წყარო: interpessnews.ge
ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (COREPER) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა.
კონკრეტულად, როგორც ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, COREPER-მა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა საკითხს, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე მოლაპარაკებები ევროკავშირის საბჭოში გაგრძელდეს.
"დღეს საბჭომ კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხთან დაკავშირებით. მხედველობაში მივიღეთ ქვეყანაში გატარებული რეფორმები. ევროკავშირის უმაღლეს პირებს სჯერათ, რომ რეფორმების გზა სწორია და წახალისებული უნდა იყოს. პროცესის დასასრულებლად ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს", - განაცხადა ევროკავშირში სლოვაკეთის მუდმივმა წარმომადგენელმა პეტერ იავორჩიკმა.
COREPER-ი მხარს უჭერს ევროკომისიის წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის 90 დღის განმავლობაში.
ევროკავშირის საბჭომ მხედველობაში მიიღო, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ძალაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედების პარალელურად შევა.
ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხისთვის მხარის დაჭერას გამოეხმაურა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე.
"მინდა ყველას მივულოცო ის, რომ დღეს ერთხმად ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერით ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ. ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი გამომდინარე იქიდან, რომ უახლოეს მომავალში პლენარულ სხდომაზე გადაწყდება ის კონკრეტული თარიღი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები დაიწყებენ უვიზოდ მოგზაურობას. ეს არის იმ შრომის დაფასება, საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფორმების მხარდაჭერის დაფასება და აქედან გამომდინარე უმნიშვნელოვანესი სარგებელი, რომელიც ექნება ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილებით,- „განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩის განცხადებით კი, საქართველო ვიზალიბერალიზაციას დიდი ხანია იმსახურებს:
"მე უკვე არაერთხელ განვაცხადე, რომ საქართველო დიდი ხანია, იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას. ფორმალური დაბრკოლებები ამ მხრივ არ არსებობს. მჯერა და ვიმედოვნებ, რომ ახლა არის რეალური შანსი, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნას მიღებული", - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.
ვიზალიბერალიზაციის საბოლოო მიღებამდე მხოლოდ ორი ნაბიჯია დარჩენილი, ევროკავშირის საბჭოს პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება, შემდეგ კი, საბოლოოდ, საკითხი მინისტრების დონეზე გადაწყდება.