ფრაქციამ „სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის“ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ადგენს უცხო სახელმწიფოების „ტერორისტებად“ ან „ტერორიზმის დამფინანსებლად“ აღიარების პროცედურას. აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის ხელმძღვანელის, სერგეი მირონოვის ტელეგრამის არხიდან ვიგებთ.
"ჩვენ გთავაზობთ აშშ და ზელენსკის სხვა თანამზრახველი სახელმწიფოები ტერორიზმის მხარდამჭერებად ვაღიაროთ. ასეთ ქვეყნებთან დაკავშირებით, ჩვენი კანონპროექტის ფარგლებში, იგივე ზომები უნდა იყოს გამოყენებული, რაც ტერორისტული სახელმწიფოს წინააღმდეგ", - წერს დეპუტატი.
“რია ნოვოსტის” ინფორმაციით, კანონპროექტში ცალსახად წერია, რომ უკრაინა „ტერორისტულ სახელმწიფოებს“ მიეკუთვნება. თავის მხრივ, ქვეყანა, რომელიც აწვდის სამხედრო პროდუქციას „ტერორისტულ სახელმწიფოს“ აღიარებული იქნება „ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ“, ნათქვამია კანონპროექტში. შემოთავაზებულია, რუსეთის ფედერაციის მთავრობამ შეადგინოს ასეთი სახელმწიფოების სია.
სახელმწიფოს „ტერორისტად“ აღიარების საფუძველი, მირონოვის თქმით, შემდეგია:
1. დადასტურებული პასუხისმგებლობა აფეთქებების, ხანძრის ან სხვა ქმედებების მოწყობაზე, რომლებიც „აფრთხობს მოსახლეობას და ქმნის ადამიანის სიკვდილის საშიშროებას“;
2. ქონებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, უკანონო შეიარაღებული ჯგუფისა და კრიმინალური თემის ორგანიზება;
3. მოუწოდებს ტერიტორიის ნაწილის გასხვისებას ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.
გარდა ამისა, სოციალ-რევოლუციონერების მხრიდან შეთავაზებული იყო ტერორიზმზე პასუხისმგებელი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ქონების ჩამორთმევა, რათა ანაზღაურდეს ასეთი სახელმწიფოების საქმიანობით მიყენებული ზიანი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა აპრილში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები იკვლევს რუსეთის „ტერორისტთა თანამზრახველების“ სიაში შეყვანის შესაძლებლობას. გარდა ამისა, მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ გააფრთხილა სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომ კანონმდებლები თავად შეიყვანენ რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიაში. მოსკოვმა ვაშინგტონის ამ განცხადებებს "პროპაგანდისტული ნაბიჯი" უწოდა და პირობა დადო, რომ მსგავს ზომებს უპასუხოდ არ დატოვებდა.
აღსანიშნავია, რომ 11 აგვისტოს ლატვიის პარლამენტმა რუსეთი "ტერორიზმის სახელმწიფო დამფინანსებლად" გამოაცხადა. 100-კაციან ასამბლეაში 67-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა განცხადების მიღებას, ხოლო 16-მა თავი შეიკავა.
კანონმდებლებმა შეიმუშავეს მკაცრად ფორმულირებული განცხადება, რომელიც ადანაშაულებს მოსკოვს „ტანჯვისა და დაშინების იარაღად გამოყენებაში უკრაინელი ხალხისა და შეიარაღებული ძალების დემორალიზებისა და სახელმწიფოს ფუნქციონირების პარალიზების მცდელობაში“.
მათი განცხადებით ლატვიის პარლამენტი „აღიარებს რუსეთის ძალადობას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, როგორც ტერორიზმს. აღიარებს რუსეთს ტერორიზმის სახელმწიფო დამფინანსებლად და მოუწოდებს სხვა თანამოაზრე ქვეყნებს, იგივე აზრის გამოხატვისკენ.“
მოგვიანებით, 14 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ დაგმო ლატვიის განცხადება, როგორც "ქსენოფობიის" გამოვლინება.
მან ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატების გეგმები რუსეთის იზოლაციის შესახებ მსოფლიოში ჩაიშალა, რაც გულისხმობს ვაშინგტონის მცდელობებს, რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო დამფინანსებლად მიიჩნიოს სხვათა ხელით.
"ისინი სხვებს იყენებენ თავიანთი იდეის მატერიალიზებისთვის [რუსეთის ამ სიაში დასამატებლად]. ფაქტობრივად, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უკვე ისაუბრეს ამ თემაზე", - თქვა მან „Воскресный вечер“-თან ინტერვიუში, ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში, Россия 1-ის სატელევიზიო არხზე.
მან აღნიშნა, რომ დასავლეთმა ვერ შეძლო რუსეთის იზოლაცია, ისევე როგორც ვერ გააუქმა რუსული კულტურა და ისტორია. „ეს არ მომხდარა. მსოფლიომ ყურადღება არ მიაქცია იმ ყველაფერს, რასაც ვაშინგტონი ამბობდა. დასავლეთი ჩვენი ქვეყნისგან იზოლირებული იყო და შემდეგ მან წამოიწყო გეგმა B - ზიანის მიყენება, სადაც შესაძლებელი იყო. ძირითადად, მარიონეტული გზით", - თქვა მან და დასძინა, რომ ვაშინგტონს ურჩევნია ამის გაკეთება იმ ქვეყნების მეშვეობით, რომლებიც ევროკავშირს ცოტა ხნის წინ შეუერთა. მისი თქმით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მთავრობები არ არის ის „ელიტა, რომელიც პასუხისმგებელია თავის ნაბიჯებზე“ და ვაშინგტონი ამას იყენებს.
რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრმა სერგეი ცეკოვმა კი საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტისთან” საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი მიიღებს „საპასუხო ზომებს, რომლებიც ლატვიას თავის ადგილს დაანახებს და ეს საკმაოდ მტკივნეული იქნება“.