მიმდინარე წლის 25 აპრილს, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი განიხილა. საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს საქართველოს იმ ქვეყნების სიაში გადაყვანას, რომლის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ.
ინიციატივის შესახებ კომიტეტის მომხსენებელმა, მარია გაბრიელმა (ევროპის სახალხო პარტიის წევრი, ქრისტიან-დემოკრატები, ბულგარეთი) საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოხსენება წარადგინა და გამოსვლა იმით დაიწყო, რომ კომიტეტის დარბაზში მყოფ ქართულ დელეგაციას მიულოცა და ევროკომისიას მადლობა გადაუხადა.
კომიტეტის შეხვედრას პოზიტიურად გამოეხმაურნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები და ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრული პასპორტი აქვთ, შეეძლებათ, შენგენის ზონაში (რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის ზონის 4 კანდიდატ ქვეყანას) მოკლევადიანი ვიზიტები (90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში) უვიზოდ განახორციელონ.
მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ რას გულისხმობს უვიზო რეჟიმი შენგენის ზონის წევრ ქვეყნებთან, რა უპირატესობები გააჩნია მსგავს რეჟიმს, რატომაა საჭირო ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების თანხმობა პროცესის დასრულებისთვის და რა მნიშვნელობა აქვს უვიზო მიმოსვლას საქართველოსთვის.
ევროკავშირის ინსტიტუტები და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია
ევროკავშირი არის მსხვილი ეკონომიკური და პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ევროპის 28 ქვეყანას აერთიანებს. თავისი არსით, ინსტიტუტებით (საკანონმდებლო და აღმასრულებელი) და შიდა მოწყობით, ევროკავშირი გავს სახელმწიფოს, თუმცა ეს გაერთიანება სახელმწიფოს არ წარმოადგენს. ევროკავშირს აქვს კონსტიტუციის (უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე სახელმწიფოს ძირითადი კანონი) მაგვარი დოკუმენტი, რომელსაც ეწოდება ლისაბონის ხელშეკრულება (რომელსაც წინ უძღვოდა სხვა მსგავსი შეთანხმებები), რომლის მიხედვით არის განაწილებული, სხვა საკითებთან ერთად, ევროკავშირის კომპეტენციის სფეროები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კომპეტენციის სფეროები. კომპეტენციის სფეროში იგულისხმება კანონშემოქმედებითი უფლებამოსილება, შესაბამისად რიგ სფეროებში ევროკავშირს აქვს უფლებამოსილება შექმნას კანონები, ხოლო რიგ შემთხვევებში წევრ სახელმწიფოებს.
ევროკავშირის ძირითადი საკანონმდებლო ორგანოებია ევროკავშირის საბჭო (არაფორმალურად მინისტრთა საბჭო) და ევროპის პარლამენტი (ევროპარლამენტი). მინისტრთა საბჭო არის ორგანო, სადაც წარმოდგენილია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო. საბჭოში ყოველი წევრი აგზავნის თავის ერთ ან მეტ სრულუფლებიან წარმომადგენელს, რომლებიც, შეირჩევიან იმ სამინისტროებიდან და დეპარტამენტებიდან, რომელთა შესაბამის სფეროში მყოფი საკითხიც არის მოცემულ მომენტში განხილვის საგანი. ევროპარლამენტი წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო ინსტიტუტს, რომლის წევრებიც პირდაპირი საყოველთაო არჩევნების წესით არიან არჩეულნი, 5 წლის ვადით.
ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა ევროკომისია. ევროკომისია გამოხატავს გაერთიანების ინტერესებს და არ იღებს ინსტრუქციებს ცალკეული წევრი სახელმწიფოებისაგან. ევროკომისია მეთვალყურეობას უწევს ხელშეკრულებათა შესრულებას და უზრუნველყოფს მინისტრთა საბჭოს/ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეგულაციებისა და დირექტივების სათანადო შესრულებას. ამასთანავე, ევროკომისიას აქვს კანონმდებლობის ინიცირების ექსკლუზიური უფლება.
სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე საუბრისას იგულისხმება ევროპარლამენტისა და საბჭოს N539/2001 რეგულაციაში (ერთ-ერთი ნორმატიული აქტი) ცვლილება, რომელიც საქართველოს რეგულაციის 1-ელი დანართიდან (ვიზის საჭიროების მქონე ქვეყნების ჩამონათვალი) მე-2 დანართში (უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების ჩამონათვალი) გადატანას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე დიალოგი დაიწყო 2012 წელს, ხოლო 2013 წელს საქართველომ სამოქმედო გეგმა - VLAP მიიღო, რაც კონკრეტული მოთხოვნილებებისა და ღონისძიებების ნუსხას წარმოადგენს, რომელიც საქართველოს უნდა დაეკმაყოფილებინა. უკვე 2015 წელს, ევროკომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა საქართველოს მიერ VLAP-ით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ და 2016 წლის 9 მარტს ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურად წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს.
ამჟამად დარჩა რამდენიმე პროცედურა, რომელიც კანონში ცვლილებისთვისაა საჭირო. ორივე საკანონმდებლო ინსტიტუტმა უნდა განიხილოს ინიციატივა, რომლის შემდეგაც მინისტრთა საბჭომ და ევროპარლამენტმა კენჭი უნდა უყარონ ცვლილებას. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა საბჭო (მინისტრთა საბჭოს ერთ-ერთი კონფიგურაცია) ოფიციალურად დაამტკიცებს განახლებულ რეგულაციას ცვლილებით. საბოლოოდ, განახლებული რეგულაციის დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებას ხელს მოაწერენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი (მარტინ შულცი) და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი (ამჟამად ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბერტ კონდერსი). რეგულაცია მისი ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 20 დღეში შევა ძალაში. ყველა პროცედურის წარმატებით და ეფექტიანად ჩატარების შემთხვევაში, საქართველო ზაფხულში მიიღებს უვიზო რეჟიმს.
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია (ვიზალიბერალიზაცია)
უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას:
წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.
არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;
კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;
გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია.
უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები, რაც გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. ვიზიტი შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით:
1. ტურისტული
2. ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება
3. ბიზნეს-შეხვედრები
4. მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრეინინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა
5. მკურნალობა
აღსანიშნავია, რომ უვიზო რეჟიმი არ გულისხმობს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გრძელვადიან ვიზიტებს განათლების მიღების თუ მუშაობის მიზნით.
შენგენის ზონა
როგორც ზემოთ აღინიშნა, შენგენის ზონაში შედის ევროპის 26 სახელმწიფო, რომლებმაც 1985 წელს სოფელ შენგენში (ლუქსემბურგი) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას. შენგენის ზონა არის სივრცე, რომლის გარე საზღვრები მკაცრად კონტროლდება, ხოლო შიგნით საპასპორტო შემოწმება არ ხორციელდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ შენგენის ხელშეკრულებამ დაადგინა რომ შიდა, სახელმწიფოებს შორის საზღვრები გაუქმებულიყო, ხოლო გარე საზღვრები გამაგრებულიყო. ასევე ქვეყნები ვალდებულნი არიან რომ ერთიანი პოლიტიკა შეიმუშაონ მიგრანტების მიმართ, რაც მოითხოვს მონაცემთა საერთო ბაზისა და საერთო საპოლიციო-სასამართლო სისტემის შექმნას.
ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობა საქართველოსთვის
ვიზალიბერალიზაცია მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რამდენიმე მიზეზის გამო.
1. უპირველეს ყოვლისა, უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან დაახლოების კიდევ ერთი ეტაპია. რასაკვირველია, თავად ვიზალიბერალიზაციის პროცესი არაა ევროკავშირში გაწევრიანების საწინდარი, თუმცა პროცესი გულისხმობს გარკვეული სტანდარტების დანერგვას საქართველოში დოკუმენტების უსაფრთხოების, საზღვრის ინტეგრირებული მართვის, ორგანიზებულ დანაშაულთან, ტერორიზმთან და კორუფციასთან ბრძოლის, ასევე მიგრაციისა და თავშესაფრის პოლიტიკის მართვის კუთხით, რაც შემდგომ საქართველოს დაეხმარება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოპოვებაში.
2. ამასთანავე, უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს გაუადვილებს ბიზნეს მოლაპარაკებების წარმოებას ევროპელ პარტნიორებთან, ტრეინინგებზე თუ მოკლე სასწავლო კურსებზე გამგზავრებას, ტურისტული მიზნით ევროპული ქვეყნების მონახულებას, რადგან მხოლოდ პასპორტის, ბილეთის (ორმხრივი ავიაბილეთის) და სასტუმროს ჯავშნის საშუალებით შეეძლებათ შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობა. ამასთანავე, უვიზო მიმოსვლა დაეხმარება იმ ოჯახებს, რომლის წევრებიც ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობენ.
3. უვიზო რეჟიმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ანტი-დასავლური პროპაგანდის გაქარწყლება. საქართველოს მოქალაქეებს უფრო მარტივად და ნაკლები დაბრკოლებით შეეძლებათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობა და საკუთარ თავზე გამოცდიან თუ სინამდვილეში რა არის ევროპული ღირებულებები და ევროპული ცხოვრების წესი, შეეძლებათ მაგალითის საფუძველზე გაანალიზონ კარგად ცნობილი ანტი-დასავლური მითების მანკიერება.
4. ასევე, შესაძლოა ვიზალიბერალიზაციამ დადებითად იმოქმედებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დამოკიდებულებაზეც. უვიზო რეჟიმის სიკეთეებით სარგებლობა შეეძლებათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსაც, რომლებსაც ექნებათ საქართველოს ბიომეტრული პასპორტი. შესაბამისად, ვიზალიბერალიზაცია კიდევ ერთი საშუალებაა გავუწიოთ წინააღმდეგობა რუსეთის „პასპორტიზაციის“ პოლიტიკას, რაც ოკუპირებული ტერიტორიების რუსიფიკაციის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.