ჟურნალმა "Коммерсантъ Власть" 2008 წლის 22 სექტემბრის 37-ე ნომერში გამოაქვეყნა სტატია სათაურით „თავდაცვის სამინისტროში დაიბნენ ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით“. გთავაზობთ სტატიის თარგმანს უცვლელად.
საქართველოში ომის დამთავრების დღიდან, რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებას უმტკიცებს, რომ სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული ძალები შეიყვანა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართველებმა 8 აგვისტოს ცეცხლი გახსნეს ცხინვალში და რომ ამ მომენტამდე, სამშვიდობო კონტინგენტის გარდა რესპუბლიკაში რუსული შეიარაღებული ძალები არ ყოფილან. რუსეთში ამ ვერსიაზე თითქმის არავინ დავობს და ისინი ცდილობენ ნელ-ნელა ამაში დასავლეთიც დააჯერონ. თუმცა, 11 სექტემბერს, თავდაცვის სამინისტროს მთავარ ბეჭდურ გამოცემაში "Красная звезда" გამოქვეყნდა სტატია 58-ე არმიის 135-ე მოტომსროლელთა პოლკის მეთაურის, დენის სიდრისტის შესახებ, რომელმაც სამხრეთ ოსეთის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის „სიმამაცის ორდენი“ მიიღო. სტატიაში დენის სიდრისტი, რომელიც იმჟამად საავადმყოფოში მკურნალობდა, ყვებოდა: „ჩვენ ვიყავით წვრთნებზე. ეს [ადგილი] სამხრეთ ოსეთის დედაქალაქთან შედარებით ახლოსაა. ნიჟნი ზარამახი ჩრდილოეთ ოსეთის ბუნებრივი ნაკრძალია. დაგეგმილი წვრთების შემდეგ, დავბანაკდით, მაგრამ 7 აგვისტოს მოვიდა ბრძანება, რომ გადავაადგილებულიყავით ცხინვალისკენ. მათ განგაშით წამოგვაყენეს და მარშით გავემართეთ. მივედით, დავბანაკდით და უკვე 8 აგვისტოს ისეთი ძალით იფეთქა, რომ ბევრი დაიბნა კიდეც. არა, ყველა ხვდებოდა, რომ ქართველები რაღაცას ამზადებდნენ, მაგრამ იმის წარმოდგენაც კი ძნელი იყო, რაც ჩვენ ვნახეთ. შუაღამის შემდეგ, დაიწყო ქალაქისა და სამშვიდობო ძალების პოზიციების მასიური დაბომბვა“.
ბევრმა ჩათვალა, რომ მეთაურის სიტყვები ნიშნავდა, რომ რუსული სამხედროები რესპუბლიკაში მანამდე შევიდნენ, სანამ ქართველები გახსნიდნენ ცეცხლს. ზუსტად ამას ამტკიცებს ოფიციალური თბილისი, რითაც ცხინვალში ოპერაციის დაწყებას ამართლებს: ქართული მხარის ვერსიით, ის თავს კი არ დაესხა, არამედ თავს იცავდა. პუბლიკაციამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა დასავლურ პრესასა და რუსულ ინტერნეტ სივრცეში. მალე გამოცემამ "Красная звезда" შეცვალა სტატიის ტექსტი საკუთარ საიტზე: „7 აგვისტოს ღამით მოვიდა ბრძანება, რომ გადავაადგილებულიყავით ცხინვალისკენ. მათ განგაშით წამოგვაყენეს და მარშით გავემართეთ. მივედით, დავბანაკდით და უკვე 8 აგვისტოს დილით იფეთქა“. თუმცა, ამგვარ ინტერპრეტაციაშიც კი სიდრისტის სიტყვები ეწინააღმდეგება „რუსულ კანონიკურ“ ქრონოლოგიას, რომლის მიხედვითაც „იფეთქა“ 7 აგვისტოს 23:30 საათზე. საბოლოოდ, სტატია უბრალოდ აიღეს გაზეთის ვებგვერდიდან.
დენის სიდრისტი
სტატიის ორიგინალი