31 დეკემბერი მეცნიერი-ფილოლოგის, მწერლის, მთარგმნელის, პოლიტიკოსის, დისიდენტის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის (1991—1992), საქართველოს ეროვნული გმირის- ზვიად გამსახურდიას (1939—1993) — გარდაცვალების დღეა.
წლების განმავლობაში მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები. დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა 1956 და 1977-1979 წლებში. 1977 წლის 1 აპრილს ზვიად გამსახურდია გარიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირიდან „ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის“. გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც დასრულდა 9 აპრილს სისხლიანი დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორი. მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდგომ, ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას". ზვიად გამსახურდიამ შექმნა პოლიტიკური ალიანსი "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო". მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი - ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება.
1993 წლის ოქტომბრის ბოლოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი გახდნენ თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინათ. 1993 წლის31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტიხობის რაიონის სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. მისი სიკვდილის ახსნის რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა მათი სიზუსტის დადგება ვერ ხერხდება. 1994 წლის თებერვალში იგი გროზნოში გადაასვენეს. 2007 წლის 1 აპრილს კი საქართველოში გადმოასვენეს და მთაწმინდის პანთეონში სხვა გამოჩენილ ქართველთა გვერდით დაკრძალეს. 2013 წლის 26 სექტემებრს კი მას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.