ჯოზეფ დოლის განცხადება ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე და გამოხმაურებები

30 მარტი 2016 Shadow

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში 26 მარტს "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტის ჟოზეფ დოლის განცხადებამ, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია როგორც საქართველოში, ისე ევროპარლამენტში. ინტერვიუს მიხედვით, საქართველო ვიზის ლიბერალიზაციას არა ზაფხულისთვის უნდა ელოდოს, არამედ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რადგანაც “რუსთავი 2”-ის კითხვაზე, “დაუჭერს თუ არა ევროპის სახალხო პარტია მხარს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას”, პარტიის პრეზიდენტმა ჟოზეფ დოლმა განაცხადა, რომ "ევროპის სახალხო პარტიის" ჯგუფი, საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი გზით.

აღნიშნულ საკითხზე დიდი გამოხმაურების გამო, ჟოზეფ დოლმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა დღეს, თბილისში სტუმრობისას: „ მესმის, რომ ამ თემაზე ბევრი იწერება - ეს თქვენი სამუშაოა, მე მიყვარს პრესა და მესმის დამოუკიდებელი მედიის როლი. მაგრამ, მსურს ერთი რამ გითხრათ: სწორედ ჩვენი პარტია იყო ის, ვინც ყველაზე მეტი იმუშავა და მუშაობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისა და გაწევრიანებისთვის. რაც შეეხება ვიზებს და იმას, რაც მე ვთქვი, მე გულწრფელი ადამიანი ვარ. მართალია ევროკომისიამ ვიზების საკითხი გადაწყვიტა, მაგრამ წინაა საბჭოს გადაწყვეტილება, ასევე ევროპარლამენტის კენჭისყრა. მე პირველი ვიქნები ვინც ვიზა ლიბერალიზაციის მომხრეა, მაგრამ მე არ მინდა იმედების გაცრუება. შეგახსენებთ, რომ ეს ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. მანამდე კი, რასაც ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით, ეს არის კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და კორუფციასთან ბრძოლა. ამიტომაც ვარ აქ, რომ ადგილზე შევისწავლო სიტუაცია, ვიმსჯელოთ როგორ ვითარდება ქვეყანა და როგორ შეიძლება დავაჩქაროთ პროცესები, რომ საქართველომ, როგორც ევროპულმა ქვეყანამ, მეტი სარგებელი მიიღოს. სწორედ ესაა ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანიც.“

"ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა ფონდ “ღია საზოგადოება -საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის ექსპერტ-მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის, მათ შორის ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის მონიტორინგს ახორციელებს. ჩხიკვაძე თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება არჩევნებამდე იქნას მიღებული, რადგან ქვეყნის ევროპულ არჩევანს კიდევ ერთხელ შეემატება კონკრეტული შედეგი.

“არ გამიგია არც ერთ დონეზე, რომ არსებობდა მსგავსი პირობა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. არასოდეს, არც ერთ ეტაპზე, ევროკავშირს არ დაუყენებია, არც ერთხელ ბმა არ ყოფილა საპარლამენტო არჩევნებთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესისა. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანამ არჩევნებამდე მიიღოს უვიზო მიმოსვლა, რადგან ევროპულ არჩევანს კიდევ ერთხელ შეემატება კონკრეტული შედეგი და რაც მთავარია, უპასუხებს კითხვას, თუ რას უკეთებს ევროპა საქართველოს და რატომაა ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი. ევროპის შიგნითაც კულუარულად ყველამ იცის, რომ გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლაზე მისაღები იყო და მისაღები რჩება საპარლამენტო არჩევნებამდე, რათა პროევროპულ ძალებს უფრო მეტი მხარდაჭერა გამოუჩნდეთ ქვეყნის შიგნით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნებამდე გადაწყვეტილების მიღება არის პანაცეა და მხოლოდ ამაზე უნდა იფიქროს პროევროპულმა პარტიებმა საქართველოში. ბევრი რამე აქვთ მათ გასაკეთებელი საქართველოში, მაგრამ ეს შეიძლება დაეხმაროთ იმაში, რომ არჩევნებში უკეთესი შედეგი აჩვენონ“

ჟოზეფ დოლის შეფასებებს არ იზიარებენ ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებიც, რომლებიც გუშინ საღამოს ჩამოვიდნენ თბილისში. როგორც მათ კურიერთან ექსკლუზიურად განაცხადეს, დოლიმ შესაძლოა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა, საკითხი კი მთლიანად ევროპარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს. ევროპარლამენტარების აზრით, ვიზა ლიბერალიზაცია არ არის დაკავშირებული რომელიმე ხელისუფლებასთან ან არჩევნებთან.

„ვფიქრობ, უპასუხისმგებლობა იქნებოდა ახლა ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი არჩევნებთან დაგვეკავშირებინა, რადგან ეს არ არის დაკავშირებული რომელიმე ხელისუფლებასთან ან წინა საარჩევნო და არჩევნების შემდეგ პროცესთან. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების მხრივ და არაა დაკავშირებული იმასთან, ვინაა ხელისუფლებაში,“ - აღნიშნა მწვანეთა პარტიის წევრმა ჰაიდი ჰაუტალამ.

ამავე საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ევროპის სახალხო პარტიის წევრმა პაველ სვობოდამ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო განიხილება ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ქვეყნად რეგიონში, ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით.

„იმედი მაქვს ახლა, როდესაც ევროკომისიამ წინადადება უკვე წამოაყენა ევროპარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტში პოზიტიური განწყობა იქნება. პოზიტიური განწყობა იქნება სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების კომიტეტში, რომელიც სავიზო საკითხებზე მუშაობს. შემდეგ დებატები გაიმართება ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე. დარწმუნებული ვარ და იმედიც მაქვს, რომ საბჭოს გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური და მსგავსი განწყობა შეიქმნება ევროპარლამენტშიც. ოფიციალურად ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროპის სახალხო პარტიას მოსაზრება არ დაუფიქსირებია, ასე რომ, ჟოზეფ დოლმა შესაძლოა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. საკითხი მთლიანად ევროპარლამენტმა და არა ევროპის სახალხო პარტიამ უნდა გადაწყვიტოს,“ – განაცხადა პაველ სვობოდამ.