თურქეთი საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებას უჭერს მხარს

17 თებერვალი 2016 Shadow

mevlut_chavoshogluთურქეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც ჩავუშოღლუმ აღნიშნა, ყველა პარტნიორთა შეხვედრაზე და ნატო-ს ყველა წევრ ქვეყნის წარმომადგენელთან შეხვედრაზე თურქეთი ყოველთვის აფიქსირებს საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების კუთხით. 

"მინისტერიალზეც, შეხვედრაზეც ყოველთვის ვაყენებთ ამ საკითხს. ბოლო შეხვედრაზეც პირადად მე დავაყენე ეს საკითხი. ვარშავის ნატო- სამიტზეც დავაყენებთ ამ საკითხს, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ამაში", – განაცხადა ჩავუშოღლუმ. 

რაც შეეხება ევროკავშირს, მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით საკმაოდ წინ არის წასული. მან განსკუთრებით აღნიშნა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოს მოქალაქეები სულ მალე იმოგზაურებენ შენგენის ქვეყნებში. 

მანვე აღნიშნა, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. "აფხაზეთის და .. სამხრეთ ოსეთის პრობლემებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში გადაჭრას ვუჭერთ მხარს და ყველა ფორმატში, ყველა პლატფორმაზე ვაფიქსირებთ ამ მხარდაჭერას", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

16 თებერვალს უკრაინაში ვიზიტის დროს რუსეთის აგრესიული ქმედებები გააკრიტიკა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმაც „სანამ ჩვენ აქ მოლაპარაკებებს ვმართავთ, რუსეთი ბომბავს სკოლებს და საავადმყოფოებს სირიის ტერიტორიაზე, რომელიც სავარაუდოდ კასპიის ზღვიდან ბალისტიკური რაკეტის გაშვებით მოხდა. მოსკოვი აგრესიისა და ექსპანსიის პოლიტიკას აგრძელებს. ის, რაც დაიწყო აფხაზეთით, შემდეგ ყირიმში გაგრძელდა. ამჟამად კი სამი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა რუსეთის მიერ დარღვეული - საქართველოს, უკრაინისა და სირიის” - განცხადა მან. 

turqetis_elchi

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცადება გააკეთა თურქეთის ელჩმა საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუმაც. "თურქეთისა და საქართველოს თანამშრომლობა არის საუკეთესო მაგალითი და პრეცედენტი, თუ როგორი ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეს დიდ და პატარა, განსხვავებული რელიგიური მრწამსის ქვეყნებს. ჩვენი მტრები მუდამ ცდილობენ, რომ თურქეთი-საქართველოს მეგობრობას ბზარი გაუჩინონ და იგონებენ ჭორებს, თითქოს თურქეთს გარკვეული ინტერესები აქვს აჭარის რეგიონთან, ბათუმთან და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო - ეს მტკნარი სიცრუეა, რომელსაც მხოლოდ ბოროტი ზრახვები აქვს. თურქეთი დაინტერესებულია, რომ არათუ აჭარა, არამედ აფხაზეთიც და ოსეთიც საქართველოს განუყოფელი ნაწილი გახდეს და მაქსიმუმს გააკეთებს საამისოდ", - განაცხადა მან.

ლევენთ გუმრუქჩუმ უარყო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან- აფხაზეთთან რაიმე სახის სავაჭრო და კულტურული ურთიერთობის არსებობა და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევები არაფორმალური ხასიათისაა და არავითარ შემთხვევაში არ გამოხატავს თურქეთის მთავრობის პოზიციას.  მინდა ნათელი მოვფინო ამ საკითხს: თურქეთში აფხაზური წარმოშობის მრავალი ათასი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს, ისევე როგორც ქართული წარმოშობის თურქი მოქალაქეები და მათ ვერ ავუკრძალავთ თავის ნათესავებთან კავშირებს და ურთიერთობას.- განაცხადა ელჩმა გაზეთ რეზონანსთან საუბრისას.

ლტოვილების პრობლემისა და რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, ელჩის თქმით, „თურქეთის უმთავრესი ინტერესია, რომ საქართველო იყოს სტაბილური, დემოკრატიული და წარმატებული ქვეყანა, საქართველო დასავლეთი-აღმოსავლეთის კარიბჭეა, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისათვის. საქართველო ჩვენი საუკეთესო მეგობარი და მეზობელია, რომელთანაც ვთანამშრომლობთ უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განხორციელებაში, როგორც ორმხრივ ისე სამმხრივ ფორმატში: საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანი.“

 

წყარო: interpressnews.ge