10 მარტს Sputnik-Georgia-მ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველთან ზურაბ ჩეკურიშვილთან ინტერვიუ, სათაურით "სოფლის მეურნეობის სამინისტრო: საქართველო თავის ტრადიციულ ბაზარს უბრუნდება” გამოაქვეყნა. ინტერვიუში ზურაბ ჩეკურიშვილი ევროკავშირთან შედარებით რუსული ბაზრის უპირატესობაზე საუბრობს.
ზურაბ ჩეკურიშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი: "ჩვენ ახლა შევედით რუსულ და ევროპულ ბაზარზე, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ევროპაზეც, რუსეთზეც, აზიაზეც, რასაც აკეთებს კიდეც სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ნახეთ, რა ხდება ევროპაში! მათ რუსული ბაზარი დაკარგეს და უკან დაბრუნება სწადიათ. ჩვენ რატომ უნდა გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რასაც ამ 3 წელიწადში მივაღწიეთ, თუ იგივე ევროპელები ყველაფერს აკეთებენ რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად?
ჩვენი პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გაყიდვა ბევრად რთული იქნება. იქ ყველაფერი არც ისე მარტივია — მათ ჭარბი წარმოება აქვთ და თავიანთი სად წაიღონ, არ იციან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროპული ბაზრის ათვისება არ ვცადოთ… ანუ, ჩვენ არავის ვართმევთ ბაზარს, უბრალოდ, ჩვენს ისტორიულ, ტრადიციულ ადგილზე ვბრუნდებით."
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება მცდარია, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს ქართული აგრო-სასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ ევროკავშირის ქვეყნებში 208 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის წლიური აგრო ექსპორტის ჯამური მაჩვენებლის თითქმის 35%-ია. 2010 წლიდან მოყოლებული საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული აგრო-სასურსათო პროდუქციის ღირებულება თითქმის გასამმაგდა. ამასთან, 2014 წლის სექტემბერში ძალაში შევიდა შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA). ევროკავშირის ქვეყნებთან საბაჟო ტარიფები გაუქმდა და ქართველ ექსპორტიორებს მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე ფეხის მოკიდების დამატებითი შესაძლებლობები მიეცათ. DCFTA-ის ამოქმედებიდან პირველ 6 თვეში ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის, მათ შორის, თხილის და ხილის წვენების, ევროკავშირში ექსპორტი გაორმაგდა ან გასამმაგდა.
2015 წელს საქართველოდან რუსეთში, ევროკავშირთან შედარებით, თითქმის ორჯერ ნაკლები, 123 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აგრო-სასურსათო პროდუქცია იქნა გატანილი. 2014 წელთან შედარებით რუსეთში აგრო ექსპორტის ღირებულება 45%-ით შემცირდა. მაგალითად, რუსეთში ექსპორტირებული მსხვილი სასაქონლო ჯგუფებიდან ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი 60%-ით, 2014 წელს არსებული 111 მილიონი აშშ დოლარიდან 43 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა; მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 50%-ით, 66 მილიონი აშშ დოლარიდან 33 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა; სპირტიანი სასმელების ექსპორტი 40%-ით, 17.5 მილიონი აშშ დოლარიდან 11.5 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა. ამის მიზეზი ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებით და ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნით რუსეთში გამოწვეული ეკონომიკური კრიზისია.
რუსეთში პროდუქციის ექსპორტზე ორიენტირებულ ქვეყნებს ხშირად უწევთ მოსკოვის მილიტარისტული საგარეო პოლიტიკით და არადივერსიფიცირებული ეკონომიკით განპირობებული პრობლემების გაზიარება. მეორე მხრივ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ქართველ მეწარმეებს სტაბილურ, კორუფციისგან თავისუფალ და კანონის უზენაესობის პრინციპებზე დამყარებულ გარემოში ეძლევათ ბიზნესის კეთების შესაძლებლობა. ვაჭრობის არასატარიფო ბარიერების აღმოფხვრის მიზნით, DCFTA-ით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის კონტროლის სისტემის დანერგვის შემდეგ, ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე კიდევ უფრო გამარტივდება. ევროკავშირი მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარია, რომელიც 500 მილიონ მომხმარებელს აერთიანებს და რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი 18 ტრილიონ აშშ დოლარს აღემატება.
წყარო: eurocommunicator.ge