თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტი“ ლეონიდ თიბილოვი საინფორმაციო სააგენტო „EADaily“-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ეგრეთწოდებულ სამხრეთ ოსეთის „რესპუბლიკას“ გაზს რუსული ენერგოგიგანტი „გაზპრომი“ მიაწვდის. 2008 წლის ომამდე რეგიონი ბუნებრივ აირს თბილისიდან იღებდა. თიბილოვის თანახმად, ამ დროისთვის გაზპრომის მიერ უკვე მომზადებულია გაზიფიცირების სქემა.
„ამ საკითხთან დაკავშირებით მივმართე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, 1 ივნისს მასთან მორიგ შეხვედრაზე, სადაც მან მხარდაჭერის პირობა მოგვცა. ჩვენ შევიძინეთ რესპუბლიკის გაზიფიკაციის სქემა, რომელიც მოამზადა „გაზპრომის“ ერთ-ერთმა ორგანომ. ეს სქემა ჩემს მიერ იქნა დამტკიცებული და ჩვენ უკვე დავიწყებთ გაზპრომთან აქტიურ მუშაობას სამხრეთ ოსეთის გაზიფიკაციის საკითხზე“ - განაცხადა თიბილოვმა.
ზემოთაღნიშნული გაზიფიკაციის სქემა მოამზადა სააქციო საზოგადოება „Газпром – Промгаз“-მა, რომელიც 2015 წლის 26 ივნისს იქნა დამტკიცებული თიბილოვის მიერ. აღსანიშნავია, რომ გაზპრომი თავისი შვილობილი კომპანიით, "Газпром - Южная Осетия"-ით (რომლის 75%-ს ფლობს „გაზპრომი“), 2011 წლიდან ამარაგებს ოკუპირებულ ტერიტორიას ბუნებრივი აირით. კომპანია პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე და გაზგამანაწილებელი ქსელის მართვაზე. ამჟამად გაზის მიწოდების პრობლემა არის ახალგორის რაიონში და სავარაუდოდ გაზპრომის დაგეგმილი სამუშაოები ზუსტად ამ რაიონზე გავრცელდება. საქართველოს მთავრობა 2012 წლიდან აქტიურად სთავაზობს ოსურ მხარეს ახალგორის რაიონში გაზმომარაგების საკითხებში თანამშრომლობას, რაზეც ოსური მხარი უარს აცხადებს.
გაზპრომის მიერ აღნიშნული საქმიანობის ჩატარება ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად არის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოში მოქმედი კანონის უხეში დარღვევა.
2008 წლის 23 ოქტომბრიდან საქართველოში მოქმედებს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს იმ ტერიტორიების სტატუსს, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესიის შედეგად და ადგენს ამ ტერიტორიების განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს. კანონი ითვალისწინებს შეზღუდვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარკვეული ეკონომიკური საქმიანობის წარმოებას (მე-6 მუხლი). მათ შორის:
„ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, თუ ასეთი საქმიანობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“, „მუზეუმების შესახებ“, „წყლის შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს საზღვაო კოდექსის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით საჭიროებს შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვებას, ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გავლას, ან თუ ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროებს შეთანხმებას — ასეთის არარსებობის შემთხვევაში“ - საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მუხლი-6 (1(ა))
„გაზპრომს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის უფლება თუ ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება, რისთვისაც სპეციალურ ნებართვას საქართველოს მთავრობა გასცემს. მთავრობის მხრიდან არ ყოფილა არავითარი ინფორმაცია ასეთი ტიპის მოლაპარაკებების გამართვის შესახებ.
შესაბამისად, რუსული კომპანია „გაზპრომი“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობით არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობასა და სანქციებს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322 (2) მუხლით ოკუპირებული ტერიტორიებზე საქართველოს კანონით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება:
„ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე“.
ამასთანავე:
„ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგ იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით“.
შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ქალაქ ბრიუსელში „გაზპრომის“-ის გენერალურ დირექტორთან, ალექსეი მილერთან, გამართულ შეხვედრაზე სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის დეტალების გარდა, საქართველოში დამატებითი რუსული ბუნებრივი აირის იმპორტირების გეგმებიც განიხილა, რამაც საქართველოს მოსახლეობის ნაწილის პროტესტი გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ გაზპრომის გარდა კიდევ ერთი რუსული ენერგოგიგანტი „Роснефть“ არღვევს ზემოთხსენებულ კანონს. ნავთობმომპოვებელი ლიდერი "როსნეფტი" რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კომპანიაა. მისი მთავარი აქციონერი (69.50%-ის მფლობელი) არის 100%-იან სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი „როსნეფტგაზი“. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდგომ, რუსული კომპანია მოექცა დასავლური სახელმწიფოების სანქციების ქვეშ.
„როსნეფტი“ შავი ზღვის აფხაზეთის შელფზე ნავთობს მოძიების სამუშაოებს 2009 წლიდან აწარმოებს. 2014 წლიდან, კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ “პეტროკას ენერჯი ლიმიტედის” 49%-იანი წილი შეიძინა. „პეტროკას ენერჯი ლიმიტედი“ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიაა, რომელიც ახორციელებს საწვავის ექსპორტს ევროპიდან და აწვდის საქართველოში მოქმედ ბენზინგასამართი სადგურების სხვა ქსელს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებმა მიმართეს პეტიციით საქართველოს ხელისუფლებას აემოქმედებინათ კანონით გათვალისწინებული სანქციები.
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არის ერთ-ერთი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებას, რათა მესამე სახელმწიფოებმა თუ კომპანიებმა ვერ მოახერხონ საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით საქმიანობის დაწყება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.