უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

6 ნოემბერი 2017 Shadow

2014-2017 წლებში, აღმოსავლეთ უკრაინაში, უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში, ათი ქართველი სამხედრო დაიღუპა. ომი აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილში დაიწყო, ადგილობრივ ხელისუფლებასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის. ქართველი ჯარისკაცები აღნიშნულ ომში მალევე ჩაერთნენ, საერთო ჯამში, 2014 წლიდან, 200-ზე მეტი ქართველი სამხედრო მონაწილეობს ამ ბრძოლაში.

ქართველი სამხედროების მონაწილეობას უკრაინის ომში რამდენიმე მიზეზი აქვს:

-  პირველ რიგში, ამ ომში ჩართვა მათთვის საქართველოსა და უკრაინის საერთო მტრის - რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაა. შესაბამისად, ომი არამარტო უკრაინისთვისაა, არამედ საქართველოსთვისაც;

-  აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ გატარებული პოლიტიკა უცხო არ არის საქართველოსთვის. მაგალითად, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე კრემლის მედია და ოფიციალური წარმომადგენლები ცდილობდნენ იგი ქვეყნის შიდა კონფლიქტად მოენათლათ, რაშიც რუსეთს არანაირი როლი არ გააჩნდა;

-  ასევე, 1993 წელს, საქართველოს დასახმარებლად 300-მდე უკრაინელი მებრძოლი ომობდა აფხაზეთის ომში , ძირითადად, უკრაინული ნაციონალისტური ორგანიზაცია უნა-უნსოს წევრები.

-  აფხაზეთის ომში 7 უკრაინელი მეომარი დაიღუპა, უკრაინელი სამხედროები მაიორ ოლეგ ბობროვიჩის მეთაურობით, აფხაზეთის თითქმის ყველა ცხელ წერტილში იბრძოდნენ. მათ შორის, მონაწილეობდნენ სოხუმის გარშემო სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი სიმაღლეების დაცვაში, შემდეგ ქართველი მოსახლეობის ევაკუაციაში.

იგორ მაზურმა, უკრაინელმა ოფიცერმა, აფხაზეთში უკრაინელ მოხალისეთა ერთ-ერთმა ლიდერმა, აღნიშნა, რომ ქართველები ღირსეულად აბრუნებენ ვალს:

ჩვენი ბიჭები იბრძოდნენ და იღუპებოდნენ აფხაზეთში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. დღეს ქართველები ღირსეულად აბრუნებენ ვალს და იბრძვიან და იღუპებიან აქ, უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.“

 

Damoukidebloba.com გთავაზობთ ინფორმაციას უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე

 

გიორგი სარალიძე - ოქტომბერი, 2017

„გიურზას“ მეტსახელით ცნობილი გიორგი სარალიძე დონეცკის აეროპორტის მახლობლად, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. ის იმ ქართველ მოხალისეებს შორის იყო, რომლებიც უკრაინის მხარეს 2014 წლის გაზაფხულზე დონბასის რეგიონში ომის დაწყებიდანვე ჩაებნენ.  გიორგი სარალიძე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე იყო.

giorgi_saralidze_1
დავით სიხარულიძე - 11 მაისი, 2017

ვიცე-პოლკოვნიკი დავით სიხარულიძე რუსი ოკუპანტების ჭურვს ნოვოლუგანსკოეში შეეწირა. ეს სოფელი ოკუპირებული დონეცკიდან 86 კილომეტრში მდებარეობს. სიხარულიძე 2014 წლამდე კრწანისის სასწავლო ცენტრში, განათლების სარდლობაში მსახურობდა. ბოლო ერთი წელი კი უკრაინის სახმელეთო ჯარებში შემავალი, 24-ე ცალკეული მოიერიშე ბატალიონ „აიდარის“ ერთ-ერთი მეთაური იყო.

„აიდარი“ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეჭრის შემდეგ, ძირითადად, ლუგანსკის ოლქში იბრძვის. თავის ბოლო ინტერვიუში დავით სიხარულიძე ამბობს:

ყველა ქვეყანას, რომელიც სამართლიან ბრძოლას ეწევა აქვს პოტენციალი რომ გაიმარჯვოს, მათ შორის, ისეთ პატარა ქვეყანასაც კი, როგორიც საქართველოა. უკრაინას ამის გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს. თუ ვიქნებით ერთად და ჭკუით, ჩვენ გავიმარჯვებთ. პროფესიონალი სამხედროს თვალსაზრისით, უკრაინა სამართლიან ომს აწარმოებს. ეს ერთი მიზეზია, რის გამოც აქ ვარ. არის სხვა მიზეზიც, 90-იან წლებში, როცა ჩვენ გვქონდა სამხედრო კონფლიქტი აფხაზეთში, ძალიან ბევრი უკრაინელი გვეხმარებოდა. ასე რომ ვალს ვაბრუნებთ.“

დავით სიხარულიძე აფხაზეთისა და აგვისტოს ომების ვეტერანი იყო, 2008 წელს, რუს ოკუპანტებთან ომის დროს მძიმე ჭრილობა მიიღო. ასევე, მონაწილეობდა კოსოვოსა და ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციებში.  

 

davit_sixarulidze

 

 

დავით გამსახურდია  - 8 ოქტომბერი, 2016. ბუტოვკის მაღარო, დონეცკი

დავით გამსახურდია უკრაინის შეიარაღებული ძალების 128-ე ბრიგადის ჯარისკაცი იყო. 26 წლის ქართველი მებრძოლი დონეცკის სიახლოვეს, ბუტოვკის მაღაროში, საბრძოლო მოქმედებების დროს მძიმედ დაიჭრა და დნეპრის საავადმყოფოში გარდაიცვალა. დავით გამსახურდია წლების განმავლობაში უკრაინის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ უჟგოროდში ცხოვრობდა და უკრაინის მოქალაქეც იყო.

 

 Davit_Gamsaxurdia

რევაზ წიკლაური- 30 აპრილი, 2016

რევაზ წიკლაური დონეცკის მახლობლად, ქალაქ ავდეევკაში, იმ სტრატეგიული პოზიციის დაცვის დროს დაიღუპა, რომლის გათავისუფლების ოპერაციაში, 2016 წლის თებერვალში, პირადად მონაწილეობდა. შენობას, სადაც ის იმყოფებოდა, ჭურვი დაეცა. რუსულმა ჭურვმა ქართველთან ერთად, კიდევ ორი უკრაინელი მედესანტის სიცოცხლე შეიწირა. რევაზ წიკლაური უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით ირიცხებოდა. ის საჰაერო-სადესანტო ჯარებში შემავალ, 81-ე ცალკეული აერომობილური ბრიგადის, 90-ე სადესანტო მოიერიშე ბატალიონის წევრი იყო. რევაზ წიკლაური ეროვნებით უკრაინელ დედასთან ერთად 2003 წლიდან ცხოვრობდა უკრაინაში.

 

wiklauri

 

ირაკლი ქუთელია - 9 დეკემბერი, 2015

ირაკლი ქუთელია სოფელ ოპიტნოესთან იმ ქვეითთა საბრძოლო მანქანაში იჯდა, რომელიც ორ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა. მასთან ერთად, კიდევ ერთი უკრაინელი მეომარი დაიღუპა, შვიდი კი მძიმედ დაიჭრა.

21 წლის ირაკლი ქუთელია სამხედრო პატივით, ხარკოვის ოლქის სოფელ ალექსეევკაში დაკრძალეს. ცხედარს უკრაინის დროშასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო დროშაც ეფარა. ის ბოლო 18 თვის განმავლობაში ხარკოვის 93-ე ცალკეული მექანიზირებული ბრიგადის პირველი ბატალიონის მებრძოლი იყო. განსაკუთრებული სიმამაცისთვის უკრაინელმა ხალხმა ამ დანაყოფის მეომრებს „კიბორგები“ შეარქვა.

ხარკოვის ოლქის პირველი მაისის რაიონის სამხედრო კომისარი ოლექსანდრ ტომაშევსკი ამბობს:  

ის ძალიან კარგი მეომარი იყო. რამდენჯერმე იყო დაჭრილი, გამოიარა ილოვაისკისქვაბი“, იყო ტყვედ. ასეთი ადამიანები და თავგამოდებული მებრძოლები, მე ვიტყოდი რომ ცოტანი დარჩნენ. ის უკრაინის ნამდვილი პატრიოტი, თუმცა, ეროვნებით ქართველი იყო, რომელიც აფხაზეთში დაიბადა.“ 

თანამებრძოლები განსაკუთრებით გამოყოფენ 2014 წლის სექტემბერში, სოფელ მნოგოპოლესთან მომხდარ შეტაკებას, რომლის დროსაც რიგითმა ქუთელიამ რუსული მოდერნიზებული ტანკი T 72-K ჩაიგდო ხელში, მარტომ დაქოქა და ტროფეის სახით, საკუთარ ქვედანაყოფს ჩააბარა. რუსებმა მისი სიკვდილისთვის ჯილდოდ 25 000 დოლარიც კი დააწესეს.

 Irakli Kutelia

გიორგი ბარათელი - 8  აგვისტო, 2015

24 წლის გიორგი ბარათელი დონეცკთან ახლოს, ბუტოვკის მაღაროში ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა. გიორგი ბარათელი უკრაინის 93-ე ბრიგადის პირველი ბატალიონის მებრძოლი იყო.

 

 barateli

კონსტანტინე ლაშხია - 1 ივლისი, 2015

კონსტანტინე ლაშხიას  ცხედარი 2015 წლის 1 ივლისს აზოვის ზღვაში, მარიოპოლის სანაპიროზე  იპოვეს.  თანამებრძოლები მას დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ. 28 წლის ქართველი სამხედრო, რომელიც წარმოშობით აფხაზეთიდან იყო, უკრაინაში 2014 წლიდან მემარჯვენე სექტორის მერვე ბატალიონში მსახურობდა და არაერთ საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობდა.

 lashxia

გიორგი ჯანელიძე - 18 აპრილი, 2015

ბატალიონ „აზოვის“ წევრი გიორგი ჯანელიძე მარიუპოლში, სოფელ შიროკინოსთან პრორუსი სეპარატისტების  შენაერთებთან და რუსეთის არმიის ნაწილებთან ბრძოლისას დაიღუპა. სამშობლოში ჩამოსვენებამდე ცხედარს სამოქალაქო პატივი კიევის ცენტრში მიაგეს.  ცნობილია, რომ გიორგი ჯანელიძე მაშინ დაიღუპა, როდესაც ის ფრონტის ხაზზე დაჭრილი სამხედროს დახმარებას  ცდილობდა. გიორგი ჯანელიძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. 

 

 janelidze

თამაზ სუხიაშვილი - 17 იანვარი, 2015

თამაზ სუხიაშვილი დონეცკის აეროპორტის შტურმის დროს, დაიღუპა. გარდაცვლილი მებრძოლი ხაშურის რაიონიდანაა, მას ორი მცირე წლოვანი შვილი დარჩა. სუხიაშვილს ერაყისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიებში აქვს მონაწილეობა მიღებული.

 

 suxiashvili

ალექსანდრე გრიგოლაშვილი - 18 დეკემბერი, 2014

ალექსანდრე გრიგოლაშვილი ლუგანსკში, სოფელ შასტიაში დისლოცირებულ სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. ის ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა, როდესაც სეპარატისტები ბატალიონ "აიდარის" მებრძოლებს  დასახლებულ პუნქტ "სტარიი აიდარში" ჩაუსაფრდნენ.   ის იყო პირველი ქართველი სამხედრო, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომში დაიღუპა.

 

 grigolahsvili2