წყარო: interpressnews.ge
სოფლების, ხურვალეთის და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება დაიძაბა. იმ ადგილას, სადაც რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერი იყო დამონტაჟებული, ცოტა ხნის წინ შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, შეიარაღებული პირები რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლები და ასევე ოსური სპეცრაზმის წევრები არიან. მათთან ერთად ცოტა ხნის წინ ცხინვალის ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი რობერტ გაზაევი გამოჩნდა.
აღნიშნულმა პირებმა მედიის წარმომადგენლების აქციის დროს მოგლეჯილი ბანერის ადგილზე დამონტაჟებული დროშა ჩამოხსნეს.
"აქ გადის ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი და იმ შემთხვევაში, თუ გადაადგილებისგან თავს არ შეიკავებთ შესაბამის ზომებს მივიღებთ", - განუცხადა გაზაევმა ქართველ ჟურნალისტებს.
რობერტ გაზაევის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში კონფლიქტის ზონაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯელობა ორშაბათს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ფორმატში დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე შედგება.
"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, აღნიშნული სხდომის დანიშვნა დღეს გადაწყდა. სოფლების, წითელუბნის და ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობას ცოტა ხნის წინ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების საშუალება აღარ მისცეს. ასევე, ამ ტერიტორიაზე წითელუბნელები პირუტყვს აძოვებდნენ და შეიარაღებულმა ფორმიანებმა მათაც მოსთხოვეს, რომ დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ აღნიშნული ტერიტორია.
ადგილზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცავებიც და ამ წუთებში ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენელს, რობერს გაზაევს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, დავით ბაიდაური ესაუბრება.