მართალია თუ არა, რომ სტალინი ქართული აქცენტით საუბრობდა?

9 ივნისი 2021 Shadow

სავარაუდოდ, თქვენ დანამდვილებით გგონიათ, რომ იოსებ სტალინი რუსულად ძლიერი ქართული აქცენტით საუბრობდა - მას ასე ხშირად წარმოაჩენდნენ ფილმებში, მრავალრიცხოვან ჩანაწერებშიც ისმის ქართული ინტონაციები, მაგრამ სინამდვილეში, ცხოვრებაში იგი სხვაგვარად საუბრობდა.

თანამედროვე რუსების უმეტესობას არასოდეს უხილავს ცოცხალი სტალინი, დიდი ალბათობით არ უნახავთ არც მისი გამოსვლების ვიდეოჩანაწერები. ამიტომაც, როდესაც Youtube-ზე აქვეყნებენ ბელადის ჩანაწერებს, ბევრი წერს კომენტარებში: „პირველად მესმის მისი ხმა“ და კადრებში სტალინის ქცევასაც კი იკვირვებენ - მის ღიმილს, ხუმრობას და რიგითი ადამიანების აპლოდისმენტებს, რომლებიც ბედნიერებას ასხივებენ მასთან შეხვედრისას. ეს არაა გასაკვირი. კადრები, რომლებშიც სტალინი წარმოჩენილია „დადებით" და ქარიზმატულ პიროვნებად, წლების მანძილზე არქივებში იყო დაცული და დღის სინათლე მხოლოდ მცირე ხნის წინ იხილეს.

1956 წლის კომპარტიის XX-ე ყრილობაზე ახალმა გენერალურმა მდივანმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა გააკეთა მოხსენება სტალინის დანაშაულებრივ ქმედებებზე, რითაც საფუძველი ჩაუყარა მისი პიროვნების კულტის გმობას. სტალინის ცხედარი გამოასვენეს მავზოლეუმიდან და კრემლის კედელთან დაკრძალეს, მთელი საბჭოეთის მასშტაბით ჩამოიღეს ბელადის ძეგლები, შეწყდა სტალინის ჩანაწერების ტრანსლირება ტელევიზიით.

ხრუშჩოვი  აღნიშნავდა, რომ სტალინის კულტის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კინემატოგრაფმა და, მთავრობის გადაწყვეტილებით, მომდევნო რამდენიმე წელიწადი სტალინური პროპაგანდისტული ფილმები ამოიღეს კინოჩვენებიდან, ახალ ფილმებს კი არ იღებდნენ. რიგ შემთხვევებში ბელადი კადრებიდანაც კი გააქრეს.

თანამედროვე პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეები მიჩვეულები არიან სტალინის სახის აღქმას გვიანი საბჭოთა და თანამედროვე მრავალრიცხოვანი ფილმებისა და იუმორესკების მიხედვით. მათში „ხალხთა ბელადი“ წარმოჩინდება ჰიპერტროფირებული სახით, განუყრელი ატრიბუტებით -  სამხედრო ფორმაში, საფირმო ქუდით (ე.წ. ფურაჟკით), ჩიბუხით და საუბრობს მკაფიოდ გამოხატული ქართული აქცენტით - თანაც საკმაოდ შიშისმომგვრელად.

თუმცა, რამდენად რელევანტურია ეს ხატი და შეესაბამება კი რეალობას? რამდენად ძლიერი იყო სტალინის ქართული აქცენტი? ისინი, ვისაც პირადად აქვთ მოსმენილი ბელადის საუბარი, გაკვირვებულნი იყვნენ თუ რამდენად განსხვავდებოდა მისი ხმა ჩანაწერში და ვერ ცნობდნენ მას. პოლიტბიუროს ყოფილ არქივში დაცულია სტალინის ნათესავის, მარია სვანიძის დღიური. მისი მეუღლე სტალინის პირველი ცოლის ძმა იყო და მათ ოჯახებს მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდა. ძირითადად მარია სტალინის მოხსენებებს პირადად ესწრებოდა, მაგრამ ერთხელ, 1936 წელს მისი ხმა რადიოში მოისმინა და ძალიან გაკვირვებული დარჩა: „რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, მე ვერ ვცნობდი მის ხმას - მიკროფონში  ხმის ტემბრი სხვა იყო, აქცენტი კი 100%-ით უფრო ძლიერი და მკაფიოდ გამოხატული, ვიდრე ცხოვრებაში. იგი ძალიან სუფთად საუბრობდა რუსულად და რუსული ენის გამომხატველ ხერხებსაც ოსტატურად იყენებდა.“ 

 

სტალინი  - გარუსებული ქართველი

სტალინი 8 წლამდე არ ფლობდა რუსულს, მაგრამ დედამისს სურდა მართლმადიდებლურ სემინარიაში მიებარებინა და ადგილობრივი მღვდლის შვილებს სთხოვა, იოსებისათვის რუსული ესწავლებინათ. საბოლოოდ, სადღაც ორ წელიწადში, იგი დაეუფლა რუსულს და სემინარიის მეორე კურსზე ჩაირიცხა.

ახალგაზრდა სტალინი

 

თბილისში მრავლად იყვნენ თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები და რევოლუციონერები, რომლებიც მოსკოვიდან და პეტერბურგიდან საცხოვრებლად იყვნენ გადმოსული. მომავალი ბელადი მათ აქტიურად ეკონტაქტებოდა და გატაცებული იყო მარქსიზმით, მოგვიანებით კი - აგიტაციით და პროპაგანდით რუსეთის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე.

იგი ძირითადად რუსულად საუბრობდა და სწორედ ამ დროს აიღო ფსევდონიმი რუსული გვარის სტილში - სტალინი. სტალინის ქალიშვილი, სვეტლანა ალილუევა თავის მემუარებში „ოცი წერილი მეგობარს“ წერდა, რომ 6 წლამდე მან არც კი იცოდა, რომ მამა ქართველია. ოჯახში საუბრობდნენ რუსულად და მხოლოდ უფროსმა ძმამ გაუმხილა, რომ „მამა ადრე ქართველი იყო“. ის, თუ რას ნიშნავდა ეს, სვეტლანამ კარგად არც კი იცოდა. მოგვიანებით, იგი იხსენებდა, რომ ქართული საერთოდ არ ესმოდა ოჯახში - "მამა მთლად გარუსდა“. გარდა ამისა, ნაციონალური საკითხი ხალხს ნაკლებად აინტერესებდა, სტალინს კი აღიზიანებდა კავშირი ფესვებთან. „მამა უზომოდ ბრაზობდა, როდესაც ჩამოდიოდნენ ამხანაგები საქართველოდან და - ამის გარეშე ხომ ქართველებს არ შეუძლიათ!-  ჩამოჰქონდათ უხვად საჩუქრები/ძღვენი: ღვინო, ყურძენი, ხილი“ - იხსენებს ალილუევა.

 

პრობლემები ხმასთან თუ ჩანაწერთან?

ამასთან ერთად, სვეტლანა წერდა, რომ სტალინს უყვარდა ქართული სიმღერები ისევე, როგორც რუსული და უკრაინული და სიამოვნებით მღეროდა მეგობრებთან ერთად: „მას შესანიშნავი სმენა და მაღალი, სუფთა ხმა ჰქონდა (საუბრისას კი პირიქით, ხმა დაბალი და ყრუ უხდებოდა)“

ბელადის დაბალ, მოგუდულ ხმის ტემბრზე საუბრობენ მისი სოჭის აგარაკის ზედამხედველებიც. სტალინის კაბინეტში შექმნილი იყო სპეციალური აკუსტიკა, რომ სტუმრებს შესძლებოდათ მისი ხმის გარჩევა, ვინაიდან იგი თითქოს „ცხვირში“ საუბრობდა.

ამასთანავე, მარია სვანიძე ხაზს უსვამდა სტალინის მოხსენებების ჩანაწერის ძალიან ცუდ ხარისხს, თითქოს იგი ხმაურიან ოთახში საუბრობდა რაც სიტყვების გარჩევას ძალიან ართულებდა და აფერხებდა. როგორც თავის დღიურში აღნიშნავდა, მარია ამაში „კავშირგაბმულობის მუშაკების მავნებლობასაც კი ხედავდა". გამოდის, რომ ბელადის ძლივს გასაგები ხმა მსუბუქი აქცენტით, ძველი მიკროფონებისა და ჩამწერი მოწყობილობების გამო, ჩანაწერში კიდევ უფრო უარესდებოდა.

ასევე, სტალინის მეტყველებაზე მოქმედებდა ადგილი და ვითარებები. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ბელადის საკმაოდ თავისუფალი და ხუმრობანარევი გამოსვლა მეტროპოლიტენის გახსნაზე. აქცენტი პრაქტიკულად შეუმჩნეველია, მხოლოდ ცალკეულ სიტყვებსა და ასოთშეთანხმებებში გამოსჭვივის.

ეს კი 1941 წლის სტალინის რადიო ჩანაწერია, სადაც ის ხალხს მიმართავს, ომის დასაწყისში. იგი აკეთებს პაუზებს, აშკარად აკონტროლებს საკუთარ ხმას. აქცენტი არ იგრძნობა.

1941 წლისვე მეორე ჩანაწერში სტალინი უფრო თავისუფლად მიმართავს წითელარმიელებს. იგი იშვიათად უყურებს ტექსტს, უმეტესობას თავად ამატებს. აქ აქცენტი უფრო მკაფიოა, შესაძლოა მღელვარების გამო.

ეს კი სტალინის 1952 წლის, ერთ-ერთი ბოლო მოხსენებაა პარტიის წინაშე. აქ იგი ძალიან მკაფიოდ საუბრობს, აკეთებს პაუზებს. აქცენტი თითქმის არ იგრძნობა. ხმის ტემბრი და აქცენტი მკვეთრად განსხვავდება 1941 წლის ჩანაწერისაგან. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შეუძლებელია ხმა ასაკთან ერთად ასე შეიცვალოს, ამიტომაც, ეს ჩანაწერი ისტორიულ გამოცანად შეიძლება ჩაითვალოს.

 

ჰქონდა თუ არა სტალინს აქცენტი ცხოვრებაში?

საკუთარ მემუარებში, მარშალი ჟუკოვი წერდა, რომ სტალინი საუბრობდა ხმადაბლა, გარკვევით, ყოველ ფრაზას გამოყოფდა მომდევნოსგან: „იგი ლაპარაკობდა საგრძნობი/გამოკვეთილი ქართული აქცენტით, მაგრამ რუსული იცოდა შესანიშნავად და უყვარდა ხატოვანი ლიტერატურული შედარებების, მაგალითების, მეტაფორების გამოყენება.“

სტალინის თარჯიმანი, ვალენტინ ბერეჟკოვი აღნიშნავდა, რომ სტალინს ჰქონდა ქართული აქცენტი და მეტიც, მას შეეძლო „ეთამაშა“ ამ აქცენტით. იგი იხსენებს, რომ ჩერჩილთან მეორე ფრონტის გახსნაზე მოლაპარაკებების წარმოებისას, ერთ დაძაბულ მომენტში, სტალინმა დაიწყო „სიტყვების  ნელა, თითქოსდა განზრახ ხაზგასმული ქართული აქცენტით წარმოთქმა...“ მან საკმაოდ ხისტად მიანიშნა ინგლისელებს მოხსენებაში, რომ მათ არ უნდა „შეშინებოდათ“ გერმანელების.

ინტერვიუში კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გაიხსენა სტალინის შედარებით გვიანდელმა თარჯიმანმა, ვლადიმერ ეროფეევმა: „მოლოტოვმა გაგვაფრთხილა: არცერთ შემთხვევაში არ კითხოთ დასაზუსტებლად რაიმე. ვერ გაიგე, როგორღაც გამოძვერი სიტუაციიდან, თორემ სტალინს სწყინს, თითქოს მისი აქცენტი გაუგებარია“.

საინტერესოა, რომ სტალინის დამოკიდებულება საკუთარი აქცენტისადმი, სავარაუდოდ, ასევე იცვლებოდა. საბჭოთა კინემატოგრაფიაში მრავლად იყო ფსევდოისტორიული პროპაგანდისტული ფილმები, სადაც მთავარი გმირი სტალინი იყო. თავად ბელადის თანხმობითა და მოწონებით, ამ როლს წლების მანძილზე ქართველი მსახიობი, მიხეილ გელოვანი ასრულებდა. სტალინთან პირადად მას არასოდეს ჰქონია ურთიერთობა, როლებისათვის კი ბელადის გამოსვლებზე დაყრდნობით ემზადებოდა, ცდილობდა მისი საუბრის მანერის, თავისებურებებისა და აქცენტის იმიტაციას.

მიხეილ გელოვანი სტალინის როლში

 

1949 წელს იგეგმებოდა მორიგი ფილმის „სტალინგრადის ბრძოლის“ გადაღება და თავად სტალინმა გადაწყვიტა, რომ ქართველი მსახიობი რუსი ბელადისა და გამარჯვებულის როლს არ შეეფერებოდა. მაშინ მან მიმართა კინემატოგრაფიის მინისტრს, ბოლშაკოვს: „გელოვანს მკვეთრი ქართული აქცენტი აქვს. განა მეც ასეთი მაქვს? შეარჩიეთ ამხანაგი სტალინისათვის შესაფერისი სხვა მსახიობი, უმჯობესია ვინმე რუსი.“ ამ როლისათვის ალექსეი დიკიი დაამტკიცეს. 

ალექსეი დიკიი სტალინის როლში

 

ბევრი თვლის, რომ ჰიტლერზე გამარჯვების შემდეგ სტალინი საბოლოოდ გრძნობდა თავს რუს ბელადად და უკვე აღარ სურდა იგი „პროვინციულ“ საქართველოსთან გაეიგივებინათ.

 

კონსპიროლოგიური მოსაზრებები

კონსპიროლოგები დარწმუნებულები არიან, რომ სტალინის განსხვავებული აღქმა მარტივად აიხსნება - მას ხომ მრავალრიცხოვანი ორეული ჰყავდა. ზოგიერთს უფრო ძლიერი აქცენტი ჰქონდა, ზოგიერთს კი - საერთოდ არა.

არსებობს სხვა, პოპულარული ვერსია, რომ სტალინი არ იყო ქართველი. თითქოსდა მის ოჯახს არა ქართული, არამედ ოსური ფესვები აქვს. კიდევ უფრო იდუმალად ჟღერს ვერსია, რომ სტალინის მამა არა ბესარიონ ჯუღაშვილი, არამედ გორში სტუმრად ჩამოსული მოგზაური ნიკოლოზ პრჟევალსკი იყო.

თუმცაღა, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ბიოლოგიური მამის ვინაობას აქცენტის არსებობა-არარსებობის საკითხთან, ცოტა გაუგებარია, ვინაიდან 8 წლამდე სტალინი ქართულად საუბრობდა. მეტიც, თავის თანამებრძოლ ლავრენტი ბერიასაც იგი ხშირად ქართულად ესაუბრებოდა, ბერიას კი როგორც ცნობილია უფრო გამოკვეთილი ქართული აქცენტი ჰქონდა.

არსებობს კიდევ ასეთი ვერსია, რომ რადიოში არა სტალინი, არამედ სხვა პიროვნება გამოდიოდა, ანდა ვიდეოჩანაწერებს, ბელადის გამოსახულებით, სხვა ხმას „ადებდნენ“. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ თემაზე ოდესმე სრული სიმართლე გაირკვეს.

 

სტატია პირველად გამოქვეყნდა საიტზე: https://ru.rbth.com/read/1047-stalin-gruzinsky-aktsent