წყარო: georgianreview.ge
ავტორი: გიორგი ცხვიტავა
საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსია გრძელდება. ეს პროცესი უკვე შეფასდა როგორც პროვოკაცია, თუმცა, რამდენად კარგად ხდება პროცესზე დაკვირვება და შეფასება, – ეს და სხვა კითხვები ჯერაც უპასუხოა.
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე „სასაზღვრო ნიშნების“ დამონტაჟება შესაძლოა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ერთგვარი სიახლეა (იგულისხმება „ცივი ომის“ შემდგომი პერიოდი, ბერლინის კედლის დემონტაჟის შემდეგ). ისევე როგორც კრემლის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომები; თუმცა საქართველო – კავკასიის პატარა სახელმწიფო, რომელთანაც რუსეთს 900 კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი აქვს, მსგავსი ტიპის ომებისა და სასაზღვრო „ექსპერიმენტის“ თვალსაჩინო მაგალითია.
სამწუხაროდ, ოფიციალური თბილისი სათანადოდ ვერ წარმოაჩენს იმ უზარმაზარ ზეწოლას, რომელსაც განიცდის მოსკოვის მხრიდან დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხელყოფა ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დაიწყო; ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაციას სახელმწიფო საზღვრის მნიშვნელოვანი მონაკვეთები ემსხვერპლა. მაშინ რუსეთმა მომრიგებლის როლი მოირგო და საკუთარი სამხედრო ქვედანაყოფები უკვე ოფიციალურად „სამშვიდობოების“ სტატუსით განალაგა ორივე რეგიონში.
პრობლემას ქმნიდა კოდორის ხეობა (სტრტეგიული ხეობა) აფხაზეთის მიმართულებით, ხოლო ცხინვალის რეგიონში – დიდი ლიახვის ხეობის ქართული სოფლები (თამარაშენი, ქურთა, კეხვი და ა.შ.). კოდორის აღების არაერთი მცდელობა იყო, მათ შორის, 2002 წლის აპრილში, როდესაც „რუსი კოსმონავტის დღეს“ მსხვილი საჰაერო დესანტი გადასხეს სოფელ აჟარაში (დაახლოებით 14 ვერტმფრენი, როგორც სატრანსპორტო, ასევე დამრტყმელ შვეულმფრენები, დესანტის რიცხოვნობა ერთი ასეული). დიდი ლიახვის სოფლებზე შტურმები პერმანენტულად ხორციელდებოდა (2008 წლის ინტერვენციის შემდეგ ეს სოფლები აღარ არსებობს).
1993 წლიდან რუსეთთან საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე პერიოდულად მწვავდებოდა ვითარება.
საქართველო რუსეთის სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთი 894 კილომეტრს შეადგენს, აქედან სადავო უბნები საერთო ჯამში 100 კილომეტრს აჭარბებს. შექმნილი იყო სპეციალური მუდმივმოქმედი სადელიმიტაციო კომისიები, რომლებიც კონკრეტულ მონაკვეთებზე სამართლებრივ და სხვა ასპექტებს სწავლობდნენ.
სასაზღვრო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, თადარიგის პოლკოვნიკი გელა ხუციშვილი იხსენებს, რომ 1993-94 წლებში რუსეთმა თვითნებურად წაიღო ლარსის მონაკვეთი. 1997 წელს კი სამივე გვირაბი დაიკავა. იმავე პერიოდში რუსეთმა დაიკავა შემოვლითი გზა ე.წ. ეშმაკის ხიდი.
ჯერ კიდევ 90-იანი წლების მეორე ნახევრისთვის რუსეთთან სადავო მონაკვეთებად მუცოს ქედთან არსებული ტრადიციული ტერიტორია იყო ფიჭვები (ხევსურეთი) და აცეხი. 1999 წლის შეთანხმებით, ეს ტერიტორია რუსეთის შემადგენლობაში დარჩა, თუმცა მოგვიანებით ქართულმა მხარემ 1920-იანი წლების დოკუმენტური მასალა წარადგინა, სადაც ეს ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში იყო. რუსეთს დარჩა ანატორიის კოშკი, ხევსურების უძველესი სალოცავი, ასევე სათიბი და საძოვრები – 10 კვადრატული კილომეტრი. რუსმა მესაზღვრეებმა ანდაკისა და არღუნის შესართავებთან დაიკავეს პოზიციები.
დიკლოს მთის მიმართებითაც ანალოგიური მდგომარეობაა, რუსები კიდევ უფრო სიღრმეში შემოიჭრნენ.თუკი დავაკვირდებით რუკას, განსაკუთრებით 2008 წლის ინტერვენციის შემდეგ შეცვლილ საზღვრებს, აშკარაა, რუსეთი ამიერკავკასიაში ქმნის „დაცვის პირველ ეშელონს“.რუსი სამხედროები კავკასიონის 43 უღელტეხილიდან 25-ს აკონტროლებენ.
საზღვრის დაცვის სპეციალისტები ახალ გამოწვევებზე საუბრობენ. განსაკუთრებულ საფთხეს წარმოადგენს ბეშთა-ახალსოფლის გზის მონაკვეთი, რომელიც ჩრდილოეთიდანავარეთ-კახეთის მაგისტრალს უნდა მიუერთოს რუსეთმა და ჩაჭიმოს გიუმრამდე. ეს რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. პროცესი დღეს არ დაწყებულა, პოლკოვნიკი ხუციშვილი იხსენებს, რომ ჯერ კიდევ 1997 წელს ვიქტორ ჩერნომირდინმა ორჯერ მიმართა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას საკონტროლო გამშვები პუნქტის მოწყობის თხოვნით (ორივეჯერ რუსეთი აპირებდა სრულ დაფინანსებას ამ პუნქტების, საქართველოსგან ორივეჯერ უარყოფითი პასუხი იყო გაგზავნილი). ოდნავ მოგვიანებით რუსეთისგან კვლავ იყო საქართველოს მიმართ მოთხოვნა, რომ თბილისს დაეთმო რუსული ჯარისთვის გზა და მათ სამხრეთიდან დაერტყათ ჩეჩნეთისთვის (აქაც პასუხი იყო უარყოფითი).
რუსეთი მუშაობს გეგმიურად, ის აპირებს დაამყაროს სახმელეთო კავშირი გიუმრიში (სომხეთში) განლაგებულ საკუთარ სამხედრო ბაზასთან, რომელთანაც ახლა სახმელეთო გზა არ აქვს. ამისათვის კი მას არა ერთი, არამედ რამდენიმე გზა სჭირდება. პირველი ყველასათვის თვალსაჩინო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გზის ჩაჭრაა, მეორე კი ავარეთ(დაღესტანი)-კახეთისაა (ახალსოფელი). ორივე გზის ამოქმდების შემთხვევაში საქართველოს დედაქალი თბილისი ალყაში მოექცევა.
თუ კი რუკას დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ სოფელი ახალსოფელი (კახეთი) ერთ ხაზზეა ცხინვალის რეგიონთან, სადაც რუსული საოკუპაციო ბაზაა, ამავე ხაზზეა აფხაზეთიც სადაც ასევე რუსული დანაყოფებია განლაგებული. ამ ეტაპზე ცხინვალსა და აფხაზეთის სამხედრო ობიექტებს შორის პირდაპირი სახმელეთო გზა არ არსებობს, თუმცა მესამე წერტილის (ახალსოფელი, ყვარელი) გაჩენის შემდეგ, რუსეთი პირდაპირ გაჭრის გზას, შესაბამისად, მოახდენს ყველა დანარჩენი რეგიონის (მთა თუშეთს, დართლო, ომალო, ხევსურეთი, ასა, ყაზბეგი, თრუსო, რაჭა, სვანეთი) ოკუპაციას.