ცხინვალის ე.წ. ქვედანაყოფი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შედის

15 მარტი 2017 Shadow

წყარო:reuters.com

სამშაბათს, 14 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად დაამტკიცა წინადადება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესახებ.

ვლადიმერ პუტინის ბრძანება რუსეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა. მან თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა მოლაპარაკებები გამართოს დე ფაქტო მთავრობასთან და შეთანხმების მიღწევისთანავე, ხელი მოაწერონ დოკუმენტს.

მოსკოვს დე ფაქტო კონტროლი უკვე წლებია რაც ე.წ სამხრეთ ოსეთზე აქვს, თუმცა აქამდე, ფორმალურად მაინც ექცეოდა რეგიონს როგორც დამოუკიდებელ ერთეულს და არა როგორც რუსეთის ნაწილს.

შეთანხმების მიხედვით, დე ფაქტო შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაციებში ჩართვისთვის ოფიციალური მოსკოვის ბრძანება იქნება საჭირო, სტრუქტურასა და ამოცანებსაც რუსეთი განსაზღვრავს. ასევე, შეთანხმება საშუალებას აძლევს ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების წევრებს, რომ რუსეთის სამხედრო ბაზაში იმსახურონ, ისევე, როგორც რუსმა ჯარისკაცებმა.

ქართულმა მხარემ უკვე დაგმო ეს ნაბიჯი. სავარაუდოა, რომ მას მხარდაჭერას გამოუცხადებენ დასავლელი პარტნიორებიც და კრემლს ამ ნაბიჯით ოკუპირებული რეგიონის მიერთებაში დაადანაშაულებენ, რადგანაც საერთაშორისო სამართლით, ტერიტორია საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს ეკუთვნის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის - მიხეილ ჯანელიძის განცხადებაში აღნიშნულია,  „ნებისმიერი შეთანხმება რუსეთისა ფედერაციასა და დე ფაქტო ხელმძღვანელებს შორის უკანონოა. ასეთი ნაბიჯები არ არის მიზანმიმართული მშვიდობის დასაცავად და აფერხებს იმ სამშვიდობო პროცესებს, რომელიც კონფლიქტის გადაჭრისთვის არის საჭირო“- განაცხადა მან.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამხედრო შეთანხმების გაფორმებას რუსეთთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავსტრიიდან გამოეხმაურა. ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ეს მორიგი არალეგიტიმური ნაბიჯია, რომელიც რუსიფიკაციისკენ არის მიმრთული.

"ე.წ. შეთანხმების გაფორმება სამხედრო თუ სხვა სფეროებში მოწმობს, რომ, რეალურად, პროცესი, რომელიც იქ მიმდინარეობს - განგრძობითი ოკუპაცია, რუსიფიკაცია ჩვენი რეგიონების დეფაქტო ანექსიისკენ არის მიმართული. ეს მორიგი ასეთი ნაბიჯია. ჩვენ ვგმობთ ამ ნაბიჯს. მას არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმურობა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ამ და 80-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის ე.წ. შეთანხმებებს რუსეთი იყენებს იმისთვის, რომ გააძლიეროს საკუთარი ექსკლუზიური კონტროლი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ რეგიონების ცხოვრების ყველა სფეროზე", - განაცხადა მინისტრმა.