სპორტი და პოლიტიკა

24 ოქტომბერი 2024 Shadow

ავტორები: გიგა ჩალიგავა, ისტორიის დოქტორანტი, მკვლევარი; ფაგან აბასოვი, მკვლევარი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრი

 

XX და XXI საუკუნეების მსოფლიო ისტორიასა და თანამედროვეობას სპორტიდან პოლიტიკაში გადანაცვლებული მრავალი წარმატებული თუ წარუმატებელი მაგალითი ახსოვს. 2018-2024 წლებში ლიბერიის პრეზიდენტის პოსტს ოქროს ბურთის მფლობელი ყოფილი ფეხბურთელი, ჟორჟ ვეა იკავებდა, უგანდის ოდიოზური დიქტატორი, იდი ამინი კი 1950-იან წლებში ქვეყნის ჩემპიონი იყო კრივში. სპორტსმენები პოლიტიკაში მიდიან დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნებშიც, მაგალითისთვის, შეგვიძლია, მოვიყვანოთ არნოლდ შვარცენეგერი, აშშ-ის ყველაზე მდიდარი შტატის, კალიფორნიის გუბერნატორი 2003-2011 წლებში, რომელიც ახალგაზრდობაში ბოდიბილდინგის ყველაზე პრესტიჟულ ტიტულს, “მისტერ ოლიმპიას” 7-ჯერ დაეუფლა, თუმცა მისი კარიერა შემდგომში უფრო წარმატებული კინოში იყო. 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადის მონაწილე მსროლელი, ტარო ასო იაპონიის პრემიერ მინისტრი გახდა, მისივე კაბინეტში მაღალ თანამდებობას იკავებდა სეიკო ჰასიმოტო, პროფესიონალი ველოსპორტსმენი.

 

სპორტსმენების პოლიტიკაში მონაწილეობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშიც გავრცელებული პრაქტიკაა. ფარიკაობის ლეგენდა, ოლგა ხარლანი ორგზის ოლიმპიური და ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონია. იგი 2010 წელს რეგიონების პარტიაში გაწევრიანდა და მიკოლაივის საკრებულოს წევრი გახდა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში ვერ მოხვდა, 2014 წლიდან კი მწვანეთა პარტიას შეუერთდა. იგი გამოირჩევა აქტივიზმითაც, 2023 წელს მან რუს მოწინააღმდეგეს ხელი არ ჩამოართვა, რის შემდეგაც დისკვალიფიკაცია მიიღო, თუმცა შემდეგ ეს გადაწყვეტილება გაუქმდა და უკვე ვეტერანმა სპორტსმენმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. ქალაქ კიევის მერი 2014 წლიდან არის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი მოკრივე, ვიტალი კლიჩკო.

 

მსგავსი მაგალითები მრავლადაა რუსეთშიც. სენატორებსა და დუმის წევრებს შორის არიან ნაცნობი თუ უცნობი სპორტსმენები: ფეხბურთელი ვალერი გაზაევი, მოჭიდავე ალექსანდრ კარელინი, ჰოკეისტი ვლადისლავ ტრეტიაკი და სხვები.

 

თუ კი პირდაპირ პოლიტიკაში ამა თუ იმ სპორტსმენის ჩართვა ვერ ხერხდება, არსებობს ე.წ. “სპორტსვოშინგის” (სპორტით გათეთრება) ხერხიც, რომელსაც ენციკლოპედია ბრიტანიკა განმარტავს როგორც - “სპორტული ღონისძიების გამოყენებას ინდივიდის ან მთავრობის, კორპორაციის ან სხვა ჯგუფის მიერ ინდივიდის ან ჯგუფის რეპუტაციის გასაძლიერებლად ან გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით წინააღმდეგობის ან სკანდალის ფონზე.

 

ამ მხრივ, ვითარება საქართველოში არ განსხვავდება: დამოუკიდებლობის ეპოქაში, განსაკუთრებით მმართველი პარტიები არჩევნებში შედეგის გაუმჯობესებას ყოველთვის ცდილობდნენ პოპულარული სპორტსმენების სიაში ჩასმით ან მათი მაჟორიტარულ ოლქებში განაწილებით.

 

2024 წელი გამორჩეული იყო ქართული სპორტისთვის, რომლის გვირგვინიც ქართული ფეხბურთის იქამდე მიუღწეველი წარმატება - დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე კვალიფიკაცია და იქ ღირსეული თამაში გახდა. ამას დაემატა ყველა დროის ყველაზე წარმატებული გამოსვლა ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე, ხოლო სექტემბერში, ქართული ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე აღებული ინერცია დამაჯერებლად მოგებული თამაშებით გაგრძელდა. ყველა ამ შემთხვევაში მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ - წარმომადგენლები მუდმივად ცდილობდნენ, ექსკლუზიური ადგილები დაეკავებინათ წარმატებული ქართველი სპორტსმენების გვერდით. მაგალითად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნაკრების პირველი დიდი გამარჯვების - ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, გასახდელშიც შევიდა და ფეხბურთელებთან ერთად სცენაზეც გამოვიდა. კობახიძემ პერსონალურად მიულოცა წარმატება ყველა მედალოსან ოლიმპიელს და პარაოლიმპიელს სატელეფონო ზარით და თითქმის ყველა ეს შემთხვევა “იმედზე”, “პოსტივიზე” და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე დასპონსორდა და გაშუქდა.

 

“ქართული ოცნება” გამუდმებით აპელირებს, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს და სპორტსმენები პოლიტიკაში არ უნდა გაერიონ. ამავდროულად კი, პრაქტიკულად ცდილობს, სპორტი პარტიული დღის წესრიგის გაგრძელებად აქციოს, რისთვისაც უდიდეს ფინანსურ თუ დროით რესურსს ხარჯავს წინასაარჩევნო პერიოდში. ამის ნათელი მაგალითია 2024 წლის 10 სექტემბერს წარდგენილი საპარლამენტო სიის პირველი 20-ეული, რომელშიც 1 თვის წინ გაჩემპიონებული ოლიმპიელები, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი ტოპ-10-ეულში, მე-7 და მე-10 ადგილებზე მოხვდნენ. იქვე იყო ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილიც, თუმცა მან ეს ე.წ. “ხალხის ძალის” ეგიდით, წინა პერიოდში “წარმატებული” საქმიანობისა და წინააღმდეგობრივი კანონების აქტიური მხარდაჭერისთვის დაიმსახურა. “ქართული ოცნების” სიაში ვხვდებით წარსულში არანაკლებ წარმატებულ სხვა სპორტსმენებსაც - ლადო ხინჩეგაშვილს, ვარლამ ლიპარტელიანსა და სხვებს.

 

ჩამოყალიბებული შეხედულება, ერთგვარი კლიშე, რომელიც სპორტის აპოლიტიკურობას უკავშირდება, სოციოლოგებმა დიდი ხნის წინ უარყვეს.[1]  შესაბამისად, ითვლება, რომ სპორტი პოლიტიკას უკავშირდება და ამ საკითხის მეცნიერულად შესწავლაც დაიწყო.[2] გიფტი და მინერი მიუთითებენ, რომ რომის კოლოსეუმიდან დაწყებული “ნიუ-იორკ იანკების” სტადიონით დამთავრებული, სპორტი ცენტრალურ როლს თამაშობდა საზოგადოებაში და იგი უდავოდ პოლიტიკურია.[3] ავტორები აქვე აღნიშნავენ, რომ ეკონომიკის, სამართლისა და ბიზნესისგან განსხვავებით, პოლიტიკის მეცნიერები სპორტის ამ განზომილებაში შესწავლას მცირე ყურადღებას უთმობენ. მიუხედავად ამისა, ბოლო ოცი წლის განმავლობაში დაგროვდა ბევრი კვლევა, რომელიც მთავრობების პოლიტიკასა და სპორტთან დაკავშირებულ მიმართებებს შეეხება. მაგალითად, პოლ დერბიმ შეისწავლა სპორტის მმართველი ორგანიზაციების შიდა პოლიტიკა,[4] ჯონათანმა და კრამარევამ გამოიკვლიეს, როგორ ხდება სპორტი ხელისუფლების “რბილი ძალის” გატარების ინსტრუმენტი,[5] ხოლო ალექსანდრა ვლადიმიროვამ და ნატალი კოხმა თავიანთ კვლევებში გვიამბეს, როგორ ხდება სპორტი პროპაგანდისტული იარაღი იმ ტიპის ხელისუფლებებისთვის, რომლებიც ავტორიტარული[6] და ტოტალიტარული[7] მართვის სტილით ხასიათდებიან. სპორტსმენების საარჩევნო კანდიდატებად გამოყენების ხშირი და მიზანმიმართული პრაქტიკა, ძირითადად, განვითარებად ქვეყნებშია გავრცელებული. უმეტეს შემთხვევაში, პოლიტიკაში წასული სპორტსმენები მთავრობის კურსის უსიტყვო მხარდამჭერები ხდებიან.

 

აღნიშნული ბლოგის მიზანია იმის ჩვენება, რა გავლენა მოახდინეს ქართველმა სპორტსმენებმა საპარლამენტო საქმიანობაში ბოლო 20 წლის განმავლობაში, როგორი იყო მათი აქტიურობის ხარისხი და რა პოზიტიური ცვლილებები მოხდა.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დეპუტატების საპარლამენტო საქმიანობაზე დეტალური მონაცემები, ძირითადად, ბოლო სამ მოწვევის შემთხვევაში მოიძებნა.

 

მიკრო კვლევის მეთოდად გამოყენებულია ღია წყაროები: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანგარიშები.

 

 

 

2004-2024 წლებში სპორტსმენები საქართველოს პარლამენტში:

 

2004-2008 წლების  მეექვსე მოწვევის პარლამენტი

 

გიორგი ასანიძე (ძალოსანი) – საარჩევნო ბლოკი: “ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები”.

ასანიძეს დამთავრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდა და სპორტის მიმართულება. 1993-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. 2000 წელს მოიპოვა ვერცხლის მედალი სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე. 2004 წელს კი, ათენის ოლიმპიადაზე ოქროს დაეუფლა. ამავე წელს აირჩიეს პარლამენტში, როგორც კრწანისის N4 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი. პარლამენტში მუშაობდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტში. ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში.[8]

 

ვლადიმერ გუცაევი (ფეხბურთელი) – საარჩევნო ბლოკი: “ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები”.

1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით ბუღალტრული აღრიცხვა მრეწველობაში, ხოლო 1986 წელს ამავე უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. 1971-1986 წლებში იყო “თბილისის დინამოს” თავდამსხმელი.  სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ გუცაევი იყო “დინამოს” გუნდის უფროსი, “ანორთოსისის” უფროსი მწვრთნელი, ვლადიკავკაზის “ალანიის” გენერალური მენეჯერი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი, საფეხბურთო კლუბ “მცხეთის” პრეზიდენტი და “ტორპედოს” მენეჯერი.[9]  მე-6 მოწვევის პარლამენტში მუშაობდა განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის კომიტეტში.[10]

 

გია თორთლაძე (ალპინისტი) – საარჩევნო ბლოკი: “ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები”.

1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულება. თორთლაძეს 1991 წელს მიენიჭა “თოვლის ჯიქის” წოდება და პირველი ქართველი ალპინისტია, რომელმაც მწვერვალების აკონკაგუას (6960მ.), დენალისა (ყოფილი მაკ-კინლი, 6190მ.) და კილიმანჯაროს (5895მ.) დაპყრობა შეძლო. 1996 წლის 26 მაისს კი, ქართულ ჯგუფთან ერთად, დალაშქრა ევერესტი (8848მ.).[11] 2004 წელს “ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატების” პროპორციული სიით მოხვდა საკანონმდებლო ორგანოში. იყო თავდაცვისა და უშიშროების, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი. გარკვეული პერიოდით ამ უკანასკნელის თავმჯდომარის მოადგილეს პოსტსაც იკავებდა.[12]

 

 

 

2008-2012 წლების მეშვიდე მოწვევის პარლამენტი

 

გიორგი ასანიძე (ძალოსანი)საარჩევნო ბლოკი: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის”.

მე-7 მოწვევის პარლამენტში გიორგი ასანიძე მცირე ხნით მუშაობდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, შემდგომში კი იყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი და ირიცხებოდა ფრაქციაში “საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები”.[13]

გია თორთლაძე (ალპინისტი) – საარჩევნო ბლოკის “გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“.

2008 წელს საარჩევნო ბლოკის “გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“ პარტიული სიით მოხვდა მეშვიდე მოწვევის პარლამენტში. სადეპუტატო უფლებამოსილების ფარგლებში იყო თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების წევრი.[14]

 

რომან მარსაგიშვილი (მოჭიდავე)საარჩევნო ბლოკი: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის”. დამთავრებული აქვს ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სპეციალობით - ავტომობილები და საავტომობილო მეურნეობა, ასევე მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლა სამართლის მიმართულებით. მარსაგიშვილმა გაიმარჯვა გერმანიის (1974), პოლონეთისა (1975) და მონღოლეთის (1977) საერთაშორისო ტურნირებში. 1978-2003 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. 2002-2003 წლებში იყო ყაზბეგის რაიონის გამგებელი. 2008 წელს კი გახდა პარლამენტარი მაჟორიტარული სიით, ყაზბეგის ოლქიდან. მუშაობდა “აგრარულ საკითხთა კომიტეტში”, ასევე იყო პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ირიცხებოდა ფრაქცია “ძლიერი საქართველო – ქრისტიან დემოკრატების” რიგებში, შემდგომ კი ფრაქციაში “ძლიერი საქართველო”. 2012 წელს გახდა პარლამენტის ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” წევრი.[15]

ვახტანგ მარტოლეკი (ნიჩბოსანი) – საარჩევნო ბლოკი: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის”.

დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის მიმართულებით. მარტოლეკს მინიჭებული აქვს “საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის” წოდება. 1993-2005 წლებში მარტოლეკი მუშაობდა საგადასახადო ინსპექციაში სხვადასხვა პოზიციაზე. 2005-2006 წლებში იყო მცხეთის გამგებლის მოადგილე და მოვალეობის შემსრულებელი. 2006-2008 წლებში მცხეთის საკრებულოს წევრი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.[16] 2008 წელს გახდა მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი მცხეთის მაჟორიტარული ოლქიდან. პარლამენტში იგი მუშაობდა “თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში” და ერთიანდებოდა ფრაქციაში “საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები”.[17]

 

დილარ ხაბულიანი (ძიუდოისტი) – საარჩევნო ბლოკი: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის”.

1974 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის ფიზიკური კულტურისა  და სპორტის მიმართულება, ხოლო 1983 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. ხაბულიანი სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე და ორგზის მესამე ადგილის მფლობელია. წვრთნიდა სპორტულ გაერთიანება “ქარიშხალას”. 1991-2010 წლებში იყო ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი. იგი იყო “მრგვალი მაგიდა – გაერთიანებული საქართველოს” წევრი და 1991 წელს გახდა უზენაესი საბჭოს წევრი ლენტეხის მაჟორიტარული ოლქიდან.  ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს (1991 წლის 9 აპრილი). 1991-1992 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 1995 წელს გახდა მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრი ლენტეხის საარჩევნო ოლქიდან. 2006-2007 წლებში იყო მთაწმინდა-კრწანისის გამგებელი. 2008 წელს გახდა მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი კრწანისის საარჩევნო ოლქიდან.  ამ მოწვევის პარლამენტში იყო საპროცედურო საკითხთა და წესთა კომიტეტის წევრი, შემდგომში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ერთიანდებოდა ფრაქციაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, იკავებდა თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას.[18]

 

დილარ ხაბულიანი 2020-2024 წლებში კვლავ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებულმა ოპოზიცია - „ძალა ერთობაშია“ სიით მოხვდა მეათე მოწვევის პარლამენტში. იგი ერთ-ერთი “მდუმარე დეპუტატი” იყო:  2020-2023 წლებში, არც ერთხელ გამოუყენებია სიტყვით გამოსვლის უფლება. მის სახელს 2023 წელს მხოლოდ ორი საკანონმდებლო ინიციატივის თანაავტორებს შორის ვხედავთ. 2020-2023 წლებში, ხაბულიანმა პლენარული და კომიტეტის 65 სხდომა გააცდინა. 2022 წელს, გაცდენების გამო “მდუმარე დეპუტატს” დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა. მან ხელფასიდან 21,100 ლარი დაკარგა. ხაბულიანი მეათე მოწვევის პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, აგრარულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების წევრი იყო. [19]

 

 

 

2012-2016 წლების მერვე მოწვევის პარლამენტი

 

კახა კალაძე (ფეხბურთელი) - საარჩევნო ბლოკი: “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება”.

2003 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო. მისი საფეხბურთო კარიერა 1993 წელს დაიწყო და 2012 წლამდე გაგრძელდა. საფეხბურთო კარიერის განმავლობაში თამაშობდა შემდეგ კლუბებში: “დინამო თბილისი”, “დინამო კიევი”, “მილანი”, “ჯენოა”. კალაძე აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში 2011 წელს, “ქართული ოცნების” პოლიტიკურ საბჭოში გაწევრიანებით  გამოჩნდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში იგი საარჩევნო ბლოკი: “ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების” სიის პირველ ნომრად, ასევე ამავე პარტიის სამტრედიის მაჟორიტარად დასახელდა. არჩევნების შედეგად, კახა კალაძე მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს, თუმცა მისი უფლებამოსილების ცნობიდან რამდენიმე დღის  შემდეგ, კალაძემ სადეპუტატო მანდატი დატოვა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გახდა. 2013 წლის ნოემბერში “ქართული ოცნების” მეორე კაბინეტის დამტკიცებასთან ერთად, კალაძე აირჩიეს საქართველოს ვიცე-პრემიერად.

 

კახა კალაძე ასევე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია - “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პროპორციულ სიაში მოწინავე ადგილს (სიის მეორე ნომერი) იკავებდა. მერვე მოწვევის მსგავსად, მეცხრე მოწვევის პარლამენტში კახა კალაძის საქმიანობა სულ რამდენიმე დღე გაგრძელდა. 2016 წლის ნოემბერში ახალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებისთანავე, კახა კალაძე კვლავ ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერის გახდა. 2017 წელს არჩეული იქნა დედაქალაქის მერად.[20]

2024 წლის “ქართული ოცნების” სიაში კახა კალაძე აღარ გვხვდება.

 

ზურაბი ზვიადაური (ძიუდოისტი) - საარჩევნო ბლოკი: “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება”.
დამთავრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია. ზვიადაური 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორია. ზურაბ ზვიადაურის პოლიტიკური კარიერა 2012 წელს დაიწყო. იგი საპარლამენტო არჩევნების შედეგად აირჩიეს ახმეტის მაჟორიტარად “ქართული ოცნებიდან”.  მერვე მოწვევის ფარგლებში, ზ. ზვიადაური იყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი (ერთი თვით იკავებდა თავმჯდომარის პოზიციას], ის ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრის პოზიციას იკავებდა. [21]

ზვიადაურმა ოთხწლიანი საპარლამენტო საქმიანობის პერიოდში “მდუმარე დეპუტატების” სიაში იყო და მხოლოდ ერთხელ გამოიყენა სიტყვით გამოსვლის უფლება. მისი სახელი მხოლოდ ერთი საკანონმდებლო ინიციატივის თანაავტორებს შორის გვხვდება. ოთხი წლის განმავლობაში, არც ერთხელ არ გამოუყენებია სადეპუტატო კითხვის დასმის უფლება. ზვიადაურმა საკანონმდებლო ორგანოში პლენარული და კომიტეტის 51 სხდომა გააცდინა, მათ შორის 11 არასაპატიო მიზეზით. დეპუტატობის უფლებამოსილების ფარგლებში, ჰქონდა ერთი მივლინება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 1,054 ლარი.

 

 

ელდარ კურტანიძე (მოჭიდავე) - საარჩევნო ბლოკი: “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება”.

1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოთის ფილიალი, სპეციალობით ფიზიკური აღზრდა. მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების  2-გზის ბრინჯაოს პრიზიორის ელდარ კურტანიძის პოლიტიკური საქმიანობა 2010 წლიდან დაიწყო. ის ნინო ბურჯანაძის პარტიის, “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიან საქართველო” წევრი გახდა, ხოლო 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის “ქართულ ოცნებას” შეუერთდა. პარტიამ ცნობილი სპორტსმენი ლაგოდეხის მაჟორიტარად დაასახელა, თუმცა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გია გოზალიშვილთან წააგო. იგი “ქართული ოცნების” პროპორციული სიის 35-ე ნომრად დასახელებული თამაზ ავდალიანის ნაცვლად შევიდა საკანონმდებლო ორგანოში. კურტანიძე ასევე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა და აღნიშნულ თანამდებობას 2014 წლის დეკემბრამდე იკავებდა. საპარლამენტო საქმიანობა 2015 წლის თებერვალში დაიწყო და 2016 წლის 11 ნოემბრამდე გაგრძელდა.[22]

 

დეპუტატობის  პერიოდში კურტანიძეს სხდომები არ გაუცდენია. 119-ჯერ გამოიყენა სიტყვის გამოსვლის უფლება, თუმცა არ იყო არცერთი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი. ე. კურტანიძეს არც მივლინებით უსარგებლია. იკავებდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ასევე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრის პოზიციას. [23]

 

 

ზაზა კედელაშვილი  (ძიუდოისტი) - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.

2006 წელს დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სპეციალობით. ორგზის მსოფლიოს, სამგზის ევროპისა და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული 2007 წელს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. ზაზა კედელაშვილი მერვე და მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. იგი 2012 წელს საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“ მიერ დედოფლისწყაროს მაჟორიტარად აირჩიეს, ხოლო 2016 წელს პარლამენტში იგივე პარტიის - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პროპორციული სიით შევიდა. 2012-2016 წლებში იყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ასევე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი. 2016-2020 წლების მეცხრე მოწვევის ფარგლებში კედელაშვილი გარკვეული პერიოდით იკავებდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას. ის ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი იყო.[24]

ცნობილი სპორტსმენი საკმაოდ პასიური საპარლამენტო საქმიანობით გამოირჩეოდა. რვაწლიანი დეპუტატობის განმავლობაში კედელაშვილი საკანონმდებლო ინიციატივით არასოდეს გამოსულა. იგი, ტრადიციულად, პარლამენტის “მდუმარე დეპუტატების” რიგებში იყო, არასოდეს უსარგებლია სიტყვით გამოსვლის უფლებით და პარლამენტის სხდომებს იშვიათად ესწრებოდა. კედელაშვილმა 2012-2016 წლების მერვე მოწვევის პარლამენტის პლენარული და კომიტეტის სხდომები ჯამში 251-ჯერ გააცდინა, მათ შორის 101 შემთხვევაში არასაპატიო მიზეზით.[25]

 

მერვე მოწვევის პარლამენტის მსგავსად,  2016-2020 წლების მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც კედელაშვილი საპარლამენტო ორგანოს პლენარული სხდომებს ხშირად აცდენდა. ზემოხსენებულ პერიოდში მან სხდომები საპატიო მიზეზით 113, ხოლო არასაპატიო მიზეზით 15 შემთხვევაში [ყველაზე მეტი არასაპატიო გაცდენების მქონე დეპუტატებს შორის მეშვიდე] გააცდინა. “მდუმარე დეპუტატი” მივლინებაში ერთხელ იმყოფებოდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1,312 ლარი დაიხარჯა. [26]

 

 

შოთა ხაბარელი (ძიუდოისტი) - საარჩევნო ბლოკი: “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”.

1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი. 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი, შოთა ხაბარელი პოლიტიკურ ველზე 2012 წელს გამოჩნდა და უკვე 12 წელია სარგებლობს დეპუტატის მანდატით.

 

ხაბარელი მერვე მოწვევის პარლამენტში მცირე ხნით იყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წევრი, ასევე იკავებდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეს პოზიციას. მეცხრე მოწვევის პარლამენტში იკავებდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციას. მცირე პერიოდით იყო ასევე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი. მეათე მოწვევის პარლამენტში ზემოხსენებული კომიტეტის წევრის პოზიციას იკავებდა. გარდა ამისა, იყო რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი.[27]

 

შ. ხაბარელი 2016-2020 წლების მეცხრე მოწვევის პარლამენტში “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატად თბილისის #13 მაჟორიტარული ოლქიდან აირჩიეს. იგი მეცხრე მოწვევის პარლამენტში 38-ჯერ გამოვიდა სიტყვით. მერვე მოწვევის პარლამენტისგან განსხვავებით, ხაბარელი 17 საკანონმდებლო ინიციატივის თანაავტორებს შორის იყო, მათ შორის 3 კანონი მიიღეს. მეცხრე მოწვევის განმავლობაში, შოთა ხაბარელი ორჯერ იყო მივლინებაში და ამისთვის ბიუჯეტიდან 11,732 ლარი დაიხარჯა.[28]

 

ცნობილი ძიუდოისტი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრიცაა. იგი “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პროპორციული სიის 59-ე ნომერს იკავებდა. 2021-2022 წლებში მან 17 შემთხვევაში გამოიყენა სიტყვით გამოსვლის უფლება. ხაბარელი 6 საკანონმდებლო ინიციატივის თანაავტორი იყო და მათ შორის ერთი მიიღეს. 2023 წელს, მან პლენარული და კომიტეტის სხდომები 4-ჯერ არასაპატიო მიზეზით გააცდინა. [29]

 

 

თენგიზ ხუბულური (ძიუდოისტი) - საარჩევნო ბლოკი: “ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება”.

1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. ცნობილი ქართველი ძიუდოისტი, 2-გზის, მსოფლიოს, 3-გზის სსრკ-სა და 3 გზის ევროპის ჩემპიონი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, თენგიზ  ხუბულურის აქტიური პოლიტიკური ცხოვრება 2012 წლიდან დაიწყო. იგი საარჩევნო ბლოკი: “ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების” სიის 67 ნომრად დასახელდა.[30] იყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ასევე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი. “მდუმარე დეპუტატი”, 2016 წელს, მმართველი პარტია, “ქართული ოცნების” მიერ მეორედ დასახელდა, ამჯერად მაჟორიტარად - #42 (გორი) საარჩევნო ოლქიდან. იყო აგრარულ საკითხთა, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი. [31]

 

ხუბულური 2012-2016 წლების მეცხრე მოწვევის პარლამენტის “მდუმარე დეპუტატების” სიაში ლიდერობდა. ოთხწლიანი სადეპუტატო მანდატის ფარგლებში, მას არასოდეს უსარგებლია სიტყვით გამოსვლის უფლებით. მან პლენარული და კომიტეტის სხდომები 8-ჯერ გააცდინა (მათ შორის ერთ შემთხვევაში არასაპატიოდ). ხუბულური არასოდეს გამოსულა საკანონმდებლო ინიციატივით.

 

მერვე მოწვევის მდუმარე დეპუტატი, 2016 წელს, მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” მეორედ დაასახელა კანდიდატად, ამჯერად მაჟორიტარად - გორის #42 საარჩევნო ოლქიდან. წინა მოწვევის პარლამენტის მსგავსად, ხუბულური 2016-2020 წლების მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც დუმილს ინარჩუნებდა და ოთხი წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ გამოიყენა სიტყვით გამოსვლის უფლება. მას არც მეცხრე მოწვევის პარლამენტში ჰქონდა საკანონმდებლო ინიციატივა, თუ არ ჩავთვლით საკონსტიტუციო ცვლილებებზე თანაინიციატორობას.  “მდუმარე დეპუტატი” ამ პერიოდში ორჯერ იყო მივლინებაში და ამისთვის ბიუჯეტიდან 5,272  ლარი დაიხარჯა.[32]

 

 

ლერი ხაბელოვი (ძიუდოისტი) - საარჩევნო ბლოგი - „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“.

2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. “ღირსების ორდენის მფლობელი, XXV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალი გზის ჩემპიონი, ლერი ხაბელოვი 2012 წლიდან აქტიურ პოლიტიკაშია. 2012 წელს წარდგენილი იყო საარჩევნო ბლოკის - „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ ქარელის მაჟორიტარად და გაიმარჯვა. მერვე მოწვევის განმავლობაში იკავებდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი - კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას. [33]

 

ხაბელოვმა მერვე მოწვევის პარლამენტში 28 შემთხვევაში გამოიყენა სიტყვით გამოსვლის უფლება. მისი სახელი არ გვხვდება არცერთი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებს/თანაავტორებს შორის. მერვე მოწვევის ფარგლებში, ხაბელოვმა პლენარული სხდომები არასაპატიოდ  11-ჯერ გააცდინა. [34]

 

ხაბელოვი ასევე 2016-2020 წლების მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიით (22-ე ადგილი). მე-9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან, 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, მას საკანონმდებლო ინიციატივა არ წარუდგენია. ხაბელოვმა 18 შემთხვევაში გამოიყენა სიტყვით გამოსვლის უფლება. პლენარული სხდომების არასაპატიო გაცდენების გამო, 2019 წელს მას ხელფასის 10% დაუკავდა. 2016-2020 წლებში, ხაბელოვი ერთხელ იმყოფებოდა  მივლინებაში და ამისთვის ბიუჯეტიდან 1,000 ლარი დაიხარჯა.[35]

 

 

 

2016-2020 მეცხრე მოწვევის პარლამენტი

 

ბიძინა გეგიძე (მორაგბე) - საარჩევნო ბლოკი: “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”.

1980 წელს დაამთავრა ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სპეციალობით - სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა. 1978-1981 წლებში ბიძინა გეგიძე ერთ-ერთი წარმატებული მორაგბე იყო. 1978-1980 წლებში საქართველოს თასის მფლობელი, ხოლო 1981 წელს, საბჭოთა კავშირის რაგბის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

 

სხვადასხვა პერიოდში იკავებდა სახელმწიფო თანამდებობებს. იგი 1991-1992 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს კომერციულ სამმართველოში პროექტის მენეჯერის პოზიციას იკავებდა. 2002-2006 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი.  გეგიძე ასევე იყო სახალხო მოძრაობების - “დაიცავი საქართველო”, “სახალხო პატრული” თანადამფუძნებელი. 2014-2016 წლებში “საქართველოს პოსტის” გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.[36]

 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, აირჩიეს „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ვაკის მაჟორიტარად. გეგიძე მმართველი პარტიის რიგებში 3 წელი დარჩა. იყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი.[37] სადეპუტატო უფლებამოსილების ბოლო პერიოდში დამოუკიდებელ დეპუტატად აგრძელებდა მუშაობას. 2019 წლის 2 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა გეგიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს. გარიცხვამდე იგი მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. მმართველი პარტიის განცხადებით, რიგ საკითხებზე გეგიძესა და უმრავლესობას რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. გეგიძეს თქმით, გარიცხვის შესახებ შეტყობინება მაჟორიტარმა დეპუტატმა WhatsApp-ის მეშვეობით მიიღო.[38]

 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, აირჩიეს „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ვაკის მაჟორიტარად. მან სიტყვით გამოსვლის უფლება 37 შემთხვევაში გამოიყენა. გეგიძე 18 საკანონმდებლო წინადადების თანაინიციატორი იყო, თუმცა არცერთი არ მიიღეს.  გეგიძე ოთხჯერ იყო მივლინებაში, რისთვისაც ბიუჯეტიდან 5,312 ლარი დაიხარჯა. [39]

 

ირაკლი აბუსერიძე (მორაგბე) - საარჩევნო ბლოკი: “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”.

1999 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით - ფინანსები და საბანკო საქმე. ირაკლი აბუსერიძე 1995-1996წწ. საქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე იყო. 2000-2009 წლებში თამაშობდა სხვადასხვა ევროპულ კლუბში და იყო მსოფლიო თასის სამგზის მონაწილე. აბუსერიძე 2000-2013წწ. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მოთამაშე იყო. იგი ასევე 2001, 2007, 2008, 2009, 2011, 2012, 2013 წლების ევროპის ერთა თასის მფლობელია. ცნობილი მორაგბე 2013-2015 წლებში საქართველოს რაგბის კავშირის სპორტული დირექტორის პოსტს იკავებდა. მისი  პოლიტიკური კარიერა 2014 წელს დაიწყო. 2014-2016 წლებში იგი თბილისის საკრებულოს წევრი იყო “ქართული ოცნებიდან”.[40]

 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში აბუსერიძე თბილისის #8 მაჟორიტარული ოლქიდან “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატად იყო დასახელებული.  აბუსერიძე სხვადასხვა პერიოდში იკავებდა  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების წევრის, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი თავმჯდომარის მოადგილის პოსტს. [41]

 

აბუსერიძემ, მეცხრე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში, სიტყვით გამოსვლის უფლება სულ 3 შემთხვევაში გამოიყენა. იგი მინიმუმ 8-დან 11-მდე (ზუსტი ციფრი არ არის დასახელებული) საკანონმდებლო ინიციატივის თანაავტორებს შორის იყო, თუმცა არცერთი არ იყო მიღებული.  მეცხრე მოწვევის პერიოდში ექვსჯერ იმყოფებოდა მივლინებაში, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 42,042 ლარი დაიხარჯა. მის მიერ გაცდენილი სხდომების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.[42]

 

ლევან კობიაშვილი (ფეხბურთელი) - საარჩევნო ბლოკი: “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”.

2001 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომობილებისა და საავტომობილო მეურნეობის საბაკალავრო პროგრამა. მისი აქტიური საფეხბურთო კარიერა 1993 წლიდან დაიწყო. აღნიშნული პერიოდიდან 2014 წლამდე იგი სხვადასხვა ადგილობრივ და უცხოური საფეხბურთო კლუბში ასპარეზობდა. მან 1996-2011წწ. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში რეკორდული, 100 მატჩი ჩაატარა. კობიაშვილი 2015 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. [43]

 

კობიაშვილმა აქტიურ პოლიტიკაში 2016 წლიდან გამოჩნდა. წარდგენილი იქნა  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მიერ #21 მაჟორიტარული ოლქიდან (თბილისი). კობიაშვილი  მეცხრე მოწვევის პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი იყო. 4 წლის განმავლობაში კობიაშვილი სიტყვით 9-ჯერ გამოვიდა. მისი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ ზუსტი ციფრები არ მოიპოვება. კობიაშვილი მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 საკანონმდებლო ინიციატივის თანაავტორებს შორის იყო. 2019 წელს, პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, მას ხელფასის 10% დაუკავდა. კობიაშვილი, როგორც დეპუტატი ორჯერ იყო მივლინებაში, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4,950 ლარი დაიხარჯა.[44]

 

ლევან კობიაშვილი ასევე 2020-2024 წლების მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. აირჩიეს #8 მაჟორიტარული ოლქიდან (თბილისი) “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარად. იკავებდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრის პოსტს.  2022-2023 წლებში (2021 წლის შესახებ ზუსტი ციფრები არ არის ხელმისაწვდომი)  კობიაშვილმა პლენარული სხდომები 19, ხოლო კომიტეტის სხდომები 10 შემთხვევაში გააცდინა. 2022 წელს იყო “მდუმარე დეპუტატების” რიგებში, ხოლო 2023 წელს 3 შემთხვევაში გამოვიდა სიტყვით. 2021-2022 წლებში არ იყო არცერთი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი/თანაავტორი, ხოლო  2023 წელს მის მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.[45]

 

 

გიორგი თოთლაძე (ძიუდოისტი) - საარჩევნო ბლოკი: “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”.

2005 წელს დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. გიორგი თოთლაძე საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი იყო. იგი არის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლების მფლობელი. 2008-2009 წწ. თოთლაძე ქარელის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის პოსტს იკავებდა. 2009-2010 წლები იყო ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. 2011-2012 წლებში პოლიტიკური მოსაზრებების გამო ქვეყნის დატოვება მოუწია. სახელისუფლებო ცვლილებების შემდეგ, თოთლაძე აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდა. 2014-2015 წლები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იყო. 2016 წელს “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარად აირჩიეს #40 მაჟორიტარული ოლქიდან (ქარელი). იყო აგრარულ საკითხთა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების წევრი.[46]

 

თოთლაძე მეცხრე მოწვევის  პარლამენტის “მდუმარე დეპუტატებს” შორის იყო და სიტყვით გამოსვლის უფლება მხოლოდ 2-ჯერ გამოიყენა. იყო მინიმუმ 3, მაქსიმუმ 5 საკანონმდებლო ინიციატივის თანაავტორი,მათ შორის არცერთი არ იყო მიღებული. იგი 4-ჯერ იმყოფებოდა საზღვარგარეთ, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9,740 ლარი დაიხარჯა.[47]

 

 

მუხრან ვახტანგაძე (მოჭიდავე) - საარჩევნო ბლოკი: “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”

მუხრან ვახტანგაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო თასის, სიდნეის XXVII ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლისა და ღირსების ორდენის მფლობელი.

1999 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია, ხოლო 2024 წელს საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 2006-2015 წწ. ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორი, ხოლო 2015-2016წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა. ვახტანგაძე 2016 წელს #70 მაჟორიტარული ოლქიდან (ბათუმი) „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარად დასახელდა და მეორე ტურში გაიმარჯვა. [48]

 

ვახტანგაძე 2016-2020 წლების მეცხრე მოწვევის პარლამენტში ერთ-ერთი “მდუმარე დეპუტატი” იყო და სადეპუტატო უფლებამოსილების პერიოდში არასოდეს უსარგებლია სიტყვით გამოსვლის უფლებით. არცერთი საკანონმდებლო ინიციატივის აქტორებს შორის არ გვხვდება მისი სახელი. 2019 წელს არასაპატიო გაცდენების გამო, ხელფასის 10% დაუკავდა. მდუმარე დეპუტატი ერთხელ იმყოფებოდა მივლინებაში, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2,286 ლარი დაიხარჯა. მეცხრე მოწვევის პარლამენტში სხვადასხვა პერიოდში იყო, როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, ასევე თავმჯდომარე. [49]

 

 

2020-2024 მეათე მოწვევის პარლამენტი

 

დავით კაჭარავა (მორაგბე) - საარჩევნო ბლოკი: “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”.

2006 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა  და სოციალური მეცნიერების ფაკულტეტი. 2006-2020 წლებში იყო საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი. კაჭარავა სხვადასხვა უცხოურ გუნდში ასპარეზობდა. თავისი კარიერის თითქმის ნახევარი (2013-2020 წწ) რუსეთის სარაგბო კლუბის - “ენისეის” შემადგენლობაში გაატარა. იგი ასევე იკავებს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტს. [50]

კაჭარავა აქტიურ პოლიტიკაში 2020 წელს გამოჩნდა. იგი დასახელებული იყო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიის მე-16-ე ნომრად. იკავებდა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას. [51]

2021-2022 წლებში სიტყვით გამოსვლის უფლება 8 შემთხვევაში გამოიყენა. 2021-2023 წლებში 31 საკანონმდებლო ინიციატივის თანაავტორებს შორის იყო. მან 2023 წელს კომიტეტის სხდომები მხოლოდ ერთხელ გააცდინა არასაპატიოდ.[52]

2022 წლის 4 ოქტომბერს, დავით კაჭარავამ მმართველი პარტია დატოვა და “ხალხის ძალას” შეუერთდა, რომელიც სოზარ სუბარის ლიდერობით “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატების მიერ შეიქმნა.  

23 აგვისტოს, კაჭარავა “ქართული ოცნების” მიერ თბილისის ერთ-ერთ დელეგატად დასახელდა.

 

 

მანუჩარ კვირკველია (მოჭიდავე) -  საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"

მანუჩარ კვირკველიამ 2007 წელს დაამთავრა სასწავლო უნივერსიტეტი “ვიტა”, სპეციალობით საფინანსო და საბანკო საქმე. არის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი, 2003 წლის მსოფლიოს, ხოლო 2007 წლის ევროპის ჩემპიონი, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. [53]

 

2020 წელს დასახელდა საარჩევნო ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" მიერ პროპორციული სიის 29-ე ნომრად. არჩევნების შედეგად, ცნობილი მოჭიდავე მეათე მოწვევის პარლამენტში მოხვდა. იყო მეათე მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, ასევე სხვადასხვა პერიოდში იკავებდა ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს. [54]

 

კვირკველია საკმაოდ პასიური საპარლამენტო საქმიანობით გამოირჩეოდა.  2020-2022 წლებში არ გამოუყენებია სიტყვით გამოსვლის უფლება და იყო “მდუმარე დეპუტატების” რიგებში. 2020-2023 წლებში არ ყოფილა არცერთი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი/თანაავტორი. 2021 წელს, გაცდენების გამო “მდუმარე დეპუტატს” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა, შედეგად, ხელფასიდან 20,610 ლარი დაკარგა. კვირკველიამ პლენარული და კომიტეტის სხდომები 2, ხოლო 2023 წელს 21 შემთხვევაში გააცდინა. გაცდენების გამო, დეპუტატს 2023 წელსაც დაუკავდა ხელფასის 10%.

 

 

ვიქტორ სანიკიძე (კალათბურთელი) - საარჩევნო ბლოკი: “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”.

ვიქტორ სანიკიძემ 2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიღნაღის (კახეთის) ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი. მისი, როგორ კალათბურთელის საკლუბო კარიერა 2003 დაიწყო. 2018 წლის ჩათვლით ათამდე უცხოურ და ადგილობრივ კლუბში თამაშობდა. 2004 წელს იყო ფიფა-ს თასის ფინალისტი, 2004 და 2006 წლებში საფრანგეთის თასის მფლობელი. 2019 წელს საკალათბურთო კლუბის - “არისი” დირექტორი გახდა.[55]

 

სანიკიძის პოლიტიკური კარიერა 2020 წელს დაიწყო. ის “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პროპორციული სიის მე-13-ე ნომრად იყო დასახელებული. სხვადასხვა პერიოდში იკავებდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების წევრის პოსტს.[56]

2020-2022 წლებში სანიკიძემ სიტყვით გამოსვლის უფლება 6 შემთხვევაში გამოიყენა.  2022-2023 წლებში არ იყო არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ან თანაავტორი. 2023 წელს პლენარული და კომიტეტის სხდომები არასაპატიოდ 9 შემთხვევაში გააცდინა.

 

 

მიხეილ ყაველაშვილი (ფეხბურთელი) -  საარჩევნო ბლოკი: “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”.

მიხეილ ყაველაშვილის უმაღლესი განათლების შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი პარლამენტს ოფიციალურ ვებგვერდზე.[57]

ყაველაშვილის პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 1988 წლიდან დაიწყო. თამაშობდა როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ საფეხბურთო კლუბებში. 2006 წელს მოიპოვა შვეიცარიის სამწვრთნელო განათლების C კატეგორიის, ხოლო  2016 წელს უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია. ცნობილი ფეხბურთელი აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში 2016 წელს გამოჩნდა. იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკიდან “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს”, არჩეული მაჟორიტარი #18 მაჟორიტარული (თბილისი) ოლქიდან. ყაველაშვილი 2016-2020 წლების მეცხრე მოწვევის პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.[58]

 

სადეპუტატო უფლებამოსილების ფარგლებში მან 26 შემთხვევაში გამოიყენა სიტყვით გამოსვლის უფლება. მის მიერ ინიციირებულ და მიღებულ საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ ზუსტი ციფრი არ მოიპოვება. ყაველაშვილი 8-ჯერ იმყოფებოდა მივლინებაში, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30,244 ლარი დაიხარჯა.[59]

 

მეცხრე მოწვევის პარლამენტის მსგავსად, მიხეილ ყაველაშვილი გახდა მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი მმართველი პარტიიდან, არჩეული იქნა #7 მაჟორიტარული ოლქიდან. 2020-2022 წლებში ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლის უფლება 33 შემთხვევაში გამოიყენა. 2023 წელს ყაველაშვილმა კომიტეტის სხდომები არასაპატიოდ ერთხელ გააცდინა. 2020-2023 წლებში ის 6 საკანონმდებლო ინიციატივის თანაავტორებს შორის იყო, მათ შორის 3 პარლამენტმა მიიღო.[60]

 

 

 

დასკვნა და ძირითადი მიგნებები

 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მუდმივად ხდებოდა სპორტისა და პოლიტიკის ერთმანეთთან დაკავშირება. ცნობილი სპორტსმენები თითქმის ყოველთვის იყვნენ წარმოდგენილნი როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების სიებში.

 

2012-2016 წლების საქართველოს პარლამენტის მერვე, 2016-2020 წლების მეცხრე და 2020-2024 წლების მეათე მოწვევის წევრი, ყოფილი სპორტსმენების საპარლამენტო აქტივიზმის ანალიზი გვიჩვენებს, რომ მათი დიდი უმრავლესობა არ გამოირჩეოდა წარმატებული საპარლამენტო საქმიანობით. ხშირ შემთხვევაში ისინი “მდუმარე დეპუტატების” რიგებში იყვნენ,  რომლებსაც არ უსარგებლიათ სიტყვით გამოსვლის უფლებით და საკანონმდებლო ინიციატივით. მათი საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად აცდენდა პლენარულ და კომიტეტის სხდომებს, შედეგად კი, კარგავდნენ ხელფასის გარკვეულ ნაწილს.

 

საინტერესო ტენდენციას აჩვენებს მივლინებების ანალიზი. “მდუმარე დეპუტატი” სპორტსმენების დიდი ნაწილი არ გამოირჩეოდა საგარეო აქტივობებით და ზოგი მათგანი საერთოდ არ ყოფილა, ან მხოლოდ 1-2-ჯერ თუ იყო მივლინებაში. აღსანიშნია შოთა ხაბარელის შემთხვევა - იგი სულ ორჯერ იყო მივლინებაში, თუმცა თითო მივლინებაში საშუალოდ 6,000-მდე ლარი დახარჯა, როცა იმავე პერიოდში, 2016-2020 წლებში მივლინების საშუალო ხარჯი სხვების შემთხვევაში 1000-1500 ლარს შორის მერყეობდა. “ქართული ოცნების” წევრის, მორაგბე ირაკლი აბუსერიძის 6 მივლინება კი სახელმწიფო ბიუჯეტს 42,042 ლარი, თითო მივლინებაში საშუალოდ 7,000 ლარი დაუჯდა.

 

“ქართული ოცნების” სამ დეპუტატს, ლევან კობიაშვილს, მუხრან ვახტანგაძეს და ლერი ხაბელოვს არასაპატიო გაცდენების გამო წლიური ხელფასის 10% დაუკავდათ, ანალოგიური სანქცია გამოიყენეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, მანუჩარ კვირკველიას მიმართაც 2023 წელს. გარდა ამისა, კვირკველიამ 2021 წელს ხელფასიდან ჯამში 20,610 ლარი დაკარგა. თუმცა გაცდენების რეკორდსმენი ძიუდოისტი ზაზა კედელაშვილი  - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“ - პარტიიდან იყო, რომელმაც 2016-2020 წლების, მეცხრე მოწვევის პარლამენტში საპატიო მიზეზით 113, ხოლო, ხოლო არასაპატიო მიზეზით 15 სხდომა გააცდინა.

 

საინტერესოა ყოფილი სპორტსმენი პოლიტიკოსების განათლების საკითხიც. მიხეილ ყაველაშვილი ერთადერთია მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებს შორის, რომლის განათლების შესახებ ინფორმაცია არც ღია წყაროებით და არც საჯარო ინფორმაციაზე პასუხით არ იძებნება. “ქართული ოცნების” წევრებს შორის, კახა კალაძემ, დავით კაჭარავამ და ვიქტორ სანიკიძემ უნივერსიტეტებში აქტიური კარიერის დროს ისწავლეს და დაამთავრეს. კალაძემ ეს მოახერხა კარიერის პიკში, 2003 წელს, მაშინ როცა მაისში ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოიგო “მილანთან” ერთად. მანუჩარ კვირკველიას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს 2007 წელს დამთავრებული აქვს სასწავლო უნივერსიტეტი “ვიტა”, რომელსაც 2013 წელს ავტორიზაციაზე უარი ეთქვა, ხოლო მისი ვებგვერდი -  http://www.vita.edu.ge/ აღარ იძებნება. ორი მოწვევის პარლამენტარს ამავე პარტიიდან, ძიუდოისტ ზაზა კედელაშვილს კი დამთავრებული აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სპეციალობით.

 

 

 

 

-

[1]Meier, H. E., Gerke, M., Müller, S., & Mutz, M. (2024). The public legitimacy of elite athletes’ political activism: German survey evidence. International Political Science Review, 45(4), 472-489. იხ. ბმული

[2] Gift Thomas, Miner Andrew (2017) ‘Dropping the Ball’: The understudied nexus of sports and politics. World Affairs 180(1): 127–161.

[3] იქვე. გვ. 128.

[4] Darby Paul (2005) Africa and the ‘World’ Cup: FIFA politics, Eurocentrism and resistance. International Journal of the History of Sport 22(5): 883–905. (Cited in Meier, Gerke, Muller & Mutz, 2024)

[5] Grix Jonathan, Kramareva Nina (2017) The Sochi Winter Olympics and Russia’s Unique Soft Power Strategy. Sport in Society 20: 461–475. (Cited in Meier. 2024)

[6] Natalie Koch (2013) Sport and Soft Authoritarian Nation-Building.  Political Geography. Volume 32, January 2013, Pages 42-51

[7] Alexandra Vladimirova (2020) Sports As A Part Of State Propaganda System In Russia. Reuters Institute Fellowship Paper. University of Oxford.

[8] ბიოგრაფიული ლექსიკონი: გიორგი ასანიძე. იხ. ბმული

[9] ბიოგრაფიული ლექსიკონი: ვლადიმერ გუცაევი. იხ. ბმული

[10] https://www.parliament.ge/parliament-members/4897/activity

[11] ბიოგრაფიული ლექსიკონი: გია თორთლაძე. იხ. ბმული

[12] https://www.parliament.ge/parliament-members/4586/activity

[13] https://www.parliament.ge/parliament-members/4509/activity

[14] https://www.parliament.ge/parliament-members/4586/activity

[15] ბიოგრაფიული ლექსიკონი: რომან მარსაგიშვილი. იხ. ბმული

[16] ბიოგრაფიული ლექსიონი: ვახტანგ მარტოლეკი. იხ. ბმული

[17] https://www.parliament.ge/parliament-members/4550/activity

[18] ბიოგრაფიული ლექსიკონი: დილარ ხაბულიანი. იხ. ბმული

[19]  https://www.parliament.ge/parliament-members/4581/activity

[20] http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00002638/

[21] https://www.parliament.ge/parliament-members/2208/activity

[22] ბიოგრაფიული ლექსიკონი: ელდარ კურტანიძე. იხ. ბმული

[23] საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიში. 2016. მე-8 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასება. თბილისი. გვ. 107

[24] https://www.parliament.ge/parliament-members/2226/activity

[25] საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიში. 2016. მე-8 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასება. თბილისი. გვ. 129.

[26] საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიში. 2021.  მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასება. თბილისი. გვ. 37-47.

[27] https://www.parliament.ge/parliament-members/2025/activity

[28] საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიში. 2021. მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასება. თბილისი. გვ. 37-47

[29] საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშები. საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შეფასება.  2021, 2022, 2023.

[30] ბიოგრაფიული ლექსიკონი: თენგიზ ხუბულური. იხ. ბმული

[31] https://www.parliament.ge/parliament-members/2369/activity

[32] საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიში. 2021. მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასება. თბილისი. გვ. 37-47.

[33] https://www.parliament.ge/parliament-members/2048/activity

[34] საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიში. 2016. მე-8 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასება. თბილისი. გვ 138-139

[35] საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიში. 2021. მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასება. თბილისი. გვ. 37-47

[36] ბიოგრაფიული ლექსიკონი: ბიძინა გეგიძე. იხ. ბმული

[37] https://www.parliament.ge/parliament-members/5652/activity

[38] https://tabula.ge/ge/news/630218-gegidze-otsnebidan-garitskhvis-shesakheb

[39] საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიში. 2021. მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასება. თბილისი. 37-47

[40] ბიოგრაფიული ლექსიკონი: ირაკლი აბუსერიძე. იხ. ბმული

[41]  https://www.parliament.ge/parliament-members/5657/activity

[42] საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიში. 2021.  მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასება. თბილისი. 37-47.

[43] ბიოგრაფიული ლექსიკონი: ლევან კობიაშვილი. იხ. ბმული

[44] საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიში. 2021. მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასება. თბილისი. 37-47.

[45] საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშები. საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შეფასება.  2021, 2022, 2023.

[46] ბიოგრაფიული ლექსიკონი: გიორგი თოთლაძე. იხ. ბმული  

[47] საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიში. 2021. მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასება.  თბილისი. 37-47.

[48] ბიოგრაფიული ლექსიკონი: მუხრან ვახტანგაძე. იხ. ბმული  

[49] საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიში. 2021. მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასება. თბილისი. 37-47.

[50] ბიოგრაფიული ლექსიკონი: დავით კაჭარავა. იხ. ბმული  

[51] https://www.parliament.ge/parliament-members/7111/activity

[52] საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშები. საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შეფასება.  2021, 2022, 2023.

[53] ბიოგრაფიული ლექსიკონი: მანუჩარ კვირკველია. იხ. ბმული  

[54] https://www.parliament.ge/parliament-members/7086/biography

[55] ბიოგრაფიული ლექსიკონი: ვიქტორ სანიკიძე. იხ. ბმული  

[56] https://www.parliament.ge/parliament-members/7108/activity

[57] https://www.parliament.ge/parliament-members/5663/activity

[58] ბიოგრაფიული ლექსიკონი: მიხეილ ყაველაშვილი. იხ. ბმული  

[59] საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიში. თბილისი. მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასება. თბილისი. 37-47.

[60] საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშები. საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შეფასება.  2021, 2022, 2023.

 

 

გამოყენებული წყაროები:

 

https://mtavari.tv/news/15495-vin-arian-kartveli-sportsmenebi-did-politikashi

https://liberali.ge/news/view/25624/sportsmenebi-akhali-motsvevis-parlamentshi

https://sportall.ge/fekhburthi/fekhburthii/skhvadaskhva/113591-sportidan-politikashi-qarthveli-sportsmenebi-romlebic-politikashi-tsavidnen-photo.html

https://ka.wikipedia.org/wiki/ლევან_თედიაშვილი

https://www.ambebi.ge/article/152455-xelovani-deputatebi-ra-migcevebi-hkondat-kulturisa-da-sportis-mogvaceebs-sxvadasxva-mocvevis-parlamentshi/

https://www.alia.ge/ra-kvali-datoves-gadeput/

https://thediary.ge/articles/sazogadoeba/sportidan-politikamde-erti-nabijia

https://www.parliament.ge

https://publika.ge/article/sportisa-da-politikis-gadakveta-saqartvelosa-da-msoflioshi/

https://gnomonwise.org/public/storage/publications/October2022/9TlMKnSKaUXqNCEE6Bm7.pdf

https://www.jhunewsletter.com/article/2024/04/the-rise-of-athletes-as-political-figures~

https://www.tandfonline.com/doi/full/10.1080/00344893.2024.2373162#abstract

https://onlinelibrary.wiley.com/doi/full/10.1111/1758-5899.13164

https://journals.sagepub.com/doi/full/10.1177/01925121231186973

https://www.transparency.ge/blog/sakartvelos-me-8-motsvevis-parlamentshi-sportsmeni-da-khelovani-deputatebis-aktivoba

https://www.bpn.ge/article/108119-ti-mdumare-deputatebi-2022-cels-18-deputats-plenarul-sxdomaze-xma-ar-amougia/

https://on.ge/story/31970-35-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA-2018-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%99%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1

https://transparency.ge/ge/post/sakartvelos-parlamentis-2019-clis-sakmianobis-shepaseba

https://www.sciencedirect.com/science/article/abs/pii/S0962629812001552#preview-section-cited-by

https://docs.google.com/viewerng/viewer?url=https://www.transparency.ge/sites/default/files/geo-web_0.pdf