ზურაბ ჭავჭავაძე

21 დეკემბერი 2016 Shadow

21 დეკემბერი ქართველი დისიდენტის, 1980-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის- ზურაბ ჭავჭავაძის გარდაცვალების დღეა.

ზურაბ ჭავჭავაძემ 1987 წელს მერაბ კოსტავასა და თამარ ჩხეიძესთან ერთად დააფუძნა საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი პირველი ეროვნულ-პოლიტიკური ორგანიზაცია „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას, დემოკრატიის იდეალებსა და კაპიტალიზმზე გადასვლას უჭერდა მხარს. 1988 წელს ჭავჭავაძე ამ საზოგადოების მმართველობის წევრი, ხოლო გიორგი ჭანტურიას მომხრეთა („მეოთხე დასი“) განცალკევების შემდეგ ფაქტობრივი ლიდერი გახდა. ჭავჭავაძე შედარებით ზომიერ, ლიბერალურ პოზიციაზე იდგა. ერთ-ერთ გამოსვლაში ზურაბ ჭავჭავაძე ამბობდა: “ჩვენი მოვალეობა ის კი არ არის, ვინც გვიყვარს, იმასთან მოვნახოთ საერთო ენა, ჩვენი მოვალეობა არის, საერთო მოვნახოთ იმასთან, ვინც ჩვენდამი მტრულადაა განწყობილი, ეს არის პოლიტიკური მოღვაწეობის ხელოვნებაც და აუცილებლობაც.”

აფხაზეთში “ილია ჭავჭავაძის საზოგადოება” ატარებდა არა ანტიაფხაზურ, არამედ ანტიიმპერიალისტურ მიტინგებს. მიტინგების დედაარსი ქართველთა შევიწროებისათვის ხელის შეშლა იყო. 1988 წლის 3 დეკემბერს ზურაბ ჭავჭავაძე აფხაზურ ენაზე მიმართავდა:

არ არსებობს ისეთი აფხაზური პრობლემა, რომელიც ეწინააღმდეგებოდეს ქართულენოვან პრობლემას და პირიქით. ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ ილიას საზოგადოებაში ჩვენს აფხაზ ძმებს და ამოვუდგებით მხარში აფხაზური პრობლემების მოგვარებაში…“

1989 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრასაზე შემზარავი ავტოავარია მოხდა. ადგილზე დაიღუპა ეროვნული მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავა, მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში მიიყვანეს ზურაბ ჭავჭავაძე. ჭავჭავაძე გარდაიცვალა საავადმყოფოში ოფიციალური დიაგნოზით „A ჰეპატიტი“. მყისვე გაჩნდა ვერსიები მისი მოკვლის თაობაზე. ერთი ვერსიით საავადმყოფოში შეუმოწმებელი სისხლის გადასხმის შედეგად განგებ მოწამლეს. მეორე ვერსიით კი, ექიმის დაუდევრობას ემსხვერპლა.

ზურაბ ჭავჭავაძე დაკრძალეს ყვარელში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესიაში.

დათო ტურაშვილის ჩანაწერებში ვკითხულობთ: „საქართველოში რომ ზურაბ ჭავჭავაძის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობდა, ამას თვითონ ზურას თვისებები განაპირობებდა, რადგან ის იყო ჭკვიანი და განათლებული, კეთილშობილი და ლამაზი კაცი და თანაც ჭავჭავაძე. ასეთები კი ჩვენს ქვეყანაში, მოგეხსენებათ, არ უყვართ და მით უმეტეს მაშინ, როცა ისინი უმრავლესობას არ ეთანხმებიან და მაინც ჯიუტად არიან მშვიდობის და არა ომის მომხრე. ზურა ჭავჭავაძე კი ყოველთვის იყო მშვიდობის მომხრე და ყოველთვის სჯეროდა, რომ არცერთი ადამიანი არ იქნება ჩვენი მტერი, თუ ჩვენ მათ მოვუსმენთ და იმის გაგებასაც შევეცდებით, რაც მათ აწუხებთ. ჩვენ კი მაშინ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, ჩვენ რა გვაწუხებდა, რა პრობლემები გვქონდა (მხოლოდ ჩვენ) და სასწრაფოდ გვინდოდა ყველა პრობლემის მოგვარება. დაუყონებლივ გვინდოდა საქართველოსაგან შვეიცარიის შექმნა და ზურა ჭავჭავაძეს კი ძალიან არ მოსწონდა ჩვენი სულსწრაფობა, აჩქარება და მოუთმენლობა. ამიტომაც ურა ჭავჭავაძე თითქმის ერთადერთი იყო ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შორის (იყვნენ სხვებიც, მაგრამ ცოტანი), ვინც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მართლა ცდილობდა ისეთი ურთიერთობის მიღწევას, ომსა და სისხლისღვრას რომ აგვაცილებდა, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ, რადგან თბილისში (მრავალათასიან მიტინგებზეც კი), სრულიად სხვა აზრები და მოწოდებები ისმოდა არაქართველების გასაგონად. უცნაურია, მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა ზურა ჭავჭავაძე ფრაზას, რომელსაც ახლაც არ დაუკარგავს აზრი და მნიშვნელობა და სინამდვილეში ვერავის ვაიძულებთ ჩვენთან ერთად იცხოვროს ერთ ჭერქვეშ და გამოსავალიც ერთადერთიაშევქმნათ სხვებისთვისაც მიმზიდველი სახელმწიფო

 

წყარო:

Burusi.wordpress.com