ისტორიულ პირთა ბიოგრაფიები ხშირად გადატვირთულია მითებითა და საკამათო საკითხებით. მე-20 საუკუნის ერთ-ერთი მწვავედ განხილვადი ლიდერის, იოსებ სტალინის შესახებ საკამათო და წინააღმდეგობრივი განცხადებების ჩამოთვლა ადვილი საქმე არ არის. მისი დაბადების თარიღიც კი ცალკე ისტორიული კვლევის საგანია.
სტალინის სიცოცხლეში მისი ოფიციალური ბიოგრაფია ლაკონიური წინადადებით იწყებოდა:
„სტალინი (ჯუღაშვილი), იოსებ ბესარიონის ძე, დაიბადა 1879 წლის 21 დეკემბერს ტფილისის გუბერნიის ქალაქ გორში.“[1]
სტალინის დროს გამოცემულ ყველა ოფიციალურ ტექსტში (ბიოგრაფიები, ენციკლოპედიური სტატიები და ა.შ.) მითითებულია ეს თარიღი. მაგალითად, 1929 წლის გაზეთ „პრავდაში” შეგიძლიათ იპოვოთ მისალოცი მასალა ლიდერის დაბადების დღესთან დაკავშირებით, როდესაც სტალინი ზუსტად 50 წლის უნდა ყოფილიყო:
შემდგომი იუბილეები, განსაკუთრებით 1949 წლის, აღნიშნეს არა მხოლოდ გაზეთებში პუბლიკაციებით, არამედ ბრწყინვალე დღესასწაულებითაც:
დიდი თეატრის დარბაზის გაფორმება იოსებ სტალინის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით. 1949 წლის 21 დეკემბერი
1949 წლის 21 დეკემბერს, საზეიმო შეხვედრა დიდ თეატრში, სტალინის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით. პრეზიდიუმის პირველ რიგში ლაზარ კაგანოვიჩი, მაო ძედუნი, იოსებ სტალინი, ნიკიტა ხრუშჩოვი, დოლორეს იბარური (მარცხნიდან მარჯვნივ)
1980-იან წლებში, "პერესტროიკის" დროის საბჭოთა პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ სტალინს სინამდვილეში დაბადების თარიღი თავად ჰქონდა შეცვლილი.
რევოლუციამდე, დაბადების რეგისტრაციის ფუნქცია რელიგიურ ორგანიზაციებს ჰქონდათ დაკისრებული. ინფორმაცია მართლმადიდებელი ქრისტიანების დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების შესახებ აღირიცხებოდა ამა თუ იმ ეკლესიის მეტრიკულ წიგნებში - ეს მოსახერხებელი იყო, რადგან ეკლესია ადამიანებს ნათლავდა, ჯვარს სწერდა და კრძალავდა.
ი. ჯუღაშვილის დაბადების მოწმობის ჩანაწერი
მკვლევრებმა მალევე მიმართეს გორის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მეტრიკული წიგნის ჩანაწერს იმის თაობაზე, რომ ბესარიონ ივანის ძე ჯუღაშვილისა და მისი მეუღლის ეკატერინას ოჯახში დაიბადა ვაჟი - იოსები, 1878 წლის 6 დეკემბერს (რეფორმამდელი კალენდრით - 18 დეკემბერი) და მოინათლა 17 დეკემბერს.
1878 წლის 6 დეკემბერი - ასე წერია 1894 წელს გაცემულ ჯუღაშვილის გორის სასულიერო სასწავლებლის სრული კურსის დამთავრების მოწმობაში და 1911 წლის პეტერბურგის ჟანდარმერიის სამმართველოს ცნობაში, რომელიც შეიცავს ინფორმაციას „პოლიტიკურ არასანდოობაში ეჭვმიტანილი“ იოსებ ჯუღაშვილის შესახებ.
ეჭვგარეშეა, რომ 6 (18) დეკემბერი სტალინის დაბადების რეალური თარიღია.
ფრაგმენტი ჟურნალის „Известия ЦК КПСС "პუბლიკაციიდან
დაბადების წელი - 1878 სტალინმა პირადად მიუთითა შვედურ სოციალ-დემოკრატიულ გაზეთთან Folkets Dagblad Politiken-თან მიცემულ ინტერვიუში 1920 წელს. ამის შემდეგაც, 1920-იან წლების დოკუმენტებში, დაბადების წლად მითითებული იყო 1878 ან 1879.
რატომ მოხდა ეს ცვლილება? ბრიტანელი ისტორიკოსი საიმონ სებაგ-მონტეფიორე ვარაუდობს, რომ ახალგაზრდა ჯუღაშვილს სურდა თავიდან აეცილებინა ჯარში გაწვევა და ამიტომ, მე-19, მე-20 საუკუნეების მიჯნაზე, მან შეასწორა დაბადების წელი - ეს ვერსია ფართოდ გავრცელდა პოპულარულ ლიტერატურაში. მაგრამ იოსებ ჯუღაშვილი ჯარში არ გაუწვევიათ ე.წ. „პირველი კატეგორიის პრივილეგიის" საფუძველზე - ანუ, როგორც ოჯახში ერთადერთი მარჩენალი (ამ დროისთვის მამამ მიატოვა ოჯახი, იოსებს კი ძმა არ ჰყავდა). ამიტომ სტალინს, წლის შეცვლით პრაქტიკული სარგებელი ვერ ექნებოდა დაბადების ჯარისგან თავის არიდების მხრივ. მეტიც, ეს ცვლილება რევოლუციამდეც კი არ მომხდარა, არამედ 1920-იან წლებში.
„ყაზახეთის პრავდა“, 1939 წლის 21 დეკემბერი
პრაქტიკული ახსნის არარსებობის გამო, გაჩნდა „ფსიქოლოგიური“ განმარტებაც - ჟურნალისტი და ისტორიკოსი ნიკოლაი კაპჩენკო, წიგნის, „სტალინის პოლიტიკური ბიოგრაფია“ ავტორი, წერდა: „სრულწლოვანებამდე და სიბერეში ადამიანები თავიანთ ასაკზე ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ყოველ შემთხვევაში, იმაზე ახალგაზრდად ითვლებიან, ვიდრე სინამდვილეში არიან...“
თუმცა საეჭვოა, რომ 50 წლის ზღურბლზე მყოფი ადამიანისთვის ერთ წელს რაიმე მნიშვნელობა ჰქონოდა.
არსებობს უფრო „ეგზოტიკური” ვერსიებიც. სტალინის შვილიშვილმა, რეჟისორმა ალექსანდრე ბურდონსკიმ ერთხელ ინტერვიუში თქვა, რომ მის ცნობილ ბაბუას უყვარდა გიორგი გურჯიევის მისტიკური სწავლებები, „და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანმა უნდა დამალოს თავისი ნამდვილი წარმომავლობა და თავისი დაბადების თარიღი დაფაროს საიდუმლო საბურველით."
თუმცა, შესაძლებელია ყველაზე გონივრული და ამავდროულად უმარტივესი ახსნაც მოიძებნოს: სტალინს უბრალოდ არ აინტერესებდა საკუთარი დაბადების თარიღი. სავსებით შესაძლებელია, რომ მიწისქვეშა რევოლუციონერისთვის, რომელმაც საკუთარი გვარის ნაცვლად ფსევდონიმთან ასოცირება დაიწყო, რომელიმე ბიუროკრატის სავარაუდო შეცდომის საფუძველზე დაბადების თარიღის შეცვლას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ხოლო როცა 1920-იანი წლების ოფიციალურ საბჭოთა პუბლიკაციებში დაფიქსირდა, უკვე გვიანი იყო და შეცვლის საჭიროებაც არ არსებობდა.
ნაკლებ სავარაუდოა, ზემოხსენებული ვერსიებიდან რომელიმე დამტკიცდეს, ან რომელიმეს უარყოფა მოხერხდეს. მიუხედავად ამისა, ისტორიამ შემოინახა სტალინის დაბადების ორივე თარიღი: თანამედროვე სამეცნიერო პუბლიკაციები და ენციკლოპედიები აფიქსირებენ რეალურ თარიღს - 1878 წლის 6 (18) დეკემბერს, ხოლო იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის თაყვანისმცემლები, რომლებიც მისდევენ საბჭოურ ტრადიციას, ბელადის დაბადების დღეს 21 დეკემბერს აღნიშნავენ და კრემლის კედლის მახლობლად, საფლავზე ორი მიხაკი მიაქვთ.
[1] იოსებ ბესარიონის ძე სტალინი. მოკლე ბიოგრაფია. 2‑е изд. Л.: Лениздат, 1947.
წყარო: vatnikstan.ru