9 დეკემბერი ყოფილი პრემიერისა და პარლამენტის ყოფილი თავჯდომარის- ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა.
ზურაბ ჟვანიას ხსოვნას პარლამენტში დეპუტატებმა პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
ზურაბ ჟვანია 1963 წლის 9 დეკემბერს თბილისში დაიბადა, 1985 წელს ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად მეცნიერების მხარდაჭერად ეკოლოგიური ასოციაცია ჩამოაყალიბა, რომლის ბაზაზეც შექმნა მოძრაობა- „საქართველოს მწვანეები." 1995- 1999 წელს ზურაბ ჟვანია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.
ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა პოსტ-საბჭოურ სივრცეში პირველმა შექმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო სისტემა, დაფუძნებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებაში.
1999 წლის 27 იანვარს ის ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის წინაშე საქართველოს უახლოესი ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვით წარსდგა. „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“. ეს ფრაზა თანამედროვე დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო ორიენტირის განმსაზღვრელ თეზისად იქცა.
2001 წლის ოქტომბერში აღმასრულებელ ხელისუფლებაში გამეფებული კორუფციისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გამო პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა.
2002 წლის ივლისში ზურაბ ჟვანიამ თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კი, პარლამენტმა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად დაამტკიცა, ხოლო 2004 წლის 17 თებერვალს- პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა, ოფიციალური ცნობით, გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.