9 აპრილს, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ჩატარდა.
არჩევნებში სამი კანდიდატი- მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი მონაწილეობდნენ. სამივე კანდიდატი რუსეთთან ურთიერთობის გამყარების მომხრეა. “Sputnik-ossetia”-ს ბოლო არსებული ინფორმაციით, გამარჯვებისთვის საჭიროა ხმების 50%, რომელიც ანატოლი ბიბილოვმა გადალახა, მას ამომრჩეველთა 57,9% აქვს. "მე ყოველთვის აღვნიშნავდი და ახლაც ვიტყვი, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნების სურვილია. ეს სურვილი ხალხს 1920-იანი წლების მერე აქვს", - სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა ბიბილოვმა.
რეფერენდუმზე არაღიარებული რესპუბლიკის სახელის შეცვლის საკითხი განიხილებოდა. მონაწილეთა 78,2-მა პროცენტმა სამხრეთ ოსეთისთვის ალანიას დარქმევას დაუჭირა მხარი.
საბოლოო შედეგებს ე.წ ცესკო დე-ფაქტო არჩევნების ჩატარებიდან 5 დღეში წარადგენს.
„უნდა გადავარქვათ ჩვენ სახელმწიფოს სამხრეთ ოსეთი – ალანია, ისევე როგორც არის ჩრდილოეთ ოსეთი – ალანია და ამის შემდეგ, შევუერთდეთ ჩრდილოეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციაში, როგორც სახელმწიფო ალანია. თუმცა, ამ საკითხზე რესპუბლიკაში განსხვავებული მოსაზრებები რჩება და ჩვენ მათ გავითვალისწინებთ“.- ასეთი განცხადება გააკეთა ლეონით თიბილოვმა თებერვალში, როდესაც რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
ამჟამინდელი ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, რეგიონის რუსეთთან მიერთების თაობაზე რეფერენდუმის პერსპექტივებს კრემლთან განიხილავენ.
სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს საქართველო და დასავლური სახელმწიფოები. ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას და არ აღიარებს გამართული ე.წ. არჩევნების შედეგებს.
"ეს არალეგიტიმური არჩევნები და რეფერენდუმი საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე ტარდება. აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ჩვენი პოზიცია მკაფიო და თანმიმდევრულია - ეს რეგიონები საქართველოს შემადგენელი ნაწილებია" - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.