2021 წლის 21 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ECHR-მა საქართველოს სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში დაადგინა, რომელთა შორისაა: სიცოცხლის უფლება, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლება, გადაადგილების თავისუფლება, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებები.
სასამართლომ დაადგინა, რომ:
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქისა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებზე არსებობდა რუსეთის სახელმწიფოს იურისდიქცია, რის გამოც რუსეთს ეკისრება საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
არსებობდა რუსეთისა და მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ძალების მხრიდან ადმინისტრაციული პრაქტიკა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ევროპული კონვენციის იმ მუხლებს, რომლებიც იცავს ადამიანის სიცოცხლის უფლებას, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას, საკუთრების უფლებასა და უზრუნველყოფს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის აკრძალვას.
საქართველოს მოქალაქე სამოქალაქო პირები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ძალებმა ცხინვალში 10 და 27 აგვისტოს შორის დააკავეს, ექცეოდნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ, კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის.
160 ქართველი სამოქალაქო პირის მიმართ განხორციელდა დამამცირებელი მოქმედებები, რამაც გამოიწვია მათი ტანჯვა. სასამართლომ ეს ქმედებები მიიჩნია არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად, რაც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 მუხლს (წამების აკრძალვა).
ასევე, ქართველი სამხედრო ტყვეები იყვნენ წამების მსხვერპლნი, რაც კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) საწინააღმდეგო პრაქტიკაა.
2008 წლის აგვისტოში საქართველოს მოქალაქე სამოქალაქო პირების თვითნებური დაკავება ქმნიდა წარმოადგენდა კონვენციის მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) საწინააღმდეგო პრაქტიკას.
ცხინვალში 2008 წლის 8-17 აგვისტოს შუალედში სამხრეთ ოსური დაჯგუფებების მიერ ქართველი სამხედრო ტყვეების დაკავება ექცევა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ხელი შეუშალეს, დაბრუნებულიყვნენ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, მოექცნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ.
რუსეთის ფედერაციამ შექმნა ადმინისტრაციული პრაქტიკა, რაც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-4 მუხლს - გადაადგილების თავისუფლება, რის გამოც საქართველოს მოქალაქეებს აღარ შეეძლოთ საკუთარ სახლებში დაბრუნება.[1]
აქვე საყურადღებოა, რომ სასამართლო ერთმანეთისგან განარჩევს საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის დროს (8-12 აგვისტო) მიმდინარე სამხედრო მოქმედებებსა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების (12 აგვისტო) შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. 8-12 აგვისტოს შუალედში, როდესაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, სასამართლომ არ დაადგინა რუსეთის იურისდიქცია და, შესაბამისად, მას ამ პერიოდისთვის საერთაშორისო პასუხისმგებლობა არ დაეკისრა. დოკუმენტში, ასევე, ნათქვამია, რომ 2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამით ქართულმა ძალებმა საარტილერიო იერიში მიიტანეს ცხინვალზე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ცენტრზე. 8 აგვისტოდან კი რუსეთის სახმელეთო ძალები საქართველოში შეიჭრნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით.
21-22 იანვარს რუსულ მედიაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ რუსეთში ECHR-ის გადაწყვეტილება არასრულყოფილად გაშუქდა. რუსული, კრემლთან აფილირებული მედიასაშუალებები უმეტესწილად ყურადღებას ამახვილებდნენ ECHR-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის იმ ნაწილზე, რომელშიც წერია, რომ ქართულმა ძალებმა საარტილერიო იერიში მიიტანეს ცხინვალზე და, ასევე, ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტს, რომ სასამართლომ რუსეთის პასუხისმგებლობა არ დაადგინა 8-12 აგვისტოს შუალედში, როდესაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა ცხინვალის რეგიონში. გადაწყვეტილების ამ ნაწილებზე აპელირებს რუსეთის იუსტიციის სამინისტროც, რომელმაც 21 იანვარსვე გამოაქვეყნა შემდეგი განცხადება: „12 წლიანი დაკვირვების შემდეგ, ადამიანის უფლებათა სასამართლო, მივიდა დასკვნამდე, რომ, ადამიანის უფლებათა კონვენციით, რუსეთის ფედერაციას არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ ქართული არმია თავს დაესხა რუს სამშვიდობოებს და ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას 8–12 აგვისტოს. ასევე, სასამართლო, არ დაეთანხმა ქართული მხარის მტკიცებას, რომ რუსული სამშვიდობო ძალები, ქართული მხარის თავდასხმამდე, დაესხნენ თავს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას 2008 წლის 7 აგვისტოს“.
რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, მაგალითად, Russia Today-მ თავის რუსულენოვან და საერთაშორისო საიტებზე გამოაქვეყნა სტატია მანიპულაციური სათაურით „ECHR-მა არ დააკმაყოფილა საქართველოს ბრალდებები რუსეთის მისამართით 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით“. სტატიის წაკითხვის შემდეგ ირკვევა, რომ სათაური სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ იმ პუნქტს ეხება, რომლითაც რუსეთის პასუხისმგებლობა არ დადგინდა 8-12 აგვისტოს შუალედში.
წყარო: Russia Today
იგივე შინაარსის ინფორმაცია გაავრცელეს РБК, Риа Новости, Интерфакс, Первый Канал, НТВ და სხვა კრემლთან აფილირებულმა წყაროებმა.
წყარო: РБК
წყარო: Риа Новости
წყარო: Интерфакс
წყარო: Первый Канал
წყარო: НТВ
ცხადია, მიუხედავად რუსულ მედიაში გავრცელებული მანიპულაციური ხასიათის ინფორმაციისა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ის კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას, ოკუპაციის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებსა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე კი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. თუმცა, რუსული დეზინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაინც საყურადღებოა რამდენიმე მიზეზის გამო: უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები, საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების დიდი ნაწილისთვის ინფორმაციის მთავარი წყარო სწორედ რუსული მედიაა, ამიტომაც საჭიროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღება დაუთმოს მათ სათანადო ინფორმირებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ამასთანავე, შეიძლება ითქვას, რომ დასავლურ მედიაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ფართოდ არ გაშუქებულა. აღნიშნულ თემას სტატიები მიუძღვნეს მხოლოდ The Guardian-მა, Reuters-მა და Washington Post-მა მაშინ, როდესაც ECHR-ის გადაწყვეტილების შესახებ დასავლური საზოგადოების ფართოდ ინფორმირება კი საქართველოს სტრატეგიული ინტერესია განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსული დეზინფორმაციის სისტემა აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.
[1] სასამართლოს სრული ტექსტი ხელმისაწვდომია აქ: https://hudoc.echr.coe.int