წყარო: theguardian.com
ვიკიპედიის თანადამფუძნებელი, ჯიმ უელში, ახალი პორტალის შექმნას გეგმავს, რომლის მიზანი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. მისი თქმით, პლატფორმა „ვიკიტრიბუნა“ პროფესიონალი ჟურნალისტებისა და მოხალისეების ერთობლივი მუშაობის იდეაზეა დაფუძნებული. ჯიმ უელში საზოგადოებრივი კომპანიებისგანაც ელის დაფინანსებას. დონორ პირებს შეეძლებათ „ვიკიტრიბუნას“ კონკრეტულ თემებზე ყურადღების გამახვილება თხოვონ.
პლატფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ვიკიპედიის იდეას ეფუძნება, კონკრეტულად კი, უელშის თქმით, მკითხველებს ექნებათ საიტზე გამოქვეყნებული მცდარი ინფორმაციის ან ფაქტის ჩასწორების საშუალება. როგორც ის ამბობს, „ვიკიტრიბუნა“ ეს არის „სიახლეები საზოგადოებისგან, საზოგადოებისთვის“.
„ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პროფესიონალი ჟურნალისტების გვერდით იმუშავებენ მოხალისეებიც, როგორც თანასწორები და აღწერენ ამბებს, ისეთად როგორიც ისინი რეალურად არიან, ასევე შეასწორებენ ამბებს ლაივ რეჟიმში. ამის პარალელურად, საზოგადოებაც გადაამოწმებს ფაქტებს. „ -განუცხადა უელშმა გარდიანს.
საწყის ეტაპზე პლატფორმა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაშუქებასა და გაანალიზებას აპირებს.
თუ თანხის მოპოვების კამპანია წარმატებით დასრულდება, უელში გეგმავს, რომ რაც შეიძლება მალე დაიქირავოს ჟურნალისტები, დაახლოებით, ივნისამდე, მანამ, სანამ ბრიტანეთში არჩევნები ჩატარდება.
ვიკიპედიის მსგავსად, უელშის ახალი პროექტი საზოგადოებისთვის უფასო იქნება. შემქმნელის თქმით, მომხმარებელს მნიშვნელოვანი როლი აქვს საიტის მთავარი მიზნის მიღწევაში - თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის - დეზინფორმაციის განეიტრალებაში.
საიტის განსაკუთრებული მახასიათებელი მაღალი გამჭვირვალობა იქნება, რადგანაც ჟურნალისტები სტატიებს ვიდეო და აუდიო ინტერვიუების სრულ ტრანსკრიპტსაც დაურთავენ.
უელში იმედოვნებს, რომ ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებული პროფესიონალი ჟურნალისტები, წარმატებულ საინფორმაციო სააგენტოს შექმნიან და პლატფორმა მნიშვნელოვანი იარაღი გახდება ყალბი ინფორმაციისაა და პოლიტიკური თამაშების წინააღმდეგ.