წყარო: on.ge
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, თათია დოლიძე, გაეროს 71-ე გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
დოლიძემ საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდობის პრობლემებზე და გეგმებზე ისაუბრა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოკლედ გააცნო ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური სიტუაცია. ახალგაზრდა დელეგატმა ვრცლად ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებზე და განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ხელს უშლის ამ რეგიონებში ახალგაზრდების განვითარებას და მათთვის ხელმიუწვდომელს ხდის ფუნდამენტურ უფლებებს, როგორებიცაა ჯანდაცვა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღება და სხვა.
თათია დოლიძემ კონკრეტული მაგალითებიც გაიხსენა:
"2005 წელს 11 წლის გენო პეტრიაშვილი სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონში გაიტაცეს და ასდღიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს. 11 წლის შემდეგ ის გახდა ევროპის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში და საქართველოს მედალიც მოუპოვა რიოს ოლიმპიადაზე. გენომ თავისი ოცნება აისრულა, მაგრამ ბავშვობაში მიღებულმა ამ საშინელმა ტრავმამ მას დაღი დაასვა და ის დღემდე იღებს მედიკამენტებს. რის გამოც, მან კინაღამ დაკარგა თავის ტიტული. კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდობის ისტორიები ყველამ უნდა გაიგოს, რათა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, მათ შეძლონ გახდნენ ჩემპიონები და არა შიშისა და აგრესიის მსხვერპლნი", განაცხადა დოლიძემ.
რუსეთის ფედერაციას ახალგაზრდა დელეგატი არ ჰყავს, ამიტომ კომიტეტის განხილვას ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელი ესწრებოდა. ახალგაზრდა დელეგატის გამოსვლამ, რომელშიც გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის და მოსწავლეების პრობლემებიც გაჟღერდა, უკიდურესად გააღიზიანა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი.
მისი თქმით „გარკვეულმა ქვეყნებმა“ ასამბლეა "ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად გამოიყენეს და ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთოს სოციალურ თემებთან და ადამიანის უფლებებთან." მან ქართველებს ანგაჟირებული გამოსვლების ნაცვლად აფხაზებთან და ოსებთან შერიგებისკენ მოუწოდა, რადგანაც, რუსეთის წარმომადგენლის თქმით, აფხაზმა და ოსმა ხალხმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
რუს დიპლომატს თათია დოლიძემ უპასუხა და კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა რთულია და მათ თავიანთი ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის საშუალება არ აქვთ.