პოლიტიკური პროცესები საზოგადოებრივ აზრზე მოპოვებული ზეგავლენის გზით. უკანასკნელ თვეებში განვითარებული მოვლენები, რომელთაგანაც ნაწილი არ გასაჯაროვდა და ნაწილი კი საზოგადოებამ საერთოდ ვერ აღიქვა რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის თავდასხმად, მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ სერიოზულ საფრთხესთან გვაქვს საქმე. აშკარააა, რომ მოახლოვებული არჩევნები და ამ არჩევნებში რუსეთიდან მართული პოლიტიკური ძალების გააქტიურება, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ამოცანას - სახელმწიფომ თავი დაიცვას რუსული აგრესიისაგან ჰიბირდული ომის პირობებში - კიდევ უფრო საჭირბოროტოდ ხდის. მსგავსი თავდაცვის სტრატეგია სახელმწიფოსაგან მოითხოვს რიგი ღონისძიებების გატარებას. პირველ რიგში მოვიაზრებთ აუცილებლობას, რომ რუსულ პროპაგანდისტულ მასმედიას შეეზღუდოს საქართველოში მოქმედების სივრცე და თავისუფალი ოპერირების უნარი. ამის შესაძლებლობას იძლევა საქართველოს კონსტიტუცია. ის ითვალისწინებს იმ ინფორმაციის გავრცელების აკრძალვას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უშიშროებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას (საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის, მე-4 პუნქტი). საქართველოს საზოგადოების რუსული პროპაგანდით ინდოქტრინიზაციის მიმდინარე პროცესი სწორედ მსგავსი სერიოზული საფრთხეების მატარებელია. აღსანიშნავია, რომ რუსული მაუწყებლობის შეზღუდვის პრაქტიკა, იგივე მოსაზრებებით, არსებობს ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც, რომლებიც დაცულობის უფრო მეტი გარანტიებით სარგებლობენ, ვიდრე ჩვენი ქვეყანა, რამდენადაც ისინი უკვე ნატო-სა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არიან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, რომ იდენტიფიცირება გაუკეთდეს რუსული სახელმწიფო პროპაგანდის ინსტრუმენტებს რუსული ტელეარხების პროდუქციის კომპეტენტური და ზუსტი ანალიზის საშუალებით, და შეიზღუდოს ის არხები, რომელთა ამგვარი მეთოდით გამოვლენა მოხდება როგორც პროპაგანდის ინსტრუმენტისა. რუსული არხები, რომლებიც კრემლის პირდაპირ იარაღს წარმოადგენს საინფორმაციო ომში და რომელთა მაუწყებლობაც საქართველოში დაუყონებლივ უნდა შეიზღუდოს არის: რუსეთის პირველი არხი, РТР-ПЛАНЕТА, Россия 24, НТВ Мир, TVCI, Россия 1, НТВ, ТНТ, Петербург 5, Звезда, Рен-ТВ, Russia Today. სწორედ ამ არხების ტრანსლაცია აკრძალა უკრაინის ტელემაუწყებლობის ეროვნულმა საბჭომ, მას შემდეგ, რაც შესაბამისმა ანალიზმა აჩვენა, რომ ეს არხები უკრაიანში საზოგადოებრივი არეულობასა და დაპირისპირებას უწყობდნენ ხელს დეზინფორმაციის გზით. 2014 წელს რუსული არხის, Россия 24 მაუწყებლობა ასევე აიკრძალა მოლდოვაში. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული აკრძალვის განხორციელება განსაკუთრებით აუცილებელია დღეს, როდესაც ღია თავდასხმა დამოუკიდებელ და პრო-დასავლურ ქართულ მას მედია საშუალებებზე, კიდევ უფრო დაუცველს ხდის ქართველ ამომრჩეველს რუსული პროპაგანდის წინაშე. თუ ეს რჩევა ადმინისტრირების საშუალებით სახელმწიფოს დღევანდელი მმართველი ძალისთვის პრობლემას წარმოადგენს, მზად ვართ დახმარებისთვის. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, დაუყონებლივ უნდა დაიწყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რასაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გადაუდებელ აუცილებლობად აქცევს”, - ნათქვამია 5 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ - რომან გოცირიძე-საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრი, ნინო ევგენიძე-ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, სერგი კაპანაძე-საქართველოს რეფორმების ასოციაცია, გიგი კუბლაშვილი-საზოგადოებრივი მოძრაობა ”‘ივერია”, ნიკა რურუა-საზოგადოებრივი მოძრაობა ”ივერია”, სალომე სამადაშვილი-სტრატეგიული კომუნიკაციის და დემოკრატიის ცენტრი, დავით სიხარულიძე-საქართველოს ატლანტიკური საბჭო, ბათუ ქუთელია-საქართველოს ატლანტიკური საბჭო, ირაკლი ტაბლიაშვილი-Georgian Review, გიორგი ტუღუში-საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ელენე ხოშტარია-საქართველოს რეფორმების ასოციაცია, მარიამ ჯიშკარიანი, ცენტრი ”ემპატია”, თამარ ცოფურიშვილი, ზვიად დევდარიანი - სამოქალაქო განვითარების სააგენტო, შორენა ლორთქიფანიძე-დემოკრატიისა და ევროატლანტიკური კვლევების ინსტიტუტი.


მოგვიანებით აღნიშნულ განცხადებას მარეგულირებელი კომისია გამოეხმაურა:

"არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებული არხები (რუსეთის პირველი არხი, РТР-ПЛАНЕТА, Россия 24, НТВ Мир, TVCI, Россия 1, НТВ, ТНТ, Петербург 5, Звезда, Рен-ТВ, Russia Today) საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების საშუალებით ვრცელდება. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი კომისიის რეგულირების სფეროში შემოდის და ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტი“. რეგლამენტის პირველი მუხლის ჰ2 პუნქტი განმარტავს დაუშვებელ პროდუქციას: დაუშვებელი პროდუქცია – ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია. ასევე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის თანახმად, იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა და ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმის წარმოებას საკუთარი ინიციატივით, მესამე პირის განცხადების ან მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე იწყებს. თითოეულ ადმინისტრაციულ წარმოებას საფუძვლად ედება კონკრეტული სამართლებრივი გარემოება. იმ შემთხვევაში თუ ზემოთ ხსენებული სამაუწყებლო არხების ტრანზიტის დროს ადგილი აქვს დაუშვებელი პროდუქციის გავრცელებას, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მზადაა განიხილოს და კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში გაატაროს შესაბამისი ზომები, მათ შორის - შეზღუდოს შესაბამისი სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება" – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

 

წყარო: accent.com.ge