23 აგვისტოს მსოფლიო ევროპაში ნაციზმისა და სტალინიზმის ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს. დოკუმენტი, რომლითაც ორი ტოტალიტარული იმპერია. საბჭოთა კავშირი და გერმანია - აღმოსავლეთ ევროპის გავლენის სფეროებად გაყოფაზე თანხმდებოდა, 1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში გაფორმდა და თავდაუსხმელობის გარანტიას იძლეოდა, თუმცა, რეალურად, მეორე მსოფლიო ომს დაუდო საფუძველი.
მას ხელს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოახიმ ფონ რიბენტროპი და მისი საბჭოთა კოლეგა ვიაჩესლავ მოლოტოვი აწერდნენ. ხელმოწერილი დოკუმენტის საიდუმლო ოქმში, რომლის არსებობასაც მოსკოვი 1991 წლამდე ჯიუტად უარყოფდა, დადგინდა საზღვარი ამ ორი იმპერიის „გავლენის სფეროებს” შორის: ლატვია, ესტონეთი, ფინეთი, აღმოსავლეთ პოლონეთი - საბჭოთა კავშირს, ხოლო ლიტვა და დასავლეთ პოლონეთი ფაშისტურ გერმანიას ერგო. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა საბჭოთა კავშირს საშუალება მისცა ძალები მოეკრიბა გარდაუვალი კონფლიქტის დაწყებამდე.
მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერა
1939 წლის ზაფხულში ვერავის წარმოედგინა, რომ სწორედ ამ პაქტის შემდგომ ერთ კვირაში დაიწყებოდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი ომი. პოლონელ ჯარისკაცებად გადაცმულმა გერმანელებმა ზემო სილეზიაში, გლაივიცის რადიოსადგურზე თავდასხმის ინსცენირება მოაწყვეს. „აგრესიაზე აუცილებელი პასუხის” მოტივით, პირველ სექტემბერს გერმანიის ჯარებმა გადაკვეთეს პოლონეთის საზღვარი, რითაც დაიწყო კიდეც მეორე მსოფლიო ომი. ეს ომი კი არ დაიწყებოდა, რომ არა სტალინის ალიანსი ჰიტლერთან, რომელმაც ამ უკანასკნელს პოლონეთზე თავდასხმის საშუალება მისცა.
ლავრენტი ბერიას ინიციატივით და სტალინის უშუალო ბრძანებით, 1940 წლის აპრილ-მაისის პერიოდში 22,000-მდე პოლონელი ოფიცერი დახვრიტეს. დახვრეტილ პოლონელ ოფიცრებს შორის იყვნენ პოლონეთის დროშის ქვეშ მებრძოლი ის ქართველებიც, რომლებიც ნაცისტებმა რუსებს გადასცეს.
პოლონელი ოფიცრების დახვრეტის ინიციატივის შესახებ ლავრენტი ბერიას წერილი იოსებ სტალინს
პოლონეთის აღმოსავლეთ რაიონებიდან ასიათასობით ადამიანი გადაასახლეს ციმბირში. ჰიტლერისა და სტალინის ორწლიანი მოკავშირეობის სიმბოლოდ კი ვერმახტისა და წითელი არმიის მიერ ბრესტ-ლიტოვსკში ჩატარებული ერთობლივი აღლუმი იქცა.
ვერმახტისა და წითელი არმიის ბრესტ-ლიტოვსკში გამართული ერთობლივი აღლუმი
მოგვიანებით, საბჭოთა კავშირში ეფექტიანად დაინერგა რამდენიმე მითი: ბევრს ჯერაც ჰგონია, რომ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო არა 1939 წლის პირველ სექტემბერს, არამედ ორი წლის შემდეგ. „დიდი სამამულო ომის” ცნების დამკვიდრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ამ ორწლიანი პერიოდის წაშლა იყო.
შემდეგ ჯერი ფინეთზე მიდგა, 1939 წლის 26 ნოემბერს ფინეთის მოსაზღვრე სოფლებს რამდენიმე ბომბი დაეცა. გაზეთი პრავდა მომდევნო დღეს იუწყებოდა, რომ „ბურჟუაზიულმა” ფინეთმა იერიში მიიტანა მშვიდობისმოყვარე საბჭოთა კავშირზე. მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ ფინეთში შეჭრის გასამართლებლად, საბჭოთა კავშირმა საკუთარი სოფელი დაბომბა ლენინგრადის სამხედრო ოლქის უფროსის, ჟდანოვის განკარგულებით. მარშალ კარლ გუსტავ მანერჰაიმის ტაქტიკური გამჭრიახობის, ფინელი ხალხის მებრძოლი სულისა და ბუნებრივი პირობების კარგად გამოყენების წყალობით, ფინელებმა წითელ არმიას უზარმაზარი ზიანი მიაყენეს და სახელმწიფოს გადარჩენა შეძლეს, თუმცა ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დათმობა მოუწიათ.
განსაკუთრებით საინტერესოა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევა, რომლებმაც გადაწყვიტეს დათმობებისა და კომპრომისის გზით მიეღწიათ რუსეთთან შეთანხმებისთვის და ამ გზით გადაერჩინათ საკუთარი სუვერენიტეტი, თუმცა, ამ გეგმამ კრახი განიცადა. რუსეთში კომპრომისისა და დიალოგისკენ სწრაფვა სისუსტედ და მწვანე შუქად მიიჩნიეს და 1940 წლის 15 ივნისს საბჭოთა ჯარებმა ლიტვის მთელი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინეს.
პაქტის შედეგებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს ისტორიაზეც. გარიგების უარყოფით შედეგებზე ისტორიკოსები დღემდე საუბრობენ. 1939 წლისთვის საქართველო უკვე 18 წლის განმავლობაში იყო ოკუპირებული და ჩეკას განხორციელებული ჰქონდა ძირითადი რეპრესიები, რომლის დროსაც საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა დახვრიტეს ან გადაასახლეს, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ელიტა. მიუხედავად ამისა, ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ პაქტის ხელმოწერამ და ევროპულ პოლიტიკაში გავლენის სფეროთა ცნების მყარად დამკვიდრებამ საბჭოთა იმპერიაში საქართველოს ყოფნა კიდევ 50 წლით გაახანგრძლივა. შედეგად კი, როცა დამოუკიდებლობის აღდგენა გახდა შესაძლებელი, პრაქტიკულად აღარ იყო ცოცხალი არც ერთი ადამიანი, ვისაც რაიმე კავშირი ჰქონდა დამოუკიდებელი საქართველოს შექმნასთან.
მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაანალიზებისას ისტორიკოსები ხშირად პარალელებს რუსეთის თანამედროვე მმართველობასთან ავლებენ. კრემლში დღესაც სჯერათ „გავლენის სფეროს“ იდეის, რის გამოც ისინი ლეგიტიმურ უფლებად თვლიან ამ ცნებაში შემავალი ქვეყნების შიდა პოლიტიკურ მოვლენებში ჩარევას. სწორედ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა შემოიტანა პირველად ევროპულ დისკურსში მთელი სიმწვავით გავლენის სფეროთა ცნება, ანუ ის, რის დაკანონებასა და ლეგიტიმაციას ასეთი დაჟინებით ცდილობენ რუსეთის დღევანდელი მმართველები.
პოლონეთსა და ფინეთში 1939-40 წლებში გამოყენებულ ტაქტიკას - ფეთქებადი სიტუაციის ინსცენირებას და შემდგომ ამის წამოწყების მსხვერპლისთვის დაბრალების პოლიტიკას - დღესაც აქტიურად იყენებენ, რისი დასტურიც საქართველო და უკრაინაა.
23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ ევროპის პარლამენტმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 2009 წელს გამოაცხადეს, საქართველოს პარლამენტმა კი იგივე გადაწყვეტილება ერთი წლის შემდეგ, 2010 წლის 21 ივლისს მიიღო.
წყაროები: