მაშინ, როდესაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, საზოგადოებაში ხშირად ისმის მოსაზრება, რომ ავტორიტარული ან ტოტალიტარული სახელმწიფოები, როგორებიცაა ჩინეთი ან ჩრდილოეთ კორეა, გაცილებით უკეთ უმკლავდებიან ეპიდემიას, ვიდრე დემოკრატიული სამყარო. მართალია, ავტორიტარულ და ტოტალიტარულ სახელმწიფოებში ცენტრალიზებული კონტროლი ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე დემოკრატიის პირობებში, მაგრამ ამასთანავე, მათ მიერ გამოყენებულმა მექანიზმებმა შესაძლოა ბევრად უფრო სავალალო შედეგები გამოიღოს, ვიდრე თავად ეპიდემიამ. ერთი მხრივ, ამგვარ სახელმწიფოებს ახასიათებთ ეპიდემიასთან უკიდურესი ზომებით ბრძოლის ტენდენცია, რამაც შეიძლება სხვა, ბევრად უფრო დიდი საჯარო ინტერესი იმსხვერპლოს ან უბრალოდ არაეფექტური აღმოჩნდეს, მეორე მხრივ კი ავტორიტარულ და ტოტალიტარულ სახელმწიფოებს აქვთ იმის რესურსიც და მოტივაციაც, რომ რეალური ინფორმაცია დამალონ ან შეალამაზონ, რითაც საფრთხის ქვეშ აყენებენ როგორც საკუთარ მოქალაქეებს, ასევე მთელ დანარჩენ სამყაროს. ამის ნათელი მაგალითია საბჭოთა კავშირი და მისი „ბრძოლა“ შავი ჭირისა და შიდსის წინააღმდეგ.
საბჭოთა კავშირი შავი ჭირის წინააღმდეგ[1]
შავი ჭირის, რომელმაც ევროპაში მე-14 საუკუნეში იფეთქა, უძველეს კერად ჩინეთი და ცენტრალური აზიის ნაწილი მიიჩნევა. დაავადების გადამტანებად მიიჩნევიან მღრღნელები, რომლებიც ძირითადად მინდვრებში იკეთებენ სოროებს და იქვე ბინადრობენ. ასევე, შავი ჭირის გადამტანებად ითვლებიან მწერები, რომლებიც კბენენ მღრღნელებს, შემდეგ კი - ადამიანებს. ცენტრალურ აზიაში დღემდეა შემონახული 5000-ზე მეტი წლის, ბრინჯაოს ხანის ჩონჩხები, რომლებზეც შავი ჭირის ბაქტერიაა აღმოჩენილი. იმის გამო, რომ ცენტრალური აზია საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა, მე-20 საუკუნეში საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ შავი ჭირის ყველანაირი კერა აღმოეფხვრა, რათა თავიდან აერიდებინა შემდგომი ეპიდემიური აფეთქებები. შავი ჭირის აღმოსაფხვრელად მობილიზებული იყო ათასობით ადამიანი, რომლებსაც ევალებოდათ, რომ შეეწამლათ მინდვრები და დაეწვათ ყველა სახის ბალახი, რითაც შეიძლებოდა გადარჩენილი მღრღნელები გამოკვებილიყვნენ. საბჭოთა ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეს სტრატეგია ოფიციალურად „მუშაობდა“, თუმცა რეალობა განსხვავებული იყო.
შავი ჭირის „აღმოფხვრის“ კამპანია 1930-იან წლებში დაიწყო. შავი ჭირის აღმოსაფხვრელად გადაწყდა, რომ ტოტალურად გაენადგურებინათ მღრღნელები, როგორც ბაქტერიების მთავარი წყარო. მათ წინააღმდეგ გამოიყენებოდა მოწამლული მარცვლეული. საწამლავი შეიცავდა თუთიის ფოსფიდს, შავ ციანიდსა და ბარიუმის ფტორაცეტატს. ათიათასობით ადამიანი იყო მობილიზებული იმისთვის, რომ აღნიშნული საწამლავი სოროებში ჩაესხათ. ამ ადამიანების უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებლები იყვნენ - ძირითადად ქალები და ახალგაზრდა მამაკაცები. თუმცა, გარდა მღრღნელებისა, საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა მწერების განადგურებასაც. ამისათვის ინტესტიციდს ურევდნენ მღრღნელების წინააღმდეგ გამოყენებულ საწამლავს და ამგვარად აფრქვევდნენ ჰაერში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მობილიზებული იყო სამხედრო სატვირთო მანქანები და ვერტმფრენები, რომლებიც საწამლავს ფართო მინდვრებზე ასხამდნენ. ამის შემდეგ იწვებოდა ბალახი, რათა მღრღნელებს საკვები აღარ ჰქონოდათ და იხვნებოდა სოროები, რათა მათ თავი ვერაფრისთვის შეეფარებინათ.
ფოტოები მინდვრების შეწამვლის ადგილებიდან
როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობარში ვკითხულობთ, 1960 წელს საბჭოთა მეცნიერებმა სიამაყით განაცხადეს, რომ 1928 წლის შემდეგ, სსრკ-ის მასშტაბით შავი ჭირის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.[2] თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მეცნიერები სსრკ-ში კვლავ ებრძოდნენ ეპიდემიის კერებს. იმის გამო, რომ დავალებები გაიცემოდა ცენტრალიზებულად და მეცნიერებში არსებობდა წარუმატებლობის აღიარების შიში, რასაც შეიძლებოდა რეპრესიები მოჰყოლოდა, საჯაროდ ვერავინ იუწყებოდა ეპიდემიის კერების შესახებ. ამგვარად, საბჭოთა კავშირი ეპიდემიის წინააღმდეგ რეალურად ბრძოლის ნაცვლად მას უბრალოდ უარყოფდა და არ აღიარებდა დაავადების არსებობას. ერთადერთი ზომა, რაც ასეთ დროს ტარდებოდა, იყო ის, რომ ეპიდემიის კერის ადგილას საიდუმლოდ იგზავნებოდნენ მეცნიერები, ოფიციალურად კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი „სამოგზაუროდ“ მიდიოდნენ.
1998 წელს, რუსულმა გაზეთმა «Совершенно секретно» გამოაქვეყნა საბჭოთა კავშირში შავი ჭირის აფეთქების კერების რეალური სია, რომელიც ასე გამოიყურებოდა: „მოსკოვი - 1939; ვოლგისა და ურალის სამხრეთ რეგიონი -1945; ცენტრალური აზია - 1945; კასპიის ზღვის რეგიონი და თურქმენეთი - 1946; ასტრახანის რეგიონი ყაზახეთში - 1947-1948; თურქმენეთი - 1949; ცენტრალური აზია - 1953, 1955, 1958; იალბუზის რეგიონი - 1970; ყალმუხეთი - 1972, 1979; დაღესტანი - 1975; კასპიის ზღვის რეგიონი, 1980; უზბეკეთი და ყაზახეთი - 1981“. თუმცა, ეს, სავარაუდოდ, არაა ამომწურავი ინფორმაცია, მეცნიერები კი დღემდე მუშაობენ იმაზე, რომ დაითვალოს, შავი ჭირით დაახლოებით რამდენი ადამიანი დაინფიცირდა და გარდაიცვალა საბჭოთა კავშირში.
შავი ჭირის „აღმოფხვრის“ ოპერაცია წარუმატებელი რამდენიმე მიზეზის გამო იყო. უპირველეს ყოვლისა, მინდვრები, სადაც მღრღნელები ბინადრობენ, საკმაოდ დიდ ფართობს შეადგენდა და თითქმის შეუძლებელი იყო მათი სრულად შეწამვლა. საბჭოთა კავშირის შავი ჭირის საწინააღმდეგო სისტემა 100-ზე მეტ ინსტიტუტს მოიცავდა სსრკ-ის მასშტაბით, მაგრამ ეს მაინც არ იყო საკმარისი მინდვრები სრული ფართობის დასაფარად.[3] გარდა ამისა, უმთავრესი პრობლემა იყო თავისთავად შავი ჭირის წინააღმდეგ საბრძოლველ ტაქტიკაშიც, რომელსაც სსრკ მიმართავდა. საქმე ისაა, რომ რომც მოხერხებულიყო მინდვრების სრულად შეწამვლა, ბალახების გადაწვა, სოროების განადგურება და მწერების მოკვლა, ეს გამოიწვევდა ფართომასშტაბიან ეკოლოგიურ კატასტროფას, ვინაიდან ბევრი ცხოველი სწორედ მღრღნელებით იკვებება და მათი არსებობა მღრღნელების არსებობაზეა დამოკიდებული. საბედნიეროდ, ეს ასე არ მოხდა. მღრღნელები დროებით უჩინარდებოდნენ იმ ადგილებიდან, სადაც სსრკ აწარმოებდა „პრევენციის“ ოპერაციას, შემდეგ კი უკან ბრუნდებოდნენ.
1960-იანი წლებიდან, ტოტალური „აღმოფხვრის“ ოპერაცია შეიცვალა ტოტალური კონტროლის მექანიზმით. ვინაიდან შავი ჭირის კერების გაჩენა ნიშნავდა შავი ჭირის ბაქტერიის მატარებელი მღრღნელების მომრავლებას კონკრეტულ ტერიტორიაზე, მეცნიერებმა დაიწყეს მღრღნელების რეგულარული ტესტირება. თუკი კონკრეტულ ადგილას ტესტი დაადასტურებდა შავი ჭირით დაინფიცირებული მღრღნელების არსებობას, მთელი ძალისხმევა მიემართებოდა ამ მიმართულებით. ადამიანებს აფრთხილებდნენ, რომ მორიდებოდნენ მღრღნელებს, პაციენტებს მკურნალობდნენ ანტიბიოტიკებით და გადაჰყავდათ კარანტინში. მოგვიანებით მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის ვაქცინაც გახდა ხელმისაწვდომი. თუმცა, ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ დაბრკოლებად ბოლომდე რჩებოდა საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულება, რომელიც მეცნიერებსა და ექიმებს ავალდებულებდა, რომ მსგავსი შემთხვევები გასაიდუმლოებულიყო. მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლებას შიდსის ვირუსის მიმართ.
შიდსი საბჭოთა კავშირში
შიდსის კლინიკური დიაგნოსტიკა პირველად მოხდა აშშ-ში 1981 წელს. ოფიციალურად, შიდსის პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირში 1987 წელს დაფიქსირდა, თუმცა 1984-ში კიდევ ერთი პაციენტს ჰქონდა დასმული მსგავსი დიაგნოზი, რომლის შესახებაც სამედიცინო ჩანაწერები უეცრად გაუჩინარდა. 1987 წლამდე საბჭოთა კავშირი აცხადებდა, რომ მის ტერიტორიაზე ინფექციის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ზეწოლა ხდებოდა ექიმებზე, რომ შიდსის დიაგნოზი არ დასმულიყო და სახელმწიფო არავითარ ზომას არ იღებდა საკუთარი მოსახლეობის ინფორმირებისა და დაავადების პრევენციის კუთხით. ამასთანავე, ყალბდებოდა სტატისტიკური მონაცემები რისკ-ჯგუფების შესახებ, რომლებიც მოიცავდა ჰომოსექსუალებს, ნარკოტიკების მომხმარებლებსა და სექს-მუშაკებს. შესაბამისად, ვერ ხერხდებოდა ეფექტური პრევენციული პოლიტიკის შემუშავება და მათი დაცვა ინფექციისგან.
ამასთანავე, საბჭოთა კავშირი აქტიურ ინფორმაციულ ომს აწარმოებდა და შიდსის ვირუსის გავრცელებას აშშ-ს აბრალებდა.[4] „ოპერაცია ინფექცია“ - ხშირად ასე მოიხსენიებდნენ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც КГБ-მ წამოიწყო. პირველად თეორია შიდსის ვირუსის ამერიკული წარმომავლობის შესახებ ინდურმა გაზეთმა, „პატრიოტი“ 1983 წელს გამოაქვეყნა.[5] აღნიშული გაზეთი КГБ-ს ხელშეწყობით დაარსდა 1962 წელს. სტატია ეყრდნობოდა „ანონიმურ“ წერილს, რომელიც „ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა და ანთროპოლოგმა“ გაუგზავნა რედაქციას. სტატიის მიხედვით, შიდსის ვირუსი შეიქმნა ფორტ დეტრიკის კვლევით ცენტრში გენური ინჟინრების მიერ. როგორც ავტორი იუწყებოდა, ეს იყო პენტაგონის მცდელობა, რომ შეექმნა ბიოლოგიური იარაღი, რომელიც პირველად ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში გამოსცადეს და დღემდე მიმდინარეობდა მისი გამოცდა პაკისტანში. ორი წლის შემდეგ კი, სსრკ-მ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ დეზინფორმაციის ეს ტალღა გლობალურად გაევრცელებინა და გაიგზავნა ტელეგრამა ბულგარეთში, რომელშიც სსრკ-ის მოკავშირე ბულგარეთის უშიშროებას მიეწოდა ინფორმაცია და დეტალური გაიდლაინი დეზინფორმაციის კამპანიის შესახებ. ერთი თვის შემდეგ კი უკვე ამ თეორიის ფართოდ გავრცელება საბჭოთა კავშირშიც დაიწყო.
1985 წლის 30 ოქტომბერს საბჭოთა ყოველკვირეულმა გამოცემამ, „Литературная Газета" გამოაქვეყნა ვალენტინ ზაპევალოვის სტატია სათაურით „პანიკა დასავლეთში, ანუ რა იმალება შიდსის შესახებ სენსაციის უკან". აღნიშული სტატია იმეორებდა ინდურ გაზეთში გამოქვეყნებულ ნარატივს, თუმცა არაფერი იყო ნახსენები ანონიმური წერილის შესახებ. მალევე იმავე შინაარსის ინფორმაცია გაავრცელეს რადიო „მოსკოვმა“, მისმა ინგლისურენოვანმა ფილიალმა აფრიკაში, გაზეთმა «Красная звезда»-მ, «ТАСС»-მა და «Новости»-მ. გავრცელებული დეზინფორმაციის გასამყარებლად, საბჭოთა კავშირი იყენებდა გერმანელი ბიოფიზიკოსის, იაკობ სეგალის კვლევას (საბჭოთა მედია მას ფრანგ მეცნიერად მოიხსენიებდა, ვინაიდან სორბონის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული). სეგალი საკუთარ კვლევაში გამოთქვამდა ვარაუდს, რომ შიდსი შესაძლოა ხელოვნურად შექმნილი ვირუსი ყოფილიყო, თუმცა აქვე ამბობდა იმასაც, რომ ამის მტკიცებულება არ არსებობდა. საბჭოთა პროპაგანდამ კი ამ ვარაუდს ასაღებდა, როგორც იმის მტკიცებულებას, რომ შიდსი აშშ-მ ხელოვნურად შექმნა. მალევე, რუსული პროპაგანდისტული მედია საშუალებებით, მსგავსი დეზინფორმაციის ტალღა თითქმის მთელ მსოფლიოს მოედო.[6] აღსანიშნავია, რომ საბჭოთა თეორია, რომ შიდსი ხელოვნურად შექმნილი ვირუსი იყო, ეყრდნობოდა დაშვებას, რომ იგი რეტროვირუსების VISNA და HTLV-I -ის ხელოვნური სინთეზის შედეგად მიიღეს. ამგვარი სინთეზის ხელოვნურად გამოწვევა კი შეუძლებელია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით[7], საბჭოთა კავშირი შიდსის ამერიკული წარმომავლობის შესახებ დეზინფორმაციის კამპანიას რამდენიმე მიზნით იყენებდა: სსრკ-ს სურდა გლობალურად აშშ-ის ავტორიტეტის შელახვა და მისი იზოლაცია; სსრკ ცდილობდა განხეთქილება გაეჩინა აშშ-სა და იმ სახელმწიფოებს შორის, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზები იყო განთავსებული; სსრკ ცდილობდა მსოფლიოს ყურადღება გადაეტანა მის მიერვე ბიოლოგიური იარაღის წარმოებიდან ამერიკის „დანაშაულებზე“. აღსანიშნავია, რომ ათწლეულების განმავლობაში არსებობდა მოსაზრება, რომ სსრკ ქმნიდა ბიოლოგიურ იარაღს. სსრკ-ს ბრალდებოდა ანტრაქსის იგივე ჯილეხის ან ციმბირული წყლულის, ტულარემიისა და ქოლერას ხელოვნური განვითარება.
შიდსის მიმართ საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულების შედეგად, სსრკ-ის დანგრევის შემდეგ ფაქტობრივად არ არსებობდა მონაცემები შიდსით დაავადებული ადამიანებისა და რისკ-ჯგუფების შესახებ. ამის მთავარი მიზეზი კი სსრკ-ის შიგნით დაავადების შემთხვევების დამალვა და ინფექციის წინააღმდეგ პრევენციული მექანიზმების გატარების ნაცვლად, მისი პოლიტიზირება იყო.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლებას არც საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ შეუწყვეტია მსგავს თემებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელება. რუსული პროპაგანდა აშშ-ს აბრალებდა ზიკასა და ებოლას ვირუსების განვითარებას.[8] ამავე დეზინფორმაციის კამპანიის ფარგლებში, რუსული მედია აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას, რომ საქართველოში არსებული ლუგარის ლაბორატორიას ამერიკა ბიოლოგიური იარაღის გასავრცელებლად იყენებდა.[9] ჩინეთში ახალი კორონავირუსის აფეთქების შემდეგ კი რუსულმა პროპაგანდამ დაიწყო ახალი თეორიის ლობირება, რომ ვირუსი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შექმნა და ის ეთნიკური ნიშნით ვრცელდება.[10] კორონავირუსის პანდემიის დროს რუსეთში დაფიქსირებული მსგავსი ტენდეციების გამო კი ჩნდება ეჭვი, რომ რუსეთი შესაძლოა წინა შემთხვევების მსგავსად დღესაც მალავდეს ან არასათანადო ყურადღებას უთმობდეს მის ფარგლებში დაფიქსირებულ შემთხვევებს, რაც საფრთხეს უქმნის როგორც მის მოქალაქეებს, ასევე სხვა სახელმწიფოებს, განსაკუთრებით კი - მეზობელ ქვეყნებს.
წყაროები:
[1] https://www.theatlantic.com/science/archive/2019/05/when-soviets-tried-to-eradicate-the-plague/589570/
[2] https://apps.who.int/iris/handle/10665/267447
[3] http://www.nonproliferation.org/wp-content/uploads/cns-archive/antiplague/sonia.pdf
[4] https://www.mythdetector.ge/ka/myth/sabchota-kgb-s-miti-shidsis-virusis-carmomavlobis-shesakheb-sakinpormshi
[5] https://static01.nyt.com/images/2017/12/13/us/politics/13dc-disinfo2/merlin_131179325_4a867223-3bdf-4e56-a5aa-7045df25b618-superJumbo.jpg?quality=90&auto=webp
[6] https://www.nytimes.com/2017/12/12/us/politics/russian-disinformation-aids-fake-news.html
[7] https://www.globalsecurity.org/intell/library/reports/1987/soviet-influence-activities-1987.pdf
[8] https://euvsdisinfo.eu/conspiratorial-virus/
[9] https://www.bbc.com/news/av/world-46157507/russian-disinformation-and-the-georgian-lab-of-death
[10] https://www.youtube.com/watch?v=V9jmyrqmTTM&feature=youtu.be&fbclid=IwAR3YHmZzoZ1vohShbw8onE-POZCCLgUXsn4NTCkpaUgDE3xdxfb_dY_t5C4