ვაჟა ჟღენტი - საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი

13 თებერვალი 2025 Shadow

ვაჟა ჟღენტი დაბადა 1938 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფ. ჩაისუბანში.  ჟღენტის მამა - 1936 წელს პარტიული შემოწმების დროს წაყენებული ბრალდების საფუძველზე, რომ ის ბუხარინელი იყო, გაირიცხა პარტიიდან და გათავისუფლდა ბათუმის პირველი საშუალო სკოლის დირექტორის თანამდებობიდან. იგი დაბრუნდა თავის სოფელში და დაიწყო მუშაობა ბიბლიოთეკარად სოფ. ხიდისთავში. შემდეგ ოჯახთან ერთად გადავიდა სამხრეთ საქართველოში და დაიწყო მუშაობა სოფ. ჩეჩლას სკოლის დირექტორად. 

 

ადიგენის რაიონის სოფელ მოხეს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ვაჟა ჟღენტი, შევიდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, საიდანაც გარიცხეს აუდიტორიებში პროკლამაციების გავრცელებისთვის, რომელშიც იყო მოწოდება  არ მიეღოთ მონაწილეობა 25 თებერვლის - საქართველოს გასაბჭოების დღის აღნიშვნაში. გარკვეული დროის შემდეგ იგი აღადგინეს იმ პირობით, რომ სხვა სასწავლებელში გადავიდოდა. ჟღენტი გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში გადავიდა, რომელიც 1961 წელს დაასრულა. ამის შემდეგ იგი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. დაბრუნების შემდეგ მუშაობა მათემატიკის მასწავლებლად, იმავე სკოლაში დაიწყო, სადაც თვითონ სწავლობდა. გახდა კოპარტიის წევრიც. 

1969 წ. თავი დაანება მუშაობას, რადგან გადაწყვიტა არალეგალური საქმიანობით დაკავებულიყო და ეს  მასწავლებლის საქმიანობასთან შეუთავსებლად მიიჩნია. ჟღენტმა დაიწყო არალეგალური ლიტერატურის გაცნობა, რამაც, მისი თქმით, განსაზღვრა მისი როგორც პოლიტიკური ფორმაციების თეორეტიკოსად ჩამოყალიბება. ჟღენტი საცხოვრებლად ქალაქ რუსთავში, დასთან გადავიდა და დაიწყო მუშაობა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საზოგადოება “ცოდნის” პასუხმისგებელ მდივნად.

ჟღენტი პარტიიდან გარიცხეს მისი ერთ-ერთი უფროსის განცხადების საფუძველზე იმის შესახებ, რომ იგი ეწეოდა ანტისაბჭოთა პროპაგანდას და ინახავდა ამგვარი ხასიათის ხელნაწერებს. სამი თვის შემდეგ ვაჟა ჟღენტმა განცხადებაში დაწერა, რომ იზიარებს სოციალიზმის იდეებს და აქტიურად იბრძოლებს მისთვის, რის შემდეგაც იგი პარტიაში აღადგინეს. 

თანამოაზრეებთან ვ. ჭითავასთან, ს. გოგიასთან და ზ. მუმლაძესთან ერთად ჟღენტი 70-იანი წლების ბოლოს ქ. რუსთავში ქმნის არალეგალურ პოლიტიკურ ორგანიზაციას - "ეროვნული თვითშეგნების აღორძინება".

ორგანიზაციის აქტიური წევრები 1980 წლის აპრილში დააკავეს. მათი ბინების ჩხრეკისას აღმოჩენილი იქნა: 500 ცალი პროკლამაცია ქართულ ენაზე შემდეგი ტექსტებით - "არ აღვნიშნოთ საქართველოს გასაბჭოების დღე 25 თებერვალი", "25 თებერვალი გლოვის დღეა", - "სამსახურში, სასწავლებლებში გამოცხადდით შავი სამკლაურებით". აღნიშნული შინაარსის პროკლამაციები არალეგალური ორგანიზაციის წევრებმა (განაჩენის თანახმად, ორგანიზაციაში იყო დაახლოებით 10 პირი) გაავრცელეს 1979 წლის 17 თებერვალს, ერთსა და იმავე დროს 8-დან 9 საათამდე, სამ ქალაქში: თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში და მარჯანიშვილის თეატრში და ქუთაისისა და გორის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. ჩხრეკისას ასევე ამოღებული იქნა ჟღენტის ხელნაწერი ნაწარმოებები, როგორც ეს აღნიშნულია განაჩენში, პროგრამული ხასიათის - "რა უნდა იცოდეს და გააკეთოს ყოველმა ქართველმა, რომ იყოს ჭეშმარიტი და თანმიმდევრული პატრიოტი" და 1977 წელს დაწერილი "სიტყვა, წარმოთქმული საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავ მიტინგზე, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მიერ 198... წელს". ნაწარმოებები შეიცავდა მოწოდებებს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისკენ, საბჭოთა სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი წყობის, კომუნისტური პარტიის საშინაო და საგარეო პოლიტიკის კრიტიკას. ჟღენტი ამ ნაწარმოებებში მკაცრად მიჯნავდა ბოლშევიზმს სოციალიზმისგან და კომუნისტური მსოფლმხედველობისგან, იძლეოდა თავის ხედვასპოლიტიკური მიმდინარეობების შესახებ და აყალიბებდა ახალ სოციალისტური ტიპის ფორმაციას, რომელსაც უწოდებდა 21-ე საუკუნის პროგრესისტულ ფორმაციას. ის ასევე ასაბუთებდა საბჭოთა იმპერიის დაშლის გარდაუვალობას 1985-90 წლებში.

საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს 1980 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვაჟა ჟღენტს მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შემდგომში 3 წლით გადასახლებით, ვ. ჭითავას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შემდგომში 2 წლით გადასახლებით და ს. გოგიას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თანამოაზრეები სასჯელს იხდიდნენ პერმის ოლქის პოლიტიკურ ბანაკებში.

ვაჟა ჟღენტი ბანაკში აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, გაფიცვებში. მან მოიხსნა სამკერდე იარლიყი და გამოაცხადა თავი პოლიტპატიმრად. უარი თქვა მუშაობაზე, მწყობრში დგომაზე, რის გამოც გადაიყვანეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, იქიდან კი საავადმყოფოში. 1981 წლის თებერვალში, პოლიტპატიმარ მიროსლავ მარინოვიჩის ინიციატივით შედგენილ იქნა რეიგანისადმი დეპეშის ტექსტი, რომელსაც ხელი მოაწერეს ცნობილმა პოლიტპატიმრებმა: ანტანას ტერლიაცკასმა, ვიქტორ ნეკიპელოვმა, ნორიკ გრიგორიანმა, ალექსანდრე საფრონოვმა, მიროსლავ მარინოვიჩმა და ვაჟა ჟღენტმა. დეპეშაში სიტყვები "ბოროტების იმპერია" შევიდა სწორედ ვაჟა ჟღენტის დაჟინებით.

გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ 1986 წელს იგი კვლავ ჩაერთო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. აქვეყნებდა სტატიებს, რეაგირების გარეშე არ ტოვებდა პოლიტიკურ მოვლენებს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 

ვაჟა ჟღენტი ს. გოგიასთან და გ. გოგბაიძესთან ერთად მიწვეული იყო პოლიტპატიმართა კონფერენციაზე რეპინოში 1991 წლის 10 დეკემბერს, სადაც  გამოვიდა სიტყვით, აღნიშნა რა, რომ ე.წ. “პერესტროიკის” პერიოდის (1986-91წწ.) ეროვნულ მოძრაობას საქართველოში თვლის ავანტიურისტებისა და კარიერისტების პროვოკაციულ საქმიანობად. 1997 წლის 27 ივნისს ჟღენტი მიწვეული იყო "სტალინიზმის პოლიტპატიმართა კავშირის" მიერ გერმანიაში ორგანიზაციის 40 წლის იუბილეზე. ჟღენტის თხოვნითა და გერმანელი და უნგრელი წარმომადგენლების წინადადებით, საქართველო მიღებული იქნა ანტიკომუნიზმისა და ანტისტალინიზმის საერთაშორისო ასოციაციაში.

1992 წლიდან ვაჟა ჟღენტი იყო საზოგადოება "მემორიალის" გამგეობის წევრი. 1995 წელს არჩეული იქნა საქართველოში საბჭოთა პერიოდის პოლიტპატიმართა გაერთიანების თანათავმჯდომარედ, "საქართველოს მშრომელთა უფლებების დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარედ, ხოლო 1996 წლიდან "პროგრესისტული პარტიის" თავმჯდომარედ, რომელმაც წამოაყენა მისი კანდიდატურა 2000 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე. ვაჟა ჟღენტი 2019 წელს გარდაიცვალა.

 

ფოტო: საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორია.