საინფორმაციო ომი, რუსეთის გეოპოლიტიკური მიზნების მიღწევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. კრემლის მიერ დეზინფორმაციის გამოყენება ყალბი რეალობისა თუ ალტერნატიული სიმართლის შესაქმნელად კარგად ნაცადი ხერხია. აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ომი რუსეთის სამხედრო დოქტრინის შემადგენელი ნაწილია. დოქტრინა, რომელიც 2014 წლის დეკემბერში იქნა დამტკიცებული პირდაპირ მიუთითებს, რომ თანამედროვე კონფლიქტების მთავარი კომპონენტებია - სამხედრო ძალა, ინფორმაცია, პოლიტიკური და ეკონომიკური ზომები.
უკანასკნელ პერიოდში საქართველოში შეინიშნება ანტი-დასავლური მოწოდებების მქონე მედია საშუალებებისა თუ ორგანიზაციების გააქტიურება. ეს ტენდენცია არა მხოლოდ საქართველოში შეინიშნება, არამედ ევროკავშირის ქვეყნებშიც, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, რუსეთის ფედერაცია საინფორმაციო კამპანიაზე ხარჯავს დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს. თუმცა, საინტერესოა თუ რა სტრატეგიებს მიმართავს რუსეთი სხვადასხვა ქვეყნებში, რა გზავნილები ჭარბობს ქვეყნების მიხედვით და რაზე არის ყურადღება გამახვილებული რუსულ პროპაგანდისტულ მედია საშუალებებში.
ამ კითხვებთან დაკავშირებით, კვლევითმა ინსტიტუტმა CEPA-მ (Center for European Policy Analysis) აწარმოა კვლევა სადაც დეტალურადაა აღწერილი რუსული დეზინფორმაციის მეთოდოლოგია, სტრატეგია და ძირითადი ტენდენციები ქვეყნების მიხედვით. Damoukidebloba.com გთავაზობთ კვლევის ძირითადი მიგნებებს, რათა უკეთ წარმოვიდგინოთ თუ როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა ევროპის მასშტაბით.
როგორია რუსული პროპაგანდის სახე?
რუსული საინფორმაციო საშუალებები (რუსულენოვანი და ასევე უცხოენოვანი), განსაკუთრებით მრავალენოვანი „RT“ და საინფორმაციო სააგენტო „Sputnik“, წარმოადგენენ ერთგვარ „რბილ“ ანტი-დასავლურ პროპაგანდისტულ ქსელს, რომელიც ხაზს უსვამს დასავლური საზოგადოების ნაკლოვანებებსა თუ „ფარისევლობას“ (კორუფცია, ძალაუფლების სათავისოდ გამოყენება, ინფრასტრუქტურული წარუმატებლობები და სტიქიური უბედურებები). ძირითადად გამოიყენება სახელმწიფო მოხელეები, „დამოუკიდებელი ექსპერტები“, „დამოუკიდებელი ჟურნალისტები“, ეგრეთწოდებული ინტერნეტ/კიბერ „ბოევიკები“, რათა გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.
რა ტაქტიკებს იყენებს რუსეთი?
რუსეთის საინფორმაციო ომი ძირითადად 4 ტაქტიკურ მიმართულებას აერთიანებს:
როგორია რუსული პროპაგანდის გზავნილები ევროპის ქვეყნებში?
დეზინფორმაცია, რომელიც ვრცელდება დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში განსხვავდება შინაარსობრივად და დამოკიდებულია ქვეყნის სოციო-კულტურულ, პოლიტიკურ და ისტორიულ თავისებურებებზე. ყოველი გზავნილი არის გულდასმით შერჩეული და ძირითადად გათვლილია ამ რეგიონის ქვეყნების რუსულენოვან მოსახლეობაზე. მაგალითად:
ცალკე განსახილველი შემთხვევაა ბალტიის ქვეყნები, რომლებიც პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის წარმატებული მაგალითად ითვლებიან. ლატვიასა და ესტონეთში ძირითადი პროპაგანდისტული სპეკულაციაა თუ როგორი დისკრიმინაციის ქვეშ არიან ამ ქვეყნებში რუსები მათი ეთნიკური თუ ენობრივი მახასიათებლების გამო, რომ მათ უარს ეუბნებიან მოქალაქეობაზე. ეს ბრალდებები მცდარია და არ ეფუძნება არანაირ ფაქტებს. სინამდვილეში საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ესტონეთსა და ლატვიაში დასახლებული რუსების განდევნას ადგილი არ ჰქონია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მათ აქვთ შესაძლებლობა შეისწავლონ სახელმწიფო ენები (ესტონური და ლატვიური) და შეიტანონ განაცხადი მოქალაქეობაზე, თუ ამის სურვილი ექნებათ. თუ ეს სურვილი არ აქვს ეთნიკურად რუსს, რომელიც ამ ქვეყნებში ცხოვრობს, მათ ამ ქვეყნებში ცხოვრების და დასაქმების უფლება მაინც აქვთ (გამონაკლისებია: შეიარაღებული ძალებში მსახური და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავება). საინტერესო შემთხვევაა ლიტვა, სადაც რუსულმა პროპაგანდამ მოახერხა ლიტვის პოლონურ უმცირესობაში ანტი-ლიტვური სენტიმენტების გაღვივება.
ბალტიისპირეთში რუსეთის პროპაგანდის მამოძრავებელი ძალაა - „Первый Балтийский канал“. ასევე ონლიაინ საიტი Regnum.ru, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს. უკანასკნელ დროს რუსეთის მიერ ამოქმედდა საიტი Baltnews, სადაც ანონიმურად თავსდება ინფორმაცია და ახალი ამბები ესტონურ, ლიტვურ და ლატვიურ ენებზე.
როგორია გზავნილები საქართველოში?
მთავარი რუსული პროპაგანდისტული გზავნილები საქართველოში შეიცავს შემდგომ მესიჯებს - ევროინტეგრაცია ქართულ კულტურას და ტრადიციებს უქმნის საფრთხეს, უკრაინას და ბალტიისპირეთს დასავლეთიდან მართული ფაშისტები მართავენ. ასევე ხდება აპელირება მართლმადიდებლობაზე და ერთმორწმუნეობაზე (იხილეთ ჩვენი სტატია ერთმორწმუნეობის თემაზე). აშშ წარმოჩენილია, როგორც მსოფლიო კონფლიქტების ინიციატორი. მას შემდეგ, რაც თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაიძაბა, ვრცელდება ანტი-თურქული მოწოდებებიც სხვადასხვა ჯგუფების მიერ (განსაკუთრებით კი „ქართული დასის“ მიერ).
2015 წლის 27 ნოემბერს (თურქეთმა რუსული “სუ-24”-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო 2015 წლის 24 ნოემბერს) „ქართული დასის“ ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას Facebook გვერდზე გავრცელდა ინტერნეტ კამპანია სახელწოდებით - „ძირს ოკუპანტი თურქეთი“, ზუსტად მაშინ, როდესაც ურთიერთობა თურქეთსა და რუსეთს შორის დაიძაბა. აღსანიშნავია, რომ „ქართული დასის” ლიდერმა საქართველოში რუსეთის სამოკავშირეო ოფისის ამოქმედება დაანონსა 2015 წლის 14 დეკემბერს. როგორც ბაღათურიამ განაცხადა „რუსეთ საქართველოს სამოკავშირეო ოფისის გახსნით ვიწყებთ რუსეთის ლობირებას საქართველოში“.
რუსული პროპაგანდის მთავარი საყრდენი საქართველოში რამდენიმე ადგილობრივი ვებ-პორტალია: “საქინფორმი”, “საქართველო და მსოფლიო” და “ივერიონი”. ეს მედია-საშუალებები საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციის - “ევრაზიული ინსტიტუტის” მედია-პარტნიორები არიან. “ევრაზიულ ინსტიტუტს” თავის ვებ-გვერდზე დაფინანსების წყაროები მითითებული არ აქვს, თუმცა, ცნობილი რუსი იდეოლოგის - ალექსანდრ დუგინის ორგანიზაცია “საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა” მიუთითებს, რომ საქართველოში მისი პარტნიორი სწორედ “ევრაზიული ინსტიტუტია”.
დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის პროპაგანდა არის მეთოდური, აქვს სტრატეგიული მიმართულება, გამოიყენებს სხვადასხვა მედია საშუალებებსა და ტექნიკებს. ცდილობს ფაქტების დამახინჯებას, რათა მაყურებელმა ვერ მოახერხოს რეალური სურათის დანახვა, აღვივებს ეჭვებს და აგდებს მაყურებელს საგონებელში. რუსული პროპაგანდის მიზანი არის ალტერნატიული რეალობის შექმნა, რათა საზოგადოებამ დაკარგოს რეალობის აღქმის უნარი.