ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთთან მჭიდრო ინტეგრაციის გზებს ეძებენ

6 აპრილი 2016 Shadow

მოსკოვიდან დაბრუნებული ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მორიგ ინიციატივაზე ისაუბრა - ჩატარდეს რეფერენდუმი იმისთვის, რომ ე.წ. კონსტიტუციაში ცვლილება შევიდეს, რომელიც მას საშუალებას მისცემს დანიშნოს  რეფერენდუმი - რუსეთის შემადგენლობაში გარკვეული ფორმით მაინც შესვლის და ერთობლივი სამეკავშირეო ორგანოს შექმნის შესახებ.  სამეკავშირეო ორგანოს, რომელიც  ქვეყნის დე ფაქტო პრეზიდენტის მხრიდან რუსეთის ხელისუფლებისთვის საკუთარ უფლებამოსილების გადაბარებას ითვალისწინებს, ძირითადი მიზანია ისე მოხდეს ე.წ. სამხერთ ოსეთის რუსეთთან ინტეგრაცია, რომ ამით ოფიციალური მოსკოვისთვის პოლიტიკური რისკი შემცირდეს.

 „საკითხი ჩვენ მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ. საჭიროა ამ საკითხის იურიდიული გაანალიზება. თავდაპირველად კი სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანაა საჭირო. სწორედ ამ საკითხზე ვგეგმავთ რეფერენდუმის ჩატარებას“ – განაცხადა თიბილოვმა.

თიბილოვი თავად განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მოსკოვი თვლის რომ  ეს ოკუპირებული რეგიონის შიდა საკითხია და  ოფიციალური მოსკოვისთვის პოლიტიკური რისკების შემცველი. თუმცა მიუხედავად ამისა, დე ფაქტო მთავრობა გამოსავალს ეძებს.

თავად მოსკოვში ამ თემაზე ოფიციალური კომენტარები არ გაკეთებულა, თუმცა ექსპერტები და პოლიტოლოგები რუსეთს ამ ნაბიჯის გადადგმას არ ურჩევენ, რადგანაც მათი თქმით, ბუნდოვანია იურიდიული ურთიერთობის რა ფორმას მოისაზრებს სამეკავშირეო ორგანო.