რუსი პროპაგანდისტები თბილისის 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შესახებ

12 ივლისი 2021 Shadow

6 ივლისს, რუსული სამთავრობო ტელევიზიის Россия 1 შოუს 60 Минут წამყვანებმა, ოლგა სკაბეევამ და ევგენი პოპოვმა გადაცემა მთლიანად მიუძღვნეს საქართველოში Tbilisi Pride-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და კონსპირაციის თეორიებს იმის შესახებ, თუ თითქოს როგორ ცდილობს აშშ საქართველოში „ლგბტ პროპაგანდის“ გავრცელებას, მაგრამ ქართველები „წინააღმდეგობას უწევენ“. ევგენი პოპოვმა გადაცემა ერთგვარი ცინიკური მონოლოგით დაიწყო:

„ამერიკული კამპანია, საქართველოსთვის თავს მოეხვია დასავლური ღირებულებები, ჩავარდა. აშშ, სააკაშვილის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული, ცდილობს სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყნის მოქალაქეები ტოლერანტობის, ინკლუზიურობისა და ლიბერალიზმის იდეებს მიაჩვიოს, თუმცა, როგორც ჩანს, ქართველებს ამგვარი მიდგომის მიმართ კოლექტიური იმუნიტეტი აქვთ ან ჩვენს საერთო საბჭოთა წარსულზე უჯრედების დონეზე არსებული მეხსიერება ჯერ არ გამქარალა. ნახეთ, როგორ დამთავრდა თბილისში გეი-აღლუმის ჩატარების მცდელობა. ყველა ქვიარს, არაბინალურ გენდერს გააგებინეს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მათ კორონავირუსზე უფრო დიდ უბედურებად მიიჩნევს“. 

თბილისში ორგანიზებული ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების მიერ განხორციელებული ძალადობრივი კადრების ჩვენების შემდეგ კი ოლგა სკაბეევამ განაგრძო:

„არ სურთ ქართველებს არანაირი გეი-აღლუმი. ბოლო კადრებში, რომელიც თქვენ იხილეთ, ნორმალური ადამიანები [საუბარია ძალადობრივ, ჰომოფობიურ ჯგუფებზე] აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ გეი-აღლუმი არ შედგა. ალბათ ყველაფერი ჯერ არ არის დაკარგული ამ რესპუბლიკისთვის. NATO-ზეც თქვან უარი და ცხოვრება დაულაგდებათ“.

 

გადაცემა "60 Минут"
6 ივლისი, 2021

ამასთანავე, მოვლენებს აქტიურად აშუქებდა რუსული სამთავრობო მედიაც, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა ძალადობრივი ჯგუფების მიერ ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე. Russia Today კი 5 ივლისის მოვლენებს პირდაპირ ეთერში გადასცემდა მაშინ, როცა ძალადობრივი ჯგუფები Tbilisi Pride-ის გაუქმებას რუსთაველის გამზირზე ცეკვით აღნიშნავდნენ. 

 

Риа Новости 6 ივლისის მოვლენების შესახებ

 

Russia Today-ის პირდაპირი ეთერი Facebook-ზე
5 ივლისი, 2021

აღსანიშნავია, რუსი ფილოსოფოსის, ალექსანდრ დუგინის, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთის ხელისუფლებასთან და შეიარაღებულ ძალებთან, აქტიურობა Facebook-ზე. მან 2021 წლის 5 ივლისის თბილისის მოვლენებიდან 12 ივლისამდე თბილისში არეულობის მომწყობი, ანტიდასავლური სიძულვილის ჯგუფების, პოლიტიკოსების და მათი პარტნიორი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული 23 პოსტი გააზიარა. დუგინის მიერ პოსტების გაზიარება მოიწონეს სიძულვილის ჯგუფებთან და თბილისში ძალადობრივი 5 ივლისის ორგანიზატორებთან, "ალტ-ინფოსთან", ლევან ვასაძის პარტიასთან და ა.შ. დაახლოებულმა პირებმა.

 

 

ალექსანდრ დუგინის მიერ გაზიარებული პოსტ Facebook-ზე

 

საყურადღებოა, რომ რუსი პროპაგანდისტების მიერ თბილისის მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებული მასალის მთავარი ნარატივი არის ის, რომ თითქოს ქართული საზოგადოების უმრავლესობა წინააღმდეგობას უწევს დასავლეთის მიერ „თავსმოხვეულ“ ლიბერალურ ღირებულებებს. ულტრანაციონალისტური და მოძალადე ჯგუფების მხარდაჭერა კრემლის პროპაგანდის უკვე კარგად ნაცადი მეთოდია განსაკუთრებით პოსტ საბჭოთა სივრცეში, რითაც ვლადიმირ პუტინის რეჟიმი ცდილობს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენის შენარჩუნებასა და გაფართოებას. ამ პროპაგანდისტული ნარატივის მიხედვით, რუსეთი წარმოჩნდება, როგორც დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატიული ცივილიზაცია, რომელიც ე.წ. ტრადიციულ ღირებულებებს იცავს და რომელიც ცდილობს შექმნას „ლიბერალური დასავლეთის“ ალტერნატიული ძალაუფლების ცენტრი ევრაზიაში. საქართველო, რომელსაც, როგორც დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა 2008 წელს, რუსეთი საკუთარი „პრივილეგირებული გავლენის სფეროდ“ მიიჩნევს, ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელზე საკუთარი გავლენის გასაზრდელადაც რუსეთი იყენებს რბილი ძალის სხვადასხვა მეთოდს, რომელთა მეშვეობითაც ავრცელებს ანტილიბერალურ და ანტიდასავლურ რიტორიკას, რათა მოხდეს საქართველოს დაშორება დასავლეთისგან და „რუსულ ცივილიზაციასთან“ დაახლოება როგორც ეკონომიკურად და პოლიტიკურად, ასევე - კულტურულად და ღირებულებითი ვექტორებითაც. შეიძლება ითქვას, რომ 5 ივლისის შემდეგ თბილისში განვითარებული მოვლენები ამის თვალსაჩინო ილუსტრაციაა.