წინა წლების მსგავსად, 9 მაისისთვის, საქართველოში მომავალი რუსი ტურისტების რამდენიმე მანქანაზე გაჩნდა გეორგიევსკის ლენტი. ამ ფაქტს, ქართულ საზოგადოებაში, ისევე როგორც პოლიტიკურ წრეებში უკმაყოფილება მოყვა, ვინაიდან საქართველოში, ეს ლენტი რუსული საოკუპაციო ჯარის სიმბოლოდ ითვლება. ამჟამად, რუსეთში გეორგიევსკის ლენტი მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების სიმბოლოდ აღიქმება, ისევე როგორც რუსული ჯარის სიმბოლოდ. აღსანიშნავია, რომ ამ სიმბოლოს გამოყენება და დატვირთვა რუსეთის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
საინფორმაციო ომში, სიმბოლოებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მარტივად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი სიმბოლოს ასოცირება კონკრეტულ მოვლენასთან, პიროვნებასთან ან იდეასთან, მასებზე ზემოქმედების ერთ-ერთი საშუალებაა. როგორც აღინიშნა, რუსეთში ეს ლენტი მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა ჯარის გამარჯვებასთან ასოცირდება. თუმცა ლენტის თავდაპირველი გამოყენება განსხვავებულ მიზანს ემსახურებოდა.
გეორგიევსკის ლენტი პირველად შექმნეს და გამოიყენეს 1769 წელს. იმპერატორ ეკატერინე II-ის ინიციატივით, რუსი ოფიცრებისთვის შეიქმნა წმინდა გიორგის ორდენი, რომლითაც აჯილდოვებდნენ რუსეთის ჯარის ოფიცრებს ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის. ოფიცრებს ჯილდო უნდა ეტარებინათ ლენტით, რომელსაც ჰქონდა სამი შავი ზოლი და ორი ყვითელი (რუსეთის იმპერიის ფერები). შესაბამისად, ლენტი ითვლებოდა რუსეთის ჯარის სიმბოლოდ და სახელწოდებაც წმინდა გიორგის ორდენიდან შერჩა - გეორგიევსკის ლენტი.
დღეს რუსეთში გეორგიევსკის ლენტს ახალი დატვირთვა აქვს და ფაშიზმის დამარცხების სიმბოლოდ ითვლება. ლენტისთვის მსგავსი დატვირთვის მინიჭება რუსეთის მთავრობის ინიციატივა იყო და შესაბამისი აქცია, სადაც 9 მაისს ლენტს არიგებენ, 2005 წლიდან იღებს სათავეს. აქცია მხოლოდ რუსეთში არ იმართება და მსოფლიოს 30-მდე ქვეყანას მოიცავს. ლენტების დამზადება და გავრცელება ფინანსდება რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აქციის ოფიციალური საიტის მონაცემებით, წლების განმავლობაში გავრცელდა 50 მილიონ ლენტზე მეტი.
ლენტის გავრცელება რუსეთის საზღვრებს მიღმა შემთხვევითი არაა და კავშირშია კრემლის საინფორმაციო ომთან. 2005 წლიდან, კრემლის მიერ მოხდა სრულიად ახალი ნარატივის შექმნა რუსეთთან და საბჭოთა კავშირთან დაკავშირებით.
1990-იანი წლებში, რუსეთში საბჭოთა წარსულის მოშორების მცდელობა იყო და საბჭოთა ხელისუფლების დანაშაულებების, ისევე როგორც საბჭოთა სისტემის მანკიერების გაცნობიერება ხდებოდა. 2005 წლიდან კი იწყება საბჭოთა წარსულის განდიდების კამპანიები. კარგად ცნობილია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხედულება საბჭოთა კავშირზე, როდესაც კავშირის დაშლას მან უწოდა „XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“. მთავარი გზავნილი ამ ნარატივის არის ის, რომ ვიანიდან საბჭოთა კავშირმა დიდი წვლილი შეიტანა ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში, ის ფაშიზმის საპირწონეა. ხდება წარსულის დიდებაზე აპელირება, გაღებული მსხვერპლის შეხსენება და საერთო პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება.
საქართველოში მსგავსი ნარატივის ექსპორტის რამდენიმე მიზანი არსებობს. უპირველეს ყოვლისა, ეს სამოქალაქო დიპლომატიის ნათელი მაგალითია. ქვეყნის (რუსეთის) შესახებ მოსახლეობაში დადებითი წარმოდგენის შექმნა და მოსახლეობის კეთილგანწყობის მოპოვება, რადგან ფაშიზმის დამარცხების და რუსეთის „სიდიადის“ ავტომატური დაკავშირება ხდება. ამ კავშირის ვიზუალიზაცია ხდება მარტივად დასამახსოვრებელი ლენტით, რომელიც ამასთანავე რუსეთის ჯარის სიმბოლოა.
ამასთანავე, ხაზი ესმება საქართველოსა და რუსეთის „საერთო წარსულს“, რითაც ხდება საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივება. შესაბამისად, გზავნილი, რომელიც კრემლის მიერაა შექმნილი გულისხმობს შემდეგს - ჩვენ ფაშიზმი ერთად დავამარცხეთ და ამ დიდებული წარსულის ნაწილი რუსეთთან ერთად საქართველოც იყო. მსგავსი გზავნილია სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვისაც, სადაც უარყოფითი დამოკიდებულებაა თანამედროვე რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიმართ. მსგავსი მეთოდებით კრემლი ცდილობს რუსეთის შესახებ უარყოფითი შეხედულებების აღმოფხვრას.
სინამდვილეში, შავ და ყვითელზოლიანი ლენტი რუსეთის პროპაგანდისტული ინსტრუმენტია. ეკატერინე II-ის დროიდან მოყოლებული დღემდე, გეორგიევსკის ლენტი რუსეთის ჯარის სიმბოლოა. ეს ლენტი საქართველოში მხოლოდ ოკუპაციის სიმბოლოდ შეიძლება იქნას აღქმული და საქართველოს მოქალაქეებისთვის შეხსენებაა, რომ საქართველოს 20% იმ ჯარის მიერაა ოკუპირებული, რომელიც გეორგიევსკის ლენტს ატარებს.