„ვიმპელკომპს“ ინვესტორები უჩივიან

13 ნოემბერი 2015 Shadow

რუსული საკომუნიკაციო კომპანიის, „ვიმპელკომის“(მისი წევრია საქართველოში მოქმედი „ბილაინი“) მიერ ფულის გათეთრების ბრალდებით დაწყებული საგამოძიებო პროცესის პარალელურად, ინვესტორებიც უჩივიან. მათ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, სადაც აღნიშნეს, რომ კომპანიამ ისინი შეცდომაში შეიყვანა ვინაიდან ავრცელებდა არასწორ და შეცდომაში შემყვან განცხადებებს მის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით.

„საჩივარში აღნიშნულია, რომ ბრალდებულები [ვიმპლკომი] შეცდომაში შემყვან განცხადებებს აკეთებდნენ ან/და ცდილობდნენ არ გამჟღავნებულიყო, რომ 1. კომპანიის ბიზნეს საქმიანობა არღვევდა კანონმდებლობას და 2. აქედან გამომდინარე  ოპერაციები და სამომავლო გეგმები იყო მცდარი, შეცდომაში შემყვანი და გონივრულ საფუძველს მოკლებული“, - აღნიშნულია მოსარჩელეთა განცხადებაში.

სანამ ინვესტორები უჩივლებდნენ „ვიმპელკომპს“, გამოძიება დაიწყო სტოკჰოლმის სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ნორვეგიული საკომუნიკაციო კომპანია Telesonera-ს მიმართვის შემდეგ გამოქვეყნდა. Telesonera-ს ეჭვი ჰქონდა, რომ ოფშორულ ზონაში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, რეგისტრირებული კომპანიის Water Trail Industries-ის მეშვეობით, რომელიც „ვიმპელკომის“ დაფუძნებულია,  2007-2011 წლებში რუსულმა საკომუნიკაციო კომპანიებმა უზბეკურ Takilant-ს 55 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადეს. Takilant-ი უზბეკეთის პრეზიდენტის შვილთან, გულნარა კარიმოვასთან არის აფილირებული. ამ კორუფციული სქემის თანახმად, ვიმპელკომი უზბეკეთის ბაზარზე შევიდა.  კორუფციული ტრანზაქციები New York Mellon Corporation ბანკის მეშვეობით ხორციელდებოდა. ამის გამო აშშ-მ  ევროპის ქვეყნებს, სადაც ბანკის ფილიალებია, „ვიმპელკომის“ ანგარიშების გაყინვა სთხოვა.

მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვიმპელკომის“ ყოფილი ხელმძღვანელი ჯო ლანდერი ოსლოში დააკავეს. მისი ადვოკატის თქმით, ლანდერს წარედგინა ბრალი, თუმცა მას არ უნახავს ოქმი. ადვოკატი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ ესაუბრა თავის დაცვის ქვეშ მყოფს, რომელიც უარყოფს რაიმე კორუფციულ გარიგებას. ლანდერი „ვიმპელკომპში“ 15 წლის განმავლობაში მუშაობდა და 2015 წლის აპრილში გათავისუფლდა, გადაინაცვლა მრჩეველთა საბჭოში.

 

„ვიმპელკომი“ საქართველოში

მაშინ, როდესაც მსოფლიო რუსული „ვიმპელკომის“ სანქცირებაზე საუბრობს და კორუფციული სქემების გამო გამოძიება მიმდინარეობს, საქარველოში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ვიმპელკომს“ ინტერნეტბაზარზე შემოსვლა სურს. "ვიმპელკომის" მიერ ქართული ინტერნეტ პროვაიდერის, "კავკასუსის" შეძენის სურვილს "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებს "კავკასუს ონლაინის" დამფუძნებელი მამია სანადირაძე, რუსულ კომპანიაში კი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

„ვიმპელკომს“ უკვე ეკუთვნის საქართველოში „ბილაინის“ ბრენდით მოქმედი საკომუნიკაციო კომპანია „მობიტელი“.  რუსული კომპანია საქართველოში მოქმედ “მობიტელს” ოფშორული კომპანიების საშუალებით ფლობს -  „ინვესტიკო ალიანსე“ - 29%-ს, მირენ ინვესტი კი 20%-ს ფლობს. დანარჩენი 51% კი ეკუთვნის Water Trail Industries-ს, რომელიც ზემოთ აღნიშნულ გამოძიებაში ფიგურირებს.

საქართველოში შპს „მობიტელი“ 2003 წლის 19 ნოემბერს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი და მფლობელი ლევან ვარშალომიძე იყო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა 2004-2012 წლებში. 

კომპანიის მესაკუთრეებს შორის ოფშორული კომპანიები 2006 წლიდან ჩნდება - ნოდარ გიგინეიშვილის წილი ერთი წლით ადრე დაფუძნებულმა Delgado Resources-მა და Vimpelcom-ის კუთვნილმა Watertrail Industies-მა იყიდეს. ორივე კომპანიის წარმომადგენელად კი ლევან ყარამანიშვილი (რუსთავი 2-ის  ამჟამინდელი მფლობელი)  მიუთითეს.

2006 წლის 12 ივლისს "მობიტელის" სამეთვალყურეო საბჭო ასე დაკომპლექტდა - Watertrail Industies-ის მხრიდან საბჭოში შევიდნენ რუსული "ვიმპელკომის" წარმომადგენლები, რუსეთის მოქალაქეები სერგეი ავდეევი, ელენა შმატოვა და უკრაინის მოქალაქე ვლადიმერ რიაბოკონი, ხოლო Delgado Resources-ს საბჭოში წარმოადგენდნენ - საქართველოს მოქალაქე ლევან ყარამანიშვილი და რუსეთის მოქალაქე რევაზ შარანგია. 2015 წლის მონაცემებით,  "მობიტელის" დირექტორი გიორგი ტყეშელაშვილია.

აღსანიშნავია, რომ „კავკასუს ონლაინის“ სამეთავლყურეო საბჭოში იგივე პირები შედიან, ვინც „ბილაინის“ სამეთვალყურეო საბჭოშია -  არონია და მაქაცარია. კომპანიას კი ოფშორული კომპანიები ფლობენ - International Online Networks, "ნელგადო ლიმითედი" და "გროუს მასთერ ჰოლდინგზ აი-სი".  თუ ტრანზაქციები ოფშორულ კომპანებში განხორციელდება და „ვიმპელკომი“ „კავკასუსის“ მფლობელი ამ გზით გახდება, მაშინ ქართულ სამეწარმეო რეესტრში მფლობელებს შორის ცვლილება არ მოხდება და ინფორმაციაც ხელმიუწვდომელი იქნება.

 კავკასუს