2016 წლის 9 აგვისტოს ნინო ბურჯანაძემ, საინიციატივო ჯგუფთან (მ. აჩბა, ბ. ბაკურაძე, გ. ახვლედიანი, დ. ლორთქიფანიძე, ლ. ჩქარეული, გრ. ბარამიძე, ბ. დანელია, ბ. პეტრიაშვილი, თ. ზურაშვილი) ერთად საქართველოს პარლამენტში განაცხადი შეიტანა კონსტიტუციაში საქართველოს უბლოკო სტატუსის განსაზღვრის შესახებ რეფერენდუმის გამართვისთვის აუცილებელი ხელმოწერების შეგროვებასთან დაკავშირებით. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტს მიმართა და შეტანილი განაცხადის და თანდართული დოკუმენტების ასლ(ებ)ი მოითხოვა.
2016 წლის 17 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით , 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერის საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ გადაეცემა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ.
საინიციატივო ჯგუფის მიერ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ უბლოკო სტატუს გულისხმობს. კონკრეტულად კი, ისინი ითხოვენ საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლს დაემატოს მეხუთე პუნქტი:
„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დაცვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველო არ წევრიანდება რომელიმე საერთაშორისო სამხედრო ბლოკში ან ალიანსში. დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიაზე რომელიმე სამხედრო ბლოკის, ალიანსის და/ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს სამხედრო შენაერთების განთავსება. უბლოკო სტატუსი მოქმედებს 1991 წლის მდგომარეობით აღიარებულ საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებში“ .
უბლოკო სტატუსი გულისხმობს, რომ საქართველო უარს იტყვის ნებისმიერ სამხედრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასა და ნებისმიერი ქვეყნის ჯარების საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებაზე.
საინიციატივო ჯგუფის მიერ კონსტიტუციური კანონის პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს აღარ აქვს ნატოში შესვლის შანსი, თუმცა შანსის არსებობის შემთხვევაშიც კი, აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო იქნება, ვინაიდან ნატოში შესვლა დღევანდელი დე ფაქტო ტერიტორიული იურისდიქციით, ავტომატურად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩამოშორებას ნიშნავს. ასევე, აღნიშნული კანონპროექტი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებასა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
როგორც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) გამოქვეყნებულ დოკუმენტში: „კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა“ აღნიშნულია, ორიდან ერთ-ერთი ძირითადი მითი, რომლის გავრცელების მხარდაჭერაც კრემლის პროპაგანდის ძირითად ამოცანად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქართველოში, არის NATO-ში ინტეგრაციის საფრთხიდან გამომდინარე საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეა. მსგავსი ტიპის განცხადებებს სხვადასხვა დროს ის პოლიტიკური ძალები და მედია-პლატფორმები აკეთებდნენ, რომლებიც პრორუსული ორიენტაციით გამოირჩევიან.
საინიციატივო ჯგუფის არგუმენტი - ნატოში შესვლა ოკუპირებული ტერიტორიების ავტომატურად დაკარგვას ნიშნავს, რეალობას არ შეესაბამება. უპირველეს ყოვლისა, ნატოს წევრ ქვეყნებს აღიარებული აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ასევე, ნატოს ძირითად დოკუმენტში, ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებაში, არსად არის მითითებული, რომ ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას ტერიტორიული პრობლემები აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოგვარებული.
ხელშეკრულების მე-10 მუხლის თანახმად:
„მხარეებს კონსენსუსის გზით შეუძლიათ მოიწვიონ ალიანსში ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც შესწევს უნარი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებას შეუწყოს ხელი და შეიტანოს წვლილი ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“
ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) სტანდარტული ჩანაწერი კი გულისხმობს, რომ თუ წევრობის მსურველ სახელმწიფოს აქვს ტერიტორიული დავა, ის მხოლოდ მშვიდობიანი გზებით შეიძლება გადაწყდეს.
ნატო-საქართველოს ურთიერთობის მანძილზე ოკუპირებული ტერიტორიები არასდროს განხილულა, როგორც გაწევრიანების დამაბრკოლებელი ფაქტორი. ამასთანავე, ნატოს გაფართოებების ისტორიაში არსებობს პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფო გახდა ალიანსის წევრი ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ალიანსის წევრი აღმოსავლეთ გერმანიის ოკუპაციის პირობებში, 1955 წელს გახდა.
მაგრამ, ფაქტია რუსული პროპაგანდის ეს მითი მაინც მუშაობს. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 27 ივლისს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირსა (72 %) და ნატოში (64 %) ინტეგრაციას, თუმცა გამოკითხულთა 29% მაინც მიიჩნევს, რომ უფრო სასარგებლო იქნება ევროპულ და ევროატლანტიკურ ამბიციებზე უარის თქმა „რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების“ სანაცვლოდ.
ნეიტრალიტეტის საკითხი და ქვეყნის ორიენტაციის საკითხი აქტუალური იყო 2008 წელსაც, რის გამოც 2008 წლის 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ქვეყანაში პლებისციტი ჩატარდა, რომლის კითხვა განსაზღვრული იყო შემდეგნაირად: "უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო)?". ქვეყნის 77%-მა მხარდაჭერა გამოუცხადა დასავლურ კურსს.
„უბლოკო სტატუსის“ შესახებ უახლეს ინიციატივას მოწინააღმდეგეები გამოუჩდნენ როგორც მმართველ ძალაში, ისე ოპოზიციაში. „უბლოკო სტატუსის“ საპასუხოდ, „საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ“ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის კონსტიტუციაში განსაზღვრის იდეა წამოაყენა, რაც გულისხმობს, რომ კონსტიტუციის პრეამბულაში, სადაც საუბარია თუ რა სურს ქართველს ხალხს, დაემატოს ფრაზა – „დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში.“ „უბლოკო სტატუსის“ მოწინააღმდეგეების თქმით, უბლოკო სტატუსი დაუცველ, მარტო დატოვებულ საქართველოს ნიშნავს.
კონსტიტუციაში საქართველოს უბლოკო სტატუსის განსაზღვრის საინიციატივო ჯგუფის წევრი, გიორგი ახვლედიანი იმასაც აღნიშნავს, რომ ნატოში გაწევრიანების სურვილი რუსეთთან მუდმივ კონფრონტაციულ რეჟიმში ყოფნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, შესაბამისად, „უბლოკო სტატუსს“ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების გზად მიიჩნევს.
თუმცა, ფაქტები ამას არ ადასტურებენ. კონკრეტულად კი, საქართველოს 1993-2002 წლებში დასავლურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების თაობაზე გაცხადებული გეგმა არ ჰქონდა, მეტიც, ის ყველა იმ ორგანიზაციის წევრი იყო, სადაც დომინანტური პოზიცია მოსკოვს ეკავა. თუმცა, ამ პერიოდში რაიმე პროგრესი კონფლიქტების მოგვარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე არ ყოფილა.
საქართველო წარსულში ნეიტრალიტეტს აღიარებდა. 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო საერთაშორისო ომიანობაში აცხადებდა ნეიტრალიტეტს, რადგანაც „სურდა საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილების დამყარება, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან. „ თუმცა, ამან ხელი ვერ შეუშალა ბოლშევიკურ რუსეთს 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს ოკუპაცია მოეხდინა.
ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე პრეცედენტები გვიჩვენებს, რომ რუსეთისთვის, როგორც საბჭოთა კავშირის ლეგალური მემკვიდრისთვის, საგარეო-პოლიტიკური ინტერესების გზაზე, მეზობელი სახელმწიფოების უბლოკო სტატუსი შემაკავებელი ფაქტორი არ არის და უბლოკო სტატუსს სუვერენიტეტის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით, რეალური შედეგი არ მოაქვს.
საქართველოში ნეიტრალიტეტზე საუბრისას მაგალითად ხშირად „ფინლანდიზაცია“ მოყავთ. ტერმინი "ფინლანდიზაცია" გულისხმობს ფინეთის საგარეო პოლიტიკურ დოქტრინას, რომელიც არეგულირებდა ურთიერთობებს საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის ცივი ომის განმავლობაში. დოქტრინა გულისხმობდა ფინეთის ნეიტრალიტეტს და დასავლურ სამხედრო გაერთიანებებში წევრობაზე უარის თქმას. სანაცვლოდ, ფინეთი მიიღებდა სუვერენულ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და კაპიტალისტურ სახელმწიფოდ განვითარების შესაძლებლობას. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სანამ ორ ფაქტს ერთმანეთს შევადარებთ, საჭიროა კონტექსტის, ეპოქის შედარება. საქართველოს შემთხვევაში რუსეთის ინტერესი განსხვავებულია, ფინეთის მიმართ საბჭოთა ინტერესებისაგან. კონკრეტულად, ცივი ომის პერიოდში ფინეთს ტერიტორიული პრობლემები არ ქონდა რუსეთთან, განსხვავებით საქართველოსგან, რომლის 20% იც ამჟამად სწორედ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
უბლოკო სტატუსის შესახებ რეფერენდუმის საკითხი იმის თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს, თუ როგორ შეიძლება გახდეს საინფორმაციო სივრცეში მიმდინარე კრემლის პროპაგანდა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ - პოლიტიკური მოვლენების მამოძრავებელი.
კონსტიტუციაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს უნდა წარედგინოს, რომელსაც ის სახალხო განხილვისათვის გამოაქვეყნებს. პარლამენტში განხილვა კი მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ იწყება. კანონპროექტი მიღებულად იმ შემთხვევაში ითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი.