ჟურნალისტ გიორგი ცხვიტავას მიერ 2006 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მომზადებული დოკუმენტური ფილმი „ უკრაინა ნატოში” უკრაინისა და ნატოს ურთიერთობის ისტორიის შესახებ მოგვითხრობს.
უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობა 1991 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო, განსაკუთრებით აქტუალური კი 2004 წლის „ ნარინჯისფერი რევოლუციის “ შემდეგ გახდა, როცა უკრაინამ მკვეთრად პროდასავლური პოლიტიკის გატარება დაიწყო.
რუსეთი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეჩერებას ყველანაირი ხერხით ცდილობდა. საკუთარი ძალების დემონსტრირებისთვის, მან უკრაინასა და ნატოს წევრ რამდენიმე ქვეყანას ენერგო-ომიც გამოუცხადა, ყირიმის ნახევარკუნძულზე კი ანტიდასავლური პროპაგანდა გაატარა.რუსეთის მცდელობებს უშედეგოდ არ ჩაუვლია. ქვეყნის შიგნით მდგომარეობა საგრძნობლად დაიძაბა და მოსახლეობის უმეტესობა ნეგატიურად განეწყო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მიმართ.
თუმცა, ყირიმის ანექსიის და დონბასის ომის შემდეგ, უკრაინის მოსახლეობამ აზრი შეიცვალა. 2015 წლის ივლისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ნატოში გაწევრიანებას ქვეყნის 63% უჭერს მხარს.