ვალენტინა ფაილოძე დაიბადა 1927 წელს, თბილისში. მისი მამა, სერაპიონ ფაილოძე მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. დაბრუნების შემდეგ კი გადაასახლეს ე.წ. “საფილტრაციო ბანაკში”.
ვალენტინა ფაილოძე 15 წლიდან სწავლობდა კონსერვატორიაში, თუმცა ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ დაასრულა. 1964 წლიდან იყო საპატრიარქოს მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი.
ვალენტინა სერაპიონის ასული ფაილოძე (1927 - დაახ. 2010)
მისი აქტიური ჩართულობით, წირვა-ლოცვა აღდგა ჯერ თბილისის სიონის, ხოლო შემდეგ სვეტიცხოვლის ტაძრებში, რომლებშიც ჩამოაყალიბა მგალობელთა გუნდები.
ვალენტინა ფაილოძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 1974 წლის 23 მარტს, როგორც ბრალდებაშია აღნიშნული - „…საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე“.
1974 წლის 23 მარტს ფაილოძე გამოიძახეს ადგილობრივ მილიციაში „საცხოვრებელთან დაკავშირებულ საკითხზე“ და იქიდან გადაიყვანეს თბილისის №1 წინასწარი დაკავების იზოლატორში, მიუხედავად იმისა, რომ ავად იყო.
მას ბრალი წაუყენეს საქართველოს სსრ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილით - გავრცელება შეგნებულად ცრუ მონაჭორისა, რომელიც სახელს უტეხს საბჭოთა სახელმწიფო და საზოგადოებრივ წეს-წყობილებას (რუსეთის ფედერაციის სსრ-ის კოდექსის 190-1 მუხლი) და 233-ე მუხლის მეორე ნაწილით - მოქალაქეთა უფლებების დარღვევა რელიგიური რიტუალების შესრულების საბაბით (რუსეთის ფედერაციის სსრ-ის კოდექსის 227-ე მუხლის მეორე ნაწილი).
საბრალდებო საქმე
ბრალდებაში ნათქვამი იყო, რომ 1970-1974 წლებში ფაილოძემ დაწერა და გაავრცელა 136 ანონიმური წერილი. წერილები დაიგზავნა საქართველოში, სხვადასხვა ორგანიზაციაში: ცენტრალურ კომიტეტში, მინისტრთა საბჭოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, მეცნიერებათა აკადემიაში, მწერალთა კავშირში, სასამართლოებში, სამხედრო კომისარიატებში, რაიონულ პარტკომებში, რაიონის საბჭოებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ტელევიზიაში და ასევე რიგ კულტურულ მოღვაწეებთან.
ბრალდების თანახმად, ამ წერილებში ფაილოძე „ლანძღავდა“ საბჭოთა კომუნისტური პარტიისა და სახელმწიფოს დამფუძნებელს [ლენინს], პარტიისა და საბჭოთა ოფიციალურ პირებს; მოუწოდებდა პარტიის და კომკავშირის წევრებს, დაეხიათ პარტიული და კომკავშირის ბილეთები; მოითხოვდა ხელმძღვანელების გადადგომას და იმუქრებოდა მათი განადგურებით (ბრალდებაში ნათქვამი იყო: „…თორემ ღმერთის სახელით დაწყევლით დაემუქრა“).
ის ასევე მოუწოდებდა მასწავლებლებს, შეეწყვიტათ განათლების პროცესი, არ მიეღოთ მონაწილეობა 7 ნოემბრის დემონსტრაციებში და არ ეტარებინათ ვ. ი. ლენინის და სხვა ლიდერების პორტრეტები გამარჯვების აღლუმზე. მწერლებს მოუწოდებდა, საბჭოთა სისტემისთვის პანეგირიკების მიძღვნის მაგიერ, მაგალითად, ყურადღება გაემახვილებინათ დავით გარეჯის მონასტერზე, რომელსაც ანგრევდა იქვე მოწყობილი საარტილერიო პოლიგონი.
იმავე ანონიმური წერილებში აკრიტიკებდა საბჭოთა სოციალურ სისტემას და მოსახლეობას, მოუწოდებდა საზოგადოებას პასიური წინააღმდეგობისკენ და „ახალგაზრდებს მოუწოდებდა, არ ემსახურათ წითელ არმიაში... “აიძულებდა წამყვან მეცნიერებს - მიეტოვებინათ შემოქმედებითი საქმიანობა…”
გარდა ამისა, საქმის მასალების თანახმად: „... ვ.ს. ფაილოძე სისტემატურად არღვევდა მოქალაქეთა პირად თავისუფლებასა და უფლებებს [საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 233-ე მუხლი], კერძოდ, ის სისტემატურად ახორციელებდა რელიგიური რიტუალების პროპაგანდას...“
განაჩენის ტექსტში მოწმეთა ჩვენებაზე მხოლოდ ერთი მითითებაა. დასახელებულია, რომ „... ფაილოძემ 1973 წლის 5 და 6 ნოემბერს თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ორი ანონიმური წერილი გაავრცელა ...“ ეს წერილები აღმოაჩინეს სტუდენტებმა. განაჩენში ფაილოძის ავტორად დასახელების საფუძვლად მოყვანილია მხოლოდ ხელნაწერის ექსპერტიზის შედეგები. პროკურორ ჯაფარიძის მიერ ხელმოწერილ და განაჩენს თანდართულ დოკუმენტში მითითებულია: „მატერიალური მტკიცებულებები არ არსებობს“.
ვალენტინა ფაილოძის პროცესი ორჯერ გადაიდო — 12 და 18 ივნისს. პირველად ფაილოძის პროტესტის გამო, რაც პროცედურული დარღვევების (მათ შორის, პროკურორ ჯაფარიძის მიერ მასზე ზეწოლის), არაჰუმანური საპატიმრო პირობების, და იმ ფაქტის გამო, რომ მის მიერ არჩეულ ადვოკატს, დ. ბაქრაძეს, არ აძლევდნენ მასთან შეხვედრის საშუალებას. მეორედ — ავადმყოფობის გამო (მას სასამართლო დარბაზში გული წაუვიდა). პროცესი, საბოლოოდ, ჩატარდა 26 ივნისს.
ვალენტინა ფაილოძემ ბრალი არ აღიარა. ის, როგორც წინასწარი გამოძიების დროს, ისე პროცესზე, უარყოფდა, ანონიმური წერილების დაწერასა და მცდარი ინფორმაციის გავრცელებას.
პროცესზე მოწმეებად დაიკითხნენ სტუდენტები, რომელთაც არასდროს ენახათ ფაილოძე. მათ მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ ინსტიტუტში იპოვეს წერილები. სასამართლოში არ გამოუძახებიათ ხელნაწერის არცერთი ექსპერტი და ექსპერტიზის დასკვნები ვერ დამოწმდა სასამართლო გამოძიების დროს.
განაჩენს თანდართული დოკუმენტის მიუხედავად, პროკურორმა სასამართლოში წარადგინა ერთი მატერიალური მტკიცებულება — წერილი, რომელიც, მისი თქმით, ფაილოძის მიერ იყო ხელმოწერილი და მისი ბინის ჩხრეკის დროს ამოიღეს. ფაილოძე უარყოფდა, რომ ხელმოწერა მისია. აღსანიშნავია, რომ ეს წერილი ჩხრეკის აქტში არ ფიგურირებდა.
ფაილოძემ სასამართლოში განაცხადა, რომ დაკითხვისას გამოყენებული იყო უკანონო მეთოდები: ის რამდენჯერმე მოათავსეს სამარტოო საკანში, ემუქრებოდნენ ცემით. ფაილოძემ ასევე აღნიშნა, რომ მისი დაპატიმრების რეალური მიზეზი იყო КГБ-ს სურვილი, მისი, როგორც სახიფათო მოწმის დისკრედიტება მოეხდინათ. მისი თქმით, სასამართლო პროცესი იყო შედეგი იმისა, რომ მან რამდენჯერმე ამხილა КГБ-ს თანამშრომლები და მათ მიერ მოსყიდული საეკლესიო პირები, რომლებიც 1972 წელს საპატრიარქოს ძარცვასა და სხვა კანონდარღვევებში მონაწილეობდნენ.
1974 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, ფაილოძეს მიესაჯა 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა 206-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 233-ე მუხლის მეორე ნაწილით. ფაილოძემ სასჯელი მოიხადა თბილისის ქალთა კოლონიაში.
წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის დროს, ფაილოძე აქტიურად მონაწილეობდა მსჯავრდებულთა აქციაში, რომელიც დაიწყო 1974 წლის 16 მაისს, 12 საათზე ღამით, მსჯავრდებულებმა ყველა ბარიერი დაარღვიეს და ციხის ეზოში გავიდნენ, სადაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. დილის 5 საათისთვის დაუმორჩილებლობის აქტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა, თუმცა დაიჭრა მრავალი ადამიანი.
აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით მოსკოვიდან ჩავიდა კომისია, რომელსაც ფაილოძემ წერილით მიმართა ციხის ხელმძღვანელობის სისასტიკისა და წამების ფაქტებთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ განსაკუთრებული სისატიკით გამოირჩეოდა ჯალათი ცირეკიძე, რომელმაც წამების დროს მოკლა ერთ-ერთი მსჯავრდებული. ფაილოძემ წერილით ასევე მიმართა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკ-ს პირველ მდივანს ე. შევარდნაძეს 38 მსჯავრდებულის შესახებ, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ სხვათა მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის. მოგვიანებით ისინი გაათავისუფლეს, ხოლო ცირეკიძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს მოვლენები და ფაილოძის წერილებში მოყვანილი ზოგიერთი მასალა განხილული იყო პარიზში ჟურნალ „თავისუფალი ტრიბუნის“ 1975 წლის ორ ნომერში (No 1, 2) გიორგი წერეთლის მიერ.
1976 წელს გათავისუფლების შემდეგ მან განაახლა ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობა. იყო ჰელსინკის შეთანხმების მხარდამჭერი ჯგუფის წევრი, რომელშიც ასევე შედიოდნენ: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ირაკლი სამხარაძე, თეიმურაზ ჯანელიძე.
1977 წლის 7 აპრილს დააკავეს ზ. გამსახურდია და მ. კოსტავა. ფაილოძე მკაცრად კონტროლდებოდა КГБ-ს მიერ. 6 მაისს კი ხელმეორედ დააკავეს. მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას აღმოაჩინეს მსგავსი შინაარსის წერილები, რომლებიც არ გავრცელებულა, და "315 ბროშურა, რომლითაც მოსახლეობას მოუწოდებდა უარი ეთქვათ საზოგადოებრივ საქმიანობასა და სამოქალაქო ვალდებულებების შესრულებაზე". გამოძიება ცდილობდა მაქსიმალურად დაემძიმებინა ფაილოძის "დანაშაული", რომელიც განსაზღვრა 233-ე მუხლის პირველი ნაწილით (პერსონალურ უფლებებსა და მოქალაქეთა უფლებების დარღვევა რელიგიური რიტუალების შესრულების საბაბით), ასევე 153-ე მუხლის მეორე ნაწილით (თაღლითობა), ფაილოძის მიერ სესხის ფულის უკან დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
სასამართლოს სხდომაზე პროვოკაციული ბრალდების უარყოფის შემდეგ, 153-ე მუხლის მეორე ნაწილი ბრალდებიდან ამოიღეს. ასევე მოხდა 233-ე მუხლის მეორე ნაწილის გადაკვალიფიცირება 233-ე მუხლის პირველი ნაწილად. თბილისის საქალაქო სასამართლოს 1978 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით. 14 იანვარს ფაილოძე გადაიყვანეს ახალ დასახლებაში, რომელიც მდებარეობდა ქ. ჩელკარიდან 320 კმ.-ში, ყაზახეთის სსრ-ის სტეპში. მან შეძლო და ტელეფონით დაუკავშირდა დისიდენტ ავგუსტა რომანოვას, რომელმაც მეორე დღეს მოსკოვიდან 500 მანეთი გაუგზავნა, მოგვიანებით კი, თბილი ტანსაცმელი.
3 მარტს ფაილოძემ თვითნებურად დატოვა დასახლება, გაემგზავრა მოსკოვში, შეხვდა რომანოვასა და მღვდელმსახურ გლებ იაკუნინს, რომლებიც არწმუნებდნენ, რომ დაბრუნებულიყო უკან, მაგრამ ფაილოძე საქართველოში გაემგზავრა, ქალაქ ქუთაისში, სადაც თავის ქალიშვილს ზინაიდას მიაკითხა. ქალიშვილმა უამბო მას გაუსაძლის მდგომარეობაზე, შიმშილობაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და КГБ-ის მიერ დევნაზე, რომ მას არ იღებდნენ სამსახურში. ფაილოძემ წერილები მისწერა საქართველოს სსრ-ის КГБ-ს თავმჯდომარეს გენერალ ინაურს და საქართველოს კპ სსრ-ის პირველ მდივანს ედუარდ შევარდნაძეს. წერილებში ფაილოძემ აღნიშნა, რომ დატოვა გადასახლების ადგილი, ახლა საქართველოშია და მოითხოვს რეპრესიების შეწყვეტას მისი შვილების მიმართ. ამ წერილების შემდეგ მის სახლზე თბილისში "მეთვალყურეობა" შეწყდა. ის საკუთარი ინიციატივით, ქუთაისის პოლიციას ჩაბარდა, იმ პირობით, რომ მას გაქცევის სასჯელი არ გაუხანგრძლივდებოდა.
ფაილოძე ისევ გააგზავნეს ყაზახეთში, სოფელ სარალჯინში, სადაც მან გაიცნო უკრაინელი დისიდენტი ვალერი მარჩენკო, რომელმაც ფაილოძეს ინტერვიუ მისცა. მან კიდევ ერთხელ თვითნებურად დატოვა გადასახლების ადგილი, გაემგზავრა მოსკოვში, 1979 წლის 17 ოქტომბერს კვლავ შეხვდა ავგუსტა რომანოვასა და მღვდელმსახურ გლებ იაკუნინს, რომელთაც გადასცა მარჩენკოსთან ინტერვიუ და თავისი ინტერპრეტაცია იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების მე-13 და მე-17 თავების შესახებ. ეს მოგზაურობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან შეუმჩნეველი დარჩა.
სასჯელის მოხდის შემდეგ ფაილოძე 1981 წლის იანვარში დაბრუნდა თბილისში, დაიწყო აქტიური საქმიანობა მართლმადიდებლობისა და ეკლესიის სიწმინდის დაცვისთვის, სადაც დიდი გავლენა ჰქონდათ ეკლესიის მსახურებს, რომლებიც თანამშრომლობენ КГБ-სთან. ფაილოძემ როგორც საერთაშორისო ამნისტიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის წევრმა, გააგზავნა ინფორმაცია ლონდონში (ცენტრი ლონდონში იყო დაარსებული), ძირითადად, მცდარი და ამორფული სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ. ამ მიმართულებით თავისი აქტიური შრომით შეძლო მოსკოვში აკრედიტებული ინგლისური და ფრანგული მედიის თანამშრომლების დასწრება თბილისის საავიაციო ქარხნის შვიდი თანამშრომლის სასამართლო პროცესზე, რომლებსაც სასიკვდილო განაჩენი მიესაჯათ. მან ასევე მიაღწია სვირიდენკოსა და ძმებ ჩხეიძეების გათავისუფლებას, რომლებსაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. ფაილოძემ მიმართა საერთაშორისო ამნისტიისა და ადამიანის უფლებათა ცენტრს ნინა კაფანოვას საკითხზე, რომელსაც 2 წელი მიუსაჯეს და მის გათავისუფლებას ითხოვდა.
1983 წელს კიდევ ერთხელ დააპატიმრეს. 25 მაისს, თბილისის სასამართლომ მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით გადასახლება მიუსაჯა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის II ნაწილით (მოქრთამვა). ფაილოძემ სასჯელი ნოვოსიბირსკის ბანაკებში მოიხადა. იყო მისი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანის მცდელობაც, მაგრამ მისი ქალიშვილის ზინაიდას ძალისხმევით, КГБ-ს ეს გადაწყვეტილება გააუქმა მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოების აქტიური ჩარევის წყალობით 1988 წლის დეკემბერში. ფაილოძემ არ დატოვა ბანაკი, სანამ მისი სასამართლო პროცესი არ შედგა და მისი ბრალდება ქრთამის გაცემაზე უსაფუძვლოდ არ აღიარეს.
ვალენტინა ფაილოძის საქმეებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ადამიანის უფლებათა დაცვის მოძრაობის ფორმირებასა და განვითარებაში საქართველოში. იგი აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოება “მემორიალის” მუშაობაში.