Bellingcat-ის გამოძიება ვლადიმირ კარა-მურზას მოწამვლის საქმეზე

1 მარტი 2021 Shadow

2021 წლის 11 თებერვალს, Bellingcat-მა The Insider-თან (რუსეთი) და Der Spiegel-თან (გერმანია) ერთად ჩატარებული ახალი გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, რომლითაც ირკვევა, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურის (FSB) თანამშრომლები - მათ შორის ერთ-ერთი, რომლის თაობაზეც Bellingcat ცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე ირწმუნებოდა, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან აქვს კავშირი - კრემლის კიდევ ერთ კრიტიკოსს, ვლადიმირ კარა-მურზას უთვალთვალებდნენ მის მოწამვლამდე ცოტა ხნით ადრე.

ვლადიმირ კარა-მურზა მოწამვლის მსხვერპლი ორჯერ, 2015 და 2017 წლებში გახდა და ორივე შემთხვევაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. მიუხედავად ამისა, რუსეთის სახელმწიფოს არც ერთ ამ შემთხვევაზე საქმე არ აღუძრავს.

Bellingcat-მა დეტალურად შეისწავლა კარა-მურზას და FSB-ის იმ დანაყოფის სამგზავრო ინფორმაცია, რომელიც ნავალნის საქმეში ფიგურირებდა. შედეგად კი აღმოაჩინა, რომ 2015 წლის მაისისა და 2017 წლის თებერვლის მოწამვლის ინციდენტების წინ კარა-მურზას აქტიურად უთვალთვალებდნენ FSB-ის აგენტები.

 

2015 წელი

2015 წლის მაისში ვლადიმირ კარა-მურზას მოწამვლამდე 12 თვის განმავლობაში შესრულებული ფრნების ანალიზის საფუძველზე გამოძიებამ გაარკვია, რომ შემთხვევამდე სამი თვით ადრე FSB-ის კრიმინალისტიკის ინსტიტუტის აგენტები მას უკვე დაჰყვებოდნენ რუსეთის გარშემო მოგზაურობისას. ამ პერიოდში, ისინი პოლიტიკოსს აედევნენ ტომსკში, სანქტ-პეტერბურგში, კალინინგრადსა და ყაზანში. აღსანიშნავია, რომ Bellingcat-ის ინფორმაციით, FSB-ის ოფიცერი, ალექსანდრ სამოფალი ასევე უთვალთვალებდა აქტივისტს, ნიკიტა ისაიევს, რომელიც ანტი-კორუფციულ საკითხებზე მუშაობს, 2019 წელს მის მოწამვლამდე, რაც ფატალურად დასრულდა. თუმცა, სამოფალი არ ყოფილა FSB-ის იმ დაჯგუფების წევრი, რომელიც ალექსეი ნავალნის უთვალთვალებდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ კარა-მურზას ერთ-ერთი მარშრუტზე დაჰყვებოდა FSB-ის აგენტი, კონსტანტინ კუდრიავცევი, რომელიც ნავალნის საქმეში ფიგურირებს. 

კარა-მურზას საქმეში ფიგურირებს რომან მეზენცევი - FSB-ის უმაღლესი რანგის ოფიცერი, რომელიც ყველა სხვა მსგავს საქმეშიც ჩართული იყო. მისი სატელეფონო ზარებისა და მოგზაურობის ისტორიის შესწავლის საფუძველზე, Bellingcat-მა გაარკვია, რომ ამ პერიოდში იგი რეგულარულად ეკონტაქტებოდა FSB-ისა და მთავრობის მაღალჩინოსნებს. ასევე, კარა-მურზად საქმეში იკვეთება კიდევ ერთი ფიგურანტი, ვალერი სუხარევი, კრიმინალისტიკის თანამშრომელი, რომელმაც ნავალნის მოწამვლამდე ტომსკში 100-ზე მეტი სატელეფონო ზარი განახორციელა იმ დაჯგუფების წევრებთან, რომელიც ნავალნის დაჰყვებოდა.

Bellingcat-მა შეისწავლა, თუ რამდენჯერ ემთხვეოდა FSB-ის ზემოხსენებული ოთხი თანამშრომლისა და კარა-მურზას მარშრუტები 2015 წლის მაისში მის მოწამვლამდე 3 თვის განმავლობაში (იხ. სურათი 1).

 

სურათი 1 

კარა-მურზა ყაზანიდან მოსკოვში დაბრუნებიდან ორ დღეში გახდა შეუძლოდ. გამოძიება ვარაუდობს, რომ ის ან მოსკოვში მოწამლეს, საკუთარ სახლში ან საწამლავი მოათავსეს მის საცვლებზე ყაზანში, რომელმაც მხოლოდ მოსკოვში ჩაცმის შემდეგ იმოქმედა. საყურადღებოდა, რომ კარა-მურზა 27 მაისს კალინინგრადში გამგზავრებას გეგმავდა, 26 მაისს რომ არ მოეწამლათ, თუმცა სხვა მოგზაურობებისგან განსხვავებით, FSB-ის აგენტებს კალინინგრადისკენ ბილეთები არ აუღიათ, რადგან, სავარაუდოდ, უკვე იცოდნენ რაც მოხდებოდა 26 მაისს. 

ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, კარა-მურზას „გულის გაჩერების“ დიაგნოზი დაუსვეს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2015 წელს მისი მოწამვლის გარშემო განვითარებული მოვლენები ძალიან ჰგავს ნავალნის მოწამვლას ომსკში - ნავალნის შემთხვევის მსგავსად, კარა-მურზას ექიმმაც განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა არ იძლეოდა საზღვარგარეთ მისი გადაყვანის შესაძლებლობას. პარალელურად კი საეჭვო წყაროებმა დაიწყეს დეზინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ კარა-მურზა ანტიდეპრესანტების ზედმეტი დოზის მიღების გამო მოხვდა საავადმყოფოში.

 

2017 წელი

 

 

ვლადიმირ კარა-მურზა საავადმყოფოში, 2017 წლის 2 თებერვალს მოწამვლის შემდეგ. მარცხნიდან მარჯვნივ: მისი ცოლი, ევგენია კარა-მურზა, ადვოკატი, ვადიმ პროხოროვი და ჟურნალისტი, ალექსანდრ პოდრაბინეკი.

 

პირველი მოწამვლიდან გამოჯანმრთელების შემდეგ, ვლადიმირ კარა-მურზამ განაახლა მოგზაურობა ქვეყნის გარშემო და, Bellingcat-ის გამოძიების მიხედვით, FSB-ის აგენტებიც ხელახლა აედევნენ მას. ისინი პოლიტიკოსს 2016 წელს გაჰყვნენ ყაზანში, სანქტ-პეტერბურგსა და ნიჟნი ნოვგოროდში. იგი მეორედ 2017 წლის 2 თებერვალს მოწამლეს, თუმცა Bellingcat-ის გამოძიებამ ვერ მოიპოვა ვერანაირი მონაცემი, რაც დაადასტურებდა, რომ წინა დღეებში აგენტები მის სიახლოვეს იყვნენ. მიუხედავად ამისა, საგამოძიებო გუნდი ვარაუდობს, რომ საწამლავი შესაძლოა მოთავსებული ყოფილიყო მის კბილის ჯაგრისზე. The Insider წერს:

„ამ შემთხვევაში, 8 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც [კარა-მურზამ] დატოვა სახლი და გამოუვლინდა სიმპტომები - ეს ზედმეტად დიდი დროა იმისათვის, რომ აქამდე ცნობილმა რომელიმე საწამლავმა იმუშაოს. ყველაზე უფრო სავარაუდო სცენარია, რომ საწამლავი მოთავსებული იყო მის კბილის ჯაგრისზე. საცვლების მსგავსად, პირადი ჰიგიენის ნივთები საწამლავის მოსათავსებლად ძალიან მოსახერხებელია, რადგან გამორიცხულია იმის ალბათობა, რომ ისინი მესამე პირმა გამოიყენოს. იმავე დღეს, კარა-მურზამ თან წაიღო საკუთარი კბილის ჯაგრისი და სიმპტომების გამოვლენამდე 3-4 საათით ადრე გაიხეხა კბილები“.

კარა-მურზას ხელმეორედ მოწამვლის შემდეგ, მისმა ცოლმა, ევგენიამ საავადმყოფოდან მოიპოვა მისი სისხლის ნიმუშები და გადასხა FBI-ის აგენტებს. ისინი დაჰპირდნენ, რომ ნიმუშებს ისეთ ლაბორატორიებში შეისწავლიდნენ, რომლებიც აკრედიტებულია ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) მიერ. სასამართლოს განჩინების შემდეგ, ბიურომ გამოაქვეყნა ფრაგმენტები ანგარიშიდან, დანარჩენზე კი განაცხადა, რომ გასაიდუმლოებული იყო. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, FBI-იმ დაასკვნა, რომ კარა-მურზა მოწამლული იყო, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რა ნივთიერება გამოიყენეს მის წინააღმდეგ.

The Insider წერს: „რა საჭიროა ასეთი გასაიდუმლოება? შესაძლებელია პასუხი ვიპოვოთ რამდენიმე ათეულ გამოუქვეყნებელ გვერდზე. ერთ-ერთი გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2018 წლის იანვრის ბოლოს, ვიღაც (მისი სახელი დამალულია დოკუმენტში), ვინც FBI-ის დირექტორთან, კრისტოფერ ვრეისთან ითხოვდა შეხვედრას, ვაშინგტონში უნდა გაფრენილიყო“. ამავდროულად, ცნობილია, რომ 2018 წლის იანვრის ბოლოს რუსეთის FSB-ის დირექტორი, ალექსანდრ ბორტნიკოვი გაფრინა აშშ-ში საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსთან, სერგეი ნარიშკინთან და ГРУ-ის უფროსთან, იგორ კორობოვთან ერთად. ნებისმიერი მათგანი შეიძლებოდა შეხვედროდა FBI-ის დირექტორს. როგორც The Insider ასკვნის, თავისთავად ის ფაქტი, რომ ეს შეხვედრა ნახსენებია კარა-მურზას საქმის მასალებში, მიუთითებს იმაზე, რომ ამ შეხვედრაზე განიხილეს კარა-მურზას მოწამვლა, ამიტომ დანარჩენი მასალის გასაიდუმლოება, შესაძლოა, ერთგვარი შეთანხმების ნაწილია.

Bellingcat დასკვნის სახით წერს, რომ შეუძლებელია, რომ დამთხვევა იყოს ცნობილი რუსი ოპოზიციონერისა და FSB-ის ქიმიურ ნივთიერებებზე მომუშავე გუნდის წევრების მარშრუტების ამ სიხშირით გადაკვეთა. აღნიშნული გამოძიების შედეგები კიდევ უფრო საყურადღებოა იმის ფონზე, რომ მსგავს „დამთხვევებს“ ჰქონდა ადგილი, მაგალითად, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეშიც. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Bellingcat-ის ეს გამოძიება პირველია, რომელშიც საუბარია FSB-ს კავშირებზე მოწამვლის ოპერაციასთან მოსკოვში, ვინაიდან სხვა ყველა შემთხვევა მოსკოვის გარეთ დაფიქსირდა.