Politico - რუსეთის მესიჯი საქართველოს: „თქვენ ჩვენ გვეკუთვნით“

11 ივლისი 2016 Shadow

ამერიკულმა გამოცემამ „Politico“ საქართველოს შესახებ ანალიტიკოს ფელიქს კარტიეს სტატია გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში არსებულ პროევროპულ თუ პრორუსულ განწყობებზე საუბრობს.

„ადრე ევროკავშირს საქართველოში ისე უყურებდნენ, როგორც დემოკრატიისა და აყვავების შუქურას, თუმცა დღეს, როცა ევროკავშირის წევრებს შორის მნიშვნელოვანი უთანხმოებაა, ამ ორგანიზაციის ბრწყინვალება თანდათან ფერმკრთალდება. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისათვის ევროპა - ეს მშვენიერი, ლამაზი ილუზიაა, რომელიც თბილისის ტურისტული კვარტლის რამდენიმე ქუჩაზე ვრცელდება. ქალაქის სხვა რაიონებში სრულიად სხვა ცხოვრება სუფევს: ბავშვები სიგარეტზე მათხოვრობენ, დაუმთავრებელი მაღალი შენობები თანამგზავრული ანტენებითა არის დახუნძლული, რომლებითაც ძირითადად რუსულ ტელეარხების სიგნალი ვრცელდება და რომელთა მეშვეობითაც ქართველების ბინებში მძლავრი მესიჯი იჭრება: „თქვენ ჩვენ გვეკუთვნით“.

რუსული ენა საქართველოში ყველაზე გავრცელებული უცხოური ენაა. ინგლისური ენა მეორე ადგილს იკავებს. ქართველების მტკიცე კავშირს რუსებთან, რუსულ ენასთან ერთად, საერთო რწმენაც - ქრისტიანულ-მართლმადიდებლური რელიგიაც უზრუნველყოფს. კი, საქართველოში შესაძლოა ევროპაზე მართლაც ოცნებობენ, მაგრამ რუსეთი ქართველებისათვის მაინც საერთო ოჯახად რჩება, მწვავე დავებისა და შეხლა-შემოხლის მიუხედავად.

კრემლი ოდითგანვე იყენებს კულტურას და რელიგიას ხელისუფლების ინსტრუმენტად და ქვეყნის გარეთ გავლენის მოსაპოვებლად. ამ რამდენიმე წლის წინათ საქართველო რუსული მძლავრი პროპაგანდის სამიზნე გახდა. მოსკოვმა თავისი აგიტაციის წყალობით საქართველოს პროევროპულ კურსს ჩრდილი გადააფარა.

ევროპის შეცდომა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგის დავით აფრასიძის თქმით, ქართველების 60% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრირებას. თვითონ დავით აფრასიძე გერმანიის ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის ასპირანტი იყო. მისი სტუდენტებიც უკვე ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტებში სწავლობენ. ასე რომ, მათთვის ევროპა ილუზია კი არა, რეალობაა. „და მაინც ბევრ კითხვა ებადება: აღიქვამს თუ არა ევროპა ჩვენს სწრაფვას სერიოზულად?“, - ამბობს დავით აფრასიძე. ბრიუსელის წყალობით შესაძლებელი გახდა ენერგეტიკული მონოპოლიის დაძლევა და უსაფრთხო პროდუქტების სტანდარტების შემოღება, თუმცა ამ ტექნიკური მიღწევებით ქართველის კეთილგანწყობას ვერ მოიპოვებ. დავით აფრასიძის თქმით,  ევროკავშირი ძალიან ცოტას აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო თავის ორბიტაზე ჰყავდეს. „არასაკმარისია მხოლოდ იმის თქმა, რომ ჩვენსავით კარგი იყავით და წარმატებებს მიაღწევთო“, - ხაზს უსვამს დავით აფრასიძე.

ევროპა ისწრაფვის ამ რეგიონში დემოკრატია გაავრცელოს და ამავდროულად, უარს აცხადებს საქართველოს მიღებაზე ევროპულ კლუბში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველა ხელისუფლება ადასტურებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს, საქართველოსთვის ჯერ არასდროს მიუციათ წევრობის კანდიდატობის სტატუსი. უფრო მეტიც - როცა ევროპის კომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ ევროკავშირის ახლადმიღებული წევრებისათვის ადაპტაციის რაღაც პერიოდია საჭიროო. ამით მან თბილისისაკენ ნაბიჯების გადადგმა ფაქტიურად გამორიცხა.

რუსეთის მიღწევა

ევროკავშირის პასუხი რუსეთის მცდელობებზე - მეზობელი ქვეყნები საკუთარი გავლენის სფეროში კვლავ მოაქციოს, არის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა. ეს პროგრამა 2009 წელს ამოქმედდა და საბჭოთა კავშირის ყოფილ წევრ ქვეყნებს (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და ბელარუსი) რეფორმების ინიციატივებით უზრუნველყოფს, თუმცა, თანამშრომლობის ეს ფორმა ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობას არ ნიშნავს.

საქართველოს ე.წ. ვესტერნიზაცია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დროს დაიწყო, როდესაც სამთავრობო უწყებების შენობებზე ევროკავშირის დროშები გამოჩნდა და პრორუსული მედია აიკრძალა. ევროპამ ეს ნაბიჯები შესაბამისად არ წაახალისა. ამიტომაც ქართულ საზოგადოებაში იმედგაცრუება გაჩნდა. 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსულმა „ქართულმა ოცნებამაც" ევროპული გზის გაგრძელების პირობა დადო. თუმცა, ასევე განაცხადა, რომ იგი 2008 წელს რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ, გაუარესებული კავშირების გაუმჯობესებაზე იზრუნებდა.

ამან რუსეთისთვის ახალი შესაძლებლობები წარმოშვა. მოსკოვმა დაიწყო პრორუსული მედიისა და არასამთავრობო სექტორის დაფინანსება. ეს ორგანიზაციები დღეს ცდილობენ კიდევ უფრო განამტკიცონ ქართულ საზოგადოებაში ისედაც ღრმად ჩანერგილი შეგონება: რუსეთი საქართველოს ტრადიციული და ბუნებრივი მოკავშირეა, დასავლეთი კი მხოლოდ დეკადანსის ტაძარი და თავშესაფარი ჰომოსექსუალებისთვის. ცხადია, დასავლეთს აქვს ის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითად ქართული საზოგადოების დაწყნარება შეუძლია („ცოტაც მოიცადეთ!“) - მაგალითად, უვიზო რეჟიმის შემოღება- ანუ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირთან დაახლოების დროს არამარტო გეოგრაფიულ, არამედ ფსიქოლოგიურ დისტანციასაც გადალახავენ. ტურისტული ფირმები უკვე ემზადებიან: სამოგზაურო და ავიაკომპანიებმა ამისთვის მზადება უკვე დაიწყეს. მაგალითად, სექტემბრიდან დაბალ ფასიანი ავიარეისები ქუთაისიდან იფრენს ისეთი მიმართულებით, როგორიცაა მიუნხენი და ბერლინი.

"სპუტნიკი“ ჩართულია 

მიუხედავად ამისა, აფრასიძე შიშობს, რომ ევროკავშირის მიგრაციის კრიზისი, პარიზსა და ბრიუსელში ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმები და ევროკავშირის შიდა საზღვრებზე კონტროლის დაწესება ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობას საფრთხეს შეუქმნის. ეს კი რუსეთისთვის კიდევ ერთი ხელისშემწყობი ფაქტორი გახდება იმისათვის, რომ მან საქართველოში განწყობა ევროპის მიმართ საბოლოოდ შეცვალოს.  

ისინი ამაზე უკვე დიდი ხანია მუშაობენ ბევრი მიმართულებით. მაგალითად, „ევრაზიის ინსტიტუტი", რომელიც რუსული დონორებიდან ფინანსდება, ანტიევროპული განწყობების ლობირების ერთგვარ ხერხემალს წარმოადგენს. „თავისუფლება უვიზოდ თუ ევროპული სიცრუე“? - ასე ჰქვია ერთ-ერთ ღონისძიებას, რომელიც ევრაზიის ინსტიტუტმა ამას წინათ ჩაატარა. ამასთანავე, ეს ორგანიზაცია მსურველებს რუსული ენის უფასო კურსებს სთავაზობს, მისი „ფეისბუქის" გვერდს კი უკვე 10 000 მიმდევარი ჰყავს. „პოლიტიკოსები დასავლეთს ებღაუჭებიან, ქართველი ხალხი კი წინააღმდეგია“, - ასეთი წარწერა ამშვენებს ევრაზიის ინსტიტუტის მხარდამჭერთა ინტერნეტ-გვერდს.   „ევრაზიის ინსტიტუტი" თანამშრომლობს პრორუსული და კონსერვატიული ორგანიზაციების ფართო ქსელებთან. მათ შორისაა, „სპუტნიკიც", რომელიც რუსულ საერთაშორისო მულტიმედია საშუალებას წარმოადგენს და 2014 წლიდან პროპაგანდის საშუალებად მიიჩნევა. საქართველოს მთავრობამ „სპუტნიკს" სამაუწყებლო ლიცენზია შეუჩერა, თუმცა, იგი ონლაინ მაინც აგრძელებს საქმიანობას.  

ასეთი საქმიანობა მხოლოდ ნაწილია იმ ფართო სტრატეგიისა, რასაც რუსეთი ეწევა საბჭოთა ახალი რეჟიმის აღსადგენად. სხვათაშორის, „სპუტნიკი“ მოქმედებს სერბეთშიც, სადაც რუსეთმა მსგავსი ანტიევროპული ორგანიზაციები შექმნა. სერბეთში, ისევე როგორც საქართველოში, ისეთი სოციალური კლიმატია, რომ საზოგადოება ადვილად ექცევა რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ. თუმცა, საბედნიეროდ, საქართველოსაგან განსხვავებით, სერბეთი რუსეთისაგან გეოგრაფიულად დაშორებულია, ისინი ერთმანეთს არ ესაზღვრებიან, ბელგრადი კი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე.

ვიზალიბერალიზაცია

საქართველოს პარლამენტის შენობასთან 9 აპრილს რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და იმ ადამიანების მემორიალი შეამკო ყვავილებით, რომლებსაც 1989 წელს გამართულ დემონსტრაციაზე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამო რუსმა სამხედროებმა ესროლეს.   წლების განმავლობაში, ამ დღეს პროევროპული ძალები იკრიბებიან - ტელევიზიები აშუქებენ მათ მოსაზრებებს, პოლიტიკოსები გამოდიან სიტყვით. პარლამენტის სახურავზე კი, კომუნისტური წითელი ვარსკვლავი კვლავ შემორჩენილია, რომელიც თითქოს დასცინის ევროპელ ენთუზიასტებს.

„ჩვენ, რასაკვირველია, ვიცით ეს პროპაგანდა, რომ თითქოსდა დასავლეთი ქართველებს ჩაგრავს და ევროპულ ოჯახში ჩვენი მიღება არ სურს, - ამბობს მემორიალთან თანატოლებთან ერთად მისული სტუდენტი ზურაბ კობაძე, რომელსაც ევროკავშირის დროშიანი პერანგი აცვია, -ჩვენ გვჭირდება ევროპა იმისათვის, რომ შევცვალოთ ჩვენი ქვეყანა“.

კორუფციასთან ბრძოლა და არსებული სისტემის ფუნდამენტალური ცვლილება- ეს არის ის, რაც სტუდენტებს სურთ. ისინი იმედოვნებენ, რომ მიიღებენ საჭირო ცოდნას ევროპაში, ამიტომაც ამყარებენ ისინი ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე იმედებს. არის ევროპა მათი ნდობის ღირსი? „დიახ, მე ამის მჯერა", - ამბობს კობაძე და შემდეგ ყოყმანით ამატებს - „მინდა, რომ ამის მჯეროდეს".