ათასობით ადამიანი დაესწრო იმ რუსული ჯგუფის მიერ ორგანიზებულ მსვლელობას, რომელსაც ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სოციალური ქსელის მეშვეობით გავლენის მოხდენაში ადანაშაულებენ. აღნიშნული დემონსტრაცია ნიუ-იორკში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღეში ჩატარდა და რუსეთთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ყველაზე ფართომასშტაბიან და წარმატებულ მსვლელობად ითვლება დღემდე.
სოციალურ ქსელში 16 ათასამდე მომხმარებელმა დააფიქსირა, რომ „BlackMattersUS“-ის მიერ ორგანიზებულ მარშზე დასწრებას გეგმავდნენ. BlackMattersUS კრემლთან დაკავშირებული ორგანიზაციაა, რომელსაც აშშ-ში რასობრივ ნიადაგზე დესტაბილიზაციის გამოწვევასა და ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტების დაკნინებაში ადანაშაულებენ. რეალურად აქციას 5-დან 10 ათასამდე ადამიანი დაესწრო.
რუსული ჟურნალის, RBC-ის უახლესი გამოძიების მიხედვით, „BlackMatters“ ჯგუფი კრემლთან ასოცირებულ რუსულ კვლევით ორგანიზაცია - „ტროლ ფარმთან“ არის დაკავშირებული. ფეისბუქმაც დაადასტურა, რომ სწორედ აღნიშნული სააგენტოა პასუხისმგებელი ამერიკის არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, სოციალურ ქსელებში 3000-მდე პოლიტიკური რეკლამის გაყიდვასა და 700-მდე ყალბი მომხმარებლის ანგარიშის შექმნაზე.
ამის შემდეგ, დაახლოებით 470 ადამიანის ანგარიში გააუქმა ფეისბუქმა. მათ შორის, BlackMatters-ის გვერდიც. თუმცა, უკანასკნელის წაშლის მიზეზი ოფიციალურად არ განუცხადებია. რუსული ყალბი ანგარიშები წაშალა ტვიტერმაც.
„ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ დარეკლამებული პოსტების უკან მდგომი ინდივიდებისა თუ კომპანიების ვინაობის გამჭირვალობა აუცილებელია“- ამბობს ქეთრინ ჰენშენი, ვირჯინიის უნივერსიტეტში ციფრული მედიის მიმართულების მკვლევარი.
ბოლო პერიოდში ფეისბუქმა გამოაცხადა, რომ მალე საზოგადოებას მეტად გამჭირვალე ფუნქციებს წარუდგენს , მათ შორის ერთ-ერთი, საარჩევნო რეკლამის ავტორს კომპანიასთან იდენტიფიკაციას ავალდებულებს.
ჰენშენის თქმით, ეს საკმარისი არ არის, რადგანაც შეიძლება ზოგიერთმა ისეთი სახის ღონისძიებამაც მოახდინოს გავლენა არჩევნებზე, რომელიც საკითხთან პირდაპირ დაკავშირებული სულაც არ არის. ამიტომაც, მხოლოდ საარჩევნო რეკლამების წარმომავლობის გარკვევა შეიძლება საკმარისად ეფექტიანი არ აღმოჩნდეს. ის მიიჩნევს, რომ მომხმარებლების ინფორმაცია, რომლებიც ფეისბუქის ფასიან სერვისებს ხშირად იყენებენ, მეტად უნდა იყოს შესწავლილი.
ფეისბუქის ვიცე-პრეზიდენტი - კოლინ სტრეჩიც გამოეხმაურა ამ ფაქტს და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ სოციალური ქსელის გამოყენება ამერიკის არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, ახალი გამოწვევაა როგორც კომპანიისთვის, ისე ზოგადად ინდუსტრიისთვის და საზოგადოებისთვის. „უცხოელმა აქტორებმა ბოროტად გამოიყენეს ჩვენი პლატფორმა და ინტერნეტ სერვისები, რათა დესტაბილიზაცია გამოეწვიათ წინასაარჩევნოდ. ეს არის დარტყმა არამარტო ჩვენს პლატფორმაზე, არამედ დემოკრატიაზე და შეურაცხყოფს თანამედროვე საზოგადოების ღირებულებებს.“ - აღნიშნა მან. ამ იდეას იზიარებენ ამერიკის სენატორები - მარკ ვარნერი და ადამ შიფიც. მათი შეფასებით, ფეისბუქის ფასიანი პოსტების წარმომავლობის გამოკვლევა არის კრემლის საქმიანობის გამომჟღავნების გასაღები.
აღნიშნულ ჯგუფს სხვა საპროტესტო აქციებიც აქვს ჩატარებული, თუმცა არცერთი ყოფილა მსგავსი მასშტაბის. როგორც გაირკვა, ისინი მოტყუებით იყვანდნენ თანამშრომლებს და ორგანიზაციის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდნენ. „BlackMatters“ ტრამპის მხარდამჭერებს საკუთარი მიზნების გასატარებლად იყენებდნენ.
წყარო: thehill.com