უკრაინაში გეორგიევსკის ლენტის პროპაგანდა აიკრძალა

16 ივნისი 2017 Shadow

წყარო: on.ge

 

პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვით, უკრაინის ტერიტორიაზე გეორგიევსკის ლენტის წარმოება და პროპაგანდა იკრძალება.

უკრაინის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, გეორგიევსკის ლენტის, ან მისი გამოსახულების საჯარო გამოყენება, დემონსტრირება ან ტარება ითვალისწინებს ჯარიმას 850-დან 2 550-მდე გრივნას (32-დან 97-მდე დოლარი) ოდენობით და აკრძალული ნივთის კონფისკაციას.

ერთი წლის განმავლობაში კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი, ჯარიმას 2 550-დან 5 100 ათასამდე გრივნას (97-დან 190-მდე დოლარი) ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას აკრძალული ნივთის კონფისკაციასთან ერთად.

"ეს მეორე მსოფლიო ომის სიმბოლიკა არ არის, ეს 2014-2017 წლებში უკრაინის მიმართ აგრესიის სიმბოლოა, რადგან ამ ლენტებით შემკული მებრძოლები ყოველ დღე და ღამე კლავენ ჩვენს ჯარისკაცებს," - განაცხადა პოროშენკომ 21 მაისს, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალთან გამართულ ცერემონიაზე.

მანამდე, 16 მაისს, პრეზიდენტ პოროშენკოს განკარგულებით, უკრაინაში რუსული ინტერნეტ გიგანტი - იანდექსი, სოციალური ქსელები ვკონტაკტე და ოდნოკლასნიკი, ასევე Mail.ru დაიბლოკა. მაისის ბოლოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU), სახელმწიფო ღალატის მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კიევსა და ოდესაში, იანდექსის ოფისები გაჩხრიკა, რის შემდეგაც იანდექსმა აღნიშნულ ქალაქებში თავისი ოფისების დახურვა გადაწყვიტა.

რუსეთმა ყირიმის ანექსია სეპარატისტების მხარდაჭერითა და რეფერენდუმით, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს, 2014 წელს მოახდინა. უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში საბრძოლო მოქმედებები დღემდე მიმდინარეობს.

 

გეორგიევსკის ლენტის წარმოშობისა და დატვრითვის შესახებ ვრცლად იხილეთ damoukidebloba.com -ის სტატია.