უკრაინაში არსებული ვითარება - გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სტატია

18 იანვარი 2022 Shadow

თავდაცვის სახელმწიფო მდივანი ბენ უოლესი ნატოს, უკრაინასა და რუსეთს განიხილავს.

 

იხილეთ ორიგინალური სტატია: www.gov.uk 

 

ბოლო დროს იმდენჯერ მომიწია ჩემი ევროპელი მოკავშირეებისთვის ინგლისური ტერმინის - „ჩალის კაცის“ [Straw Man]  მნიშვნელობის ახსნა, რომ აღარც კი მახსოვს. ეს იმიტომ, რომ საუკეთესო ცოცხალი „ჩალის კაცი“, წარმოსახვითი საფრთხე, ამ მომენტში არის კრემლის განცხადება, რომ თითქოს იგი ნატოსგან საფრთხეს მოელის. ეს "ჩალის კაცი" კიდევ უფრო გაზარდა ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის თავდაცვის მინისტრის გაკეთებულმა კომენტარმა, თითქოს აშშ „პროვოკაციას ამზადებს აღმოსავლეთ უკრაინაში ქიმიური ნივთიერებებით".

ცხადია, კრემლის სურვილია,  რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის რეალური დღის წესრიგის განხილვის  ნაცვლად, ამ ყალბ ბრალდებებში ჩავერთოთ. ფაქტები სწორედ ამაზე მეტყველებს.

პირველ რიგში, ნატო, თავისი არსით, თავდაცვითი ბუნებისაა. ორგანიზაციის მე-5 მუხლი ყველა წევრს ავალდებულებს დახმარება გაუწიოს ორგანიზაციის სხვა წევრ ქვეყანას თუ ის თავდასხმის საფრთხის ქვეშ იმყოფება. არანაირი “თუ” და არანაირი “მაგრამ”!  ორმხრივი თავდაცვა ნატოს ქვაკუთხედია. ეს ვალდებულება ყველას გვიცავს. მოკავშირეები, რომლებიც ისე შორს არიან ერთმანეთისგან, მაგალითად, როგორც თურქეთი და ნორვეგია ან ისე ახლოს, როგორც ლატვია და პოლონეთი, ყველა სარგებლობს ამ შეთანხმებით და ვალდებულნი  არიან რეაგირება მოახდინონ. ეს არის ნამდვილად თავდაცვითი ალიანსი.

მეორე, ყოფილი საბჭოთა ქვეყნები ნატოს საკუთარი სურვილით შეუერთდნენ. კრემლი ცდილობს  ნატო წარმოაჩინოს, როგორც მისი ტერიტორიის ხელყოფის წინააღმდეგ მიმართული დასავლური შეთქმულება, მაგრამ, სინამდვილეში ალიანსში წევრების ზრდა არის ამ სახელმწიფოების ბუნებრივი პასუხი რუსეთის ბოროტ საქმიანობასა და საფრთხეებზე.

მესამე, ბრალდება იმის შესახებ, რომ ნატო რუსეთის ფედერაციის ალყაში მოქცევას ცდილობს, უსაფუძვლოა. ოცდაათი მოკავშირიდან მხოლოდ ხუთია რუსეთის მეზობელი, რომლის საზღვრების მხოლოდ 1/16 არის შემოსაზღვრული ნატოს მიერ. თუ „გარშემორტყმულის“ განმარტება არის თქვენი პერიმეტრის 6%-ის დაბლოკვა, მაშინ ეჭვგარეშეა, რომ მამაც კაცებს, რომლებიც იბრძოდნენ არნემში ან ლენინგრადში მეორე მსოფლიო ომში, ამაზე უფრო მეტი სათქმელი ექნებოდათ.

კრემლს რეალურად საფრთხეს უქმნის არა ნატოს ძალების განლაგება, არამედ მისი ფასეულობები. მოგეხსენებათ, რომ კრემლის ქმედებები რეალურად წარმოადგენს პრეზიდენტ პუტინის მიერ  ისტორიის რეინტერპრეტაციას და მის დაუსრულებელ ამბიციებს უკრაინის მიმართ.

გასულ ზაფხულს, მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე, პუტინმა გამოაქვეყნა საკუთარი სტატია „რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთიანობის შესახებ“. მოგიწოდებთ, წაიკითხოთ, თუ დრო გაქვთ, რადგან ყოვლისმომცველია მისი არგუმენტები, სავსეა  უზუსტობებითა  და წინააღმდეგობებით.

ყველა უნდა დავფიქრდეთ, რადგან ის, რაც თავად პრეზიდენტ პუტინის კალმიდან გამოდის, არის შვიდი ათას სიტყვიანი ესსე, რომელიც ეთნონაციონალიზმს აყენებს მისი ამბიციების ცენტრში. ეს არ არის ის ნარატივი, რომელიც ახლა ტრიალებს ნატოს წარმოდგენითი საფრთხისა და მისი “შემოჭრის” საფრთხეების შესახებ. ის ავითარებს არასწორ და შერჩევით მსჯელობას, რათა გაამართლოს, საუკეთესო შემთხვევაში, უკრაინის დამორჩილება და, უარეს შემთხვევაში, ამ სუვერენული ქვეყნის იძულებით შემოერთება.

პრეზიდენტ პუტინის სტატია სრულად უგულებელყოფს უკრაინის მოქალაქეების სურვილებს და იწვევს იმავე ტიპის ეთნონაციონალიზმს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დაძრწოდა მთელ ევროპაში და ჯერ კიდევ აქვს პოტენციალი გააღვიძოს ძველი, დესტრუქციული ძალები. მკითხველები არა მხოლოდ შოკირებული იქნებიან სტატიის ტონით, არამედ გაოცდებიან, თუ რა მცირედ არის ნახსენები ნატო. ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი აბზაცი ეთმობა მას. არადა, ბოლოს და ბოლოს, ნატოს „ექსპანსიონიზმი“ არ არის კრემლის  შეშფოთების მიზეზი? 

სტატია სამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. პირველი: თითქოს დასავლეთი ცდილობს გამოიყენოს განხეთქილება რუსეთის „სამართავად“. მეორე: ყველაფერი, გარდა მე-17 საუკუნეში ჩამოყალიბებული დიდი რუსეთის, პატარა რუსეთისა და თეთრი რუსეთის  (Velikorussians, Malorussians, Belorussians) ერთიანი ერის იდეისა, არის ხელოვნური კონსტრუქცია და ეწინააღმდეგება ერთიანი ხალხის სურვილებს, რომელთაც აქვთ ერთი ენა და ეკლესია. მესამე, რომ ვინც არ ეთანხმება ზემოხსენებულს, ამას აკეთებს მხოლოდ რუსეთის მიმართ სიძულვილის ან ფობიის გამო.

ჩვენ შეგვიძლია, უარვყოთ პირველი ბრალდება. არავის სურს რუსეთის მართვა. სხვა სახელმწიფოების მსგავსად, ქვეყნის მოქალაქეებმა თავად უნდა განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. რუსეთმა საკუთარი გამოცდილებების მაგალითზე უნდა დაინახოს, რომ ისეთ ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტებს, როგორიც ჩეჩნეთისაა, ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

რაც შეეხება უკრაინას, თავად რუსეთმა აღიარა მისი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სუვერენიტეტი და უზრუნველყო მისი ტერიტორიული მთლიანობა, არა მხოლოდ 1994 წელს ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმოწერით, არამედ 1997 წელს თავად უკრაინასთან გაფორმებული მეგობრობის ხელშეკრულებით. თუმცა, სწორედ კრემლმა დაიწყო უკრაინასა და ევროპის სხვა ქვეყნებში განხეთქილების გაძლიერება და არა დასავლეთმა. ასევე, დადასტურებულია, რუსეთის დაზვერვის მთავარი სამსახურისა და სხვა რუსული უწყებების დემოკრატიულ არჩევნებსა და შიდა დავებში ჩარევის არაერთი მცდელობა.

ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკიცედ სარწმუნო არგუმენტი, რომ უკრაინა არის რუსეთი და რუსეთი უკრაინა, არ არის დიდწილად წარმოდგენილი. თავისი ისტორიის მანძილზე, უკრაინა გაცილებით დიდი ხნით დაშორდა რუსეთს, ვიდრე იყო მასთან გაერთიანებული. მეორე ბრალდებაა, რომ თითქოს ბელარუსის, რუსეთისა და უკრაინის ყველა ხალხი არის "ძველი რუსეთის" შთამომავლები და, შესაბამისად, ყველა რუსია. ისტორიკოსი, პროფესორი ენდრიუ ვილსონი  თავის შესანიშნავ ნარკვევში RUSI-სთვის სათაურით "რუსეთი და უკრაინა: "ერთი ხალხი", როგორც ამას პუტინი ამტკიცებს?" ამბობს, რომ ისინი, საუკეთესო შემთხვევაში, არიან "ნათესავები, მაგრამ არა ერთი და იგივე ხალხი". ანალოგიურად, დაახლოებით 900 წ. ბრიტანეთი შედგებოდა მერსიის, ვესექსის, იორკის, სტრათკლაიდის და სხვა პრე-თანამედროვე სამეფოებისგან, მაგრამ ეს იყო მრავალი ხალხის წარმოშობისა და ეთნიკური წარმომავლობის სამოქალაქო ერი, რომელმაც საბოლოოდ ჩამოაყალიბა გაერთიანებული სამეფო.

თუ გადახედავთ რუსეთის ისტორიას და შეჩერდებით 1654-დან 1917 წლამდე პერიოდზე, მაშინ შეგიძლიათ,  ჩამოაყალიბოთ არგუმენტი უფრო ექსპანსიური, ფართო რუსეთისთვის, სავარაუდოდ, რუსეთის მეფის დევიზის მიხედვით: „მთელი რუსეთის ხელმწიფე: დიდი, პატარა და თეთრი“ - შესაბამისად, რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი. და რაც მთავარია, თქვენ უნდა დაივიწყოთ წინარე და შემდგომი ისტორია.  თქვენ უნდა უგულებელყოთ საბჭოთა კავშირის არსებობა, რუსეთ-უკრაინის მეგობრობის ხელშეკრულების დარღვევა და ყირიმის ოკუპაცია - ისტორიის სქოლიოებში დატანაზე ბევრად მნიშვნელოვანი მოვლენები, დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით. 

ბედის ირონიაა, რომ თავად პრეზიდენტი პუტინი თავის ესსეში აღიარებს: „ყველაფერი იცვლება: ქვეყნები და საზოგადოებები გამონაკლისი არ არის.“  რა თქმა უნდა, ხალხის გარკვეულმა ნაწილმა განვითარების პროცესში, მთელი რიგი მიზეზებისა და ისტორიული გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება შეიცნოს საკუთარი თავი, როგორც ცალკე ერი. როგორ უნდა მივიღოთ ეს ფაქტი? პასუხი მხოლოდ ერთია: პატივისცემით! თუმცა, ის შემდეგ აგრძელებს უგულებელყოფას ზოგიერთი  „ისტორიული გარემოებისა“, რათა მოცემულობა შეესაბამებოდეს მის საკუთარ კრიტერიუმებს. 

რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოა ეს ამართლებდეს როგორც ყირიმის ოკუპაციას (ისევე, როგორც რუსეთმა დაიპყრო ყირიმი 1783 წელს, 1774 წლის ქუჩუქ-კაინარჯის რუსეთ-თურქული ხელშეკრულების უგულებელყოფით) ისე თანამედროვე უკრაინაში, როგორც დამოუკიდებელ სუვერენულ ქვეყანაში, შემდგომ შეჭრას.

დასავლეთის მიმართ  რუსეთის მთავრობის ბოლო ბრალდების მიხედვით, ვინც კრემლს არ ეთანხმება, რატომღაც რუსოფობია. სრული სიმართლეა,  რომ GRU-ს ოფიცრებმა ბრიტანეთის ქუჩებში ნერვული აგენტები მიმოაფრქვიეს, ისიც რომ კიბერჰაკერები და მიზანმიმართული მკვლელობები რუსული სახელმწიფოსგან მომდინარეობს.

რუსეთი და დიდი ბრიტანეთი იზიარებენ მჭიდრო და ხშირად ურთიერთსასარგებლო ისტორიას. ჩვენმა პარტნიორობამ ხელი შეუწყო ნაპოლეონისა და მოგვიანებით ჰიტლერის საბოლოოდ დამარცხებას. კონფლიქტის მიღმა, საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებდით ტექნოლოგიას, მედიცინასა და კულტურას. მე-18 საუკუნეში რუსეთი და ბრიტანეთი მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული.

1704 წლიდან 1854 წლამდე, პეტრე დიდის ეპოქიდან ეკატერინე დიდამდე და მე-19 საუკუნემდე ბრიტანელები იყვნენ ადმირლები, გენერლები, ქირურგები და არქიტექტორები რუსეთის სამეფო კარის ეშელონებში. რუსეთის საზღვაო ძალების მამა -  სამუელ გრეიგ პირველი - დაიბადა შოტლანდიაში, ქალაქ ინვერქიტინგში. 

დღესაც იგივე აღფრთოვანებას იწვევს ეს ყოველივე ორ კულტურას შორის. ბრიტანეთის მთავრობას არ აქვს დავა რუსეთთან და რუს ხალხთან , მაგრამ  ეწინააღმდეგება კრემლის მავნე საქმიანობას.

ასე რომ, თუ იანვრის ან თებერვლის ერთ სუსხიან ღამეს რუსული სამხედრო ძალები კიდევ ერთხელ შეიჭრებიან სუვერენულ უკრაინაში, იგნორირება გაუკეთეთ ნატოს აგრესიის შესახებ ზემოხსენებულ "ჩალის კაცის" ნარატივებს და "ყალბი დროშის" ისტორიებს. სამაგიეროდ, გაიხსენეთ რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები გასულ ზაფხულს გამოქვეყნებულ ესსეში. დაიმახსოვრეთ და ჰკითხეთ საკუთარ თავს, რას ნიშნავს ეს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის ევროპაში. რას ნიშნავს ეს მომავლისთვის…