Bellingcat-ის გამოძიება ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე

18 დეკემბერი 2020 Shadow

Bellingcat-ის გამოძიება ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე

 

2020 წლის 14 დეკემბერს ბრიტანულმა საგამოძიებო მედია პროექტმა Bellingcat გამოაქვეყნა The Insider-თან, Der Spiegel-თან და CNN-თან ერთად ჩატარებული გამოძიების შედეგები და მტკიცებულებები, რომელიც, ორგანიზაციის თქმით, აჩვენებს, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი რუსეთის უშიშროების სამსახურმა (ФСБ) მოწამლა. ორგანიზაციის მტკიცებით, ФСБ მის მოწამვლას სულ მცირე მას შემდეგ გეგმავდა, რაც ნავალნიმ 2017 წელს გამოაცხადა, რომ პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს. როგორც გამოძიებამ გაარკვია, ФСБ-ის აგენტებმა 30-ზე მეტ პარალელურ რეისზე იფრინეს ალექსეი ნავალნისთან ერთად და 2020 წლის შემთხვევამდე, მისი მოწამვლის, სულ მცირე, ორი მცდელობა ჰქონდათ.[1]

Bellingcat აქვეყნებს ФСБ-ის იმ თანამშრომლების ვინაობას, რომლებმაც ნავალნისთან ერთად იმგზავრეს ნოვოსიბირსკისკენ, შემდეგ კი მას გაჰყვნენ ქალაქ ტომსკში, სადაც ოპოზიციის ლიდერი მოწამლეს. ესენი არიან ალექსეი ალექსანდროვი (39), ივან ოსიპოვი (44) და ვლადიმირ პანიევი (40). გამოძიებით დადგინდა, რომ მათ კიდევ ზურგს უმაგრებდა ФСБ-ის სულ მცირე 5 თანამშრომელი, რომელთაგან ზოგიერთი ჩავიდა ომსკში, სადაც მოწამვლის შემდეგ ნავალნი მოათავსეს საავადმყოფოში. გამოძიების ფარგლებში, ФСБ-ის სულ თორმეტი მუშაკის სატელეფონო მონაცემების ანალიზი ჩატარდა, რის საფუძველზეც გაირკვა, რომ მათ მთელ ამ პერიოდში აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ ერთმანეთთან. მეტიც, სატელეფონო კომუნიკაციის შესწავლით გაირკვა, რომ ნავალნის მოწამვლა რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში იგეგმებოდა. 

გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ ФСБ-ში არსებული ერთ-ერთი გასაიდუმლოებული დანაყოფი ამუშავებს მომწამვლელი ქიმიური იარაღის პროგრამას. აღნიშნული დანაყოფი მუშაობს მეცნიერებთან, რომლებსაც აქვთ რუსეთის სამხედრო ქიმიური იარაღის პროგრამაზე მუშაობის გამოცდილება შიხანიში, სადაც ნერვული აგენტი „ნოვიჩოკი“ შეიქმნა, რომლითაც ნავალნი მოწამლეს. ასევე, დანაყოფს კავშირი აქვს ქიმიური იარაღის სხვა სპეციალისტებთან, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტში მუშაობენ.

Bellingcat-ის ინფორმაციით, 2020 წლის აგვისტოში ნავალნის მოწამვლამდე ФСБ-ის მუშაკები, რომლებიც მას უთვალთვალებდნენ, აქტიურად ამყარებდნენ კომუნიკაციას ორგანოფოსფატის ტოქსინების ექსპერტებთან. აღნიშნული ჯგუფი მუშაობს ФСБ-ის კრიმინალისტიკის ინსტიტუტის ეგიდით. ინსტიტუტი 1977 წელს დაარსდა, როგორც КГБ-ის მაღალტექნოლოგიური საგამოძიებო დანაყოფი. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად აღნიშნული ინსტიტუტი საგამოძიებო ფუნქციებს ასრულებს, იმ აგენტების ინფორმაციით, რომლებიც დასავლეთის მხარეს გადავიდნენ, ინსტიტუტს გააჩნია საწამლავების საიდუმლო ლაბორატორია, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს იყენებდნენ დასავლელი დიპლომატების, უკრაინელი ნაციონალისტებისა და „მოღალატეების“ მოსაწამლად. სატელეფონო მონაცემების ანალიზის შედეგად, Bellingcat-ის გამოძიებამ დაადგინა სამი ლოკაცია, სადაც, სავარაუდოდ, აღნიშნული ლაბორატორია მდებარეობს - ეს ის ლოკაციებია, სადაც ФСБ-ის 12 მუშაკი დიდ დროს ატარებდა.

 

გასაიდუმლოებული ლაბორატორიის სამი სავარაუდო ლოკაცია
წყარო: www.bellingcat.com

 

როგორც Bellingcat ამტკიცებს, მომწამვლელი ქიმიური იარაღის პროგრამას ხელმძღვანელობს სამხედრო მეცნიერი სტანისლავ მაკშაკოვი, რომელიც ორგანული სინთეზის სახელმწიფო ინსტიტუტში მუშობდა. რუსეთის ქიმიური იარაღის პროგრამის შეჩერებამდე, იგი აღნიშნულ ინსტიტუტში სწორედ ქიმიური იარაღის, მათ შორის ნერვული აგენტების განვითარებაზე მუშაობდა. სატელეფონო საუბრებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ადგილზე მომუშავე აგენტები პირდაპირ კომუნიკაციას ამყარებდნენ მაკშაკოვთან, მაკშაკოვი კი თავის მხრივ იყო შუამავალი მათსა და ქიმიურ იარაღზე მომუშავე სხვა ექსპერტებს შორის, რომლებიც მოსკოვის გარეთ მუშაობენ. მაკშაკოვი ანგარიშებს აბარებდა გენერალ კირილ ვასილევს, რომელიც ФСБ-ის კრიმინალისტიკის ინსტიტუტის დირექტორია.

სტანისლავ მაკშაკოვის პასპორტის ფოტო
წყარო: www.bellingcat.com

კირილ ვასილევი ექვემდებარება ვლადიმირ ბოგდანოვს, რომელიც, ასევე, კრიმინალისტიკის ინსტიტუტის დირექტორი იყო, ახლა კი ФСБ-ის სპეციალური ტექნოლოგიების ცენტრს ხელმძღვანელობს და, ამავდროულად, არის ФСБ-ის სამეცნიერო-ტექნიკური სამსახურის დირექტორის მოადგილე. ბოგდანოვი ანგარიშებს აბარებს ФСБ-ის დირექტორს, ალექსანდრ ბორტნიკოვს, რომელიც, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირზეა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან.

 

გენერალი ვლადიმირ ბოგდანოვი
წყარო: www.bellingcat.com

 

გამოძიების მიერ გაშიფრული ФСБ-ს ქსელი, რომელიც ვლადიმირ პუტინამდე მიდის
წყარო: www.bellingcat.com

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნავალნის მოწამვლის ოპერაციაში ФСБ-ის შვიდი მუშაკი იყო ჩართული, რომლებიც რეგულარულ კონტაქტს ამყარებდნენ მაკშაკოვთან. ესენი არიან: ოლეგ ტაიკინი, რომელიც მოგზაურობდა ყალბი სახელით - ოლეგ ტარასოვი, დაბადებული 1980 წლის 6 დეკემბერს.

 

ოლეგ ტაიკინი
წყარო: www.bellingcat.com

 

ალექსეი ალექსანდროვი, ყალბი სახელი - ალექსი ფროლოვი, დაბადებული 1981 წლის 16 ივნისს.

 

ალექსეი ალექსანდროვი
წყარო: www.bellingcat.com

 

ივან ოსიპოვი, ყალბი სახელი - ივან სპირიდონოვი, დაბადებული 1976 წლის 21 აგვისტოს.

 

ივან ოსიპოვი
წყარო: www.bellingcat.com

 

კონსტანტინ კუდრიავცევი, ყალბი სახელი - კონსტანტინ სოკოლოვი, დაბადებული 1979 წლის 11 აპრილს.

 

კონსტანტინ კუდრიავცევი
წყარო: www.bellingcat.com

 

ალექსეი კრივოშჩეკოვი, დაბადებული 1979 წლის 11 აპრილს.

 

ალექსეი კრივოშჩეკოვი
წყარო: www.bellingcat.com

 

მიხაილ შვეცი, ყალბი სახელი - მიხაილ სტეპანოვი, დაბადებული 1977 წლის 3 მაისს.

 

მიხაილ შვეცი
წყარო: www.bellingcat.com

  

ვლადიმირ პანიაევი, დაბადებული 1980 წლის 25 ნოემბერს.

 

ვლადიმირ პანიაევი
წყარო: www.bellingcat.com

Bellingcat-ის მონაცემებით, აღნიშნული ჯგუფი 2017 წლამდეც შემჩნეული იყო კოორდინირებულ გადაადგილებასა და ქმედებებში, 2017 წლის 16 იანვრიდან კი ისინი აედევნენ ალექსეი ნავალნის. საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს, ნავალნის 20-ზე მეტი ვიზიტი ჰქონდა მოსკოვის გარეთ და ФСБ-ის დაჯგუფების წევრებიც უმეტეს შემთხვევაში იმავე მარშრუტს გადიოდნენ. ჯამში, მათ 37-ჯერ იმგზავრეს იმ მიმართულებით, სადაც ნავალნი მიდიოდა მატარებლით ან თვითმფრინავით. მოგზაურობის დროს ისინი ყალბი სახელებით სარგებლობდნენ. ისინი ძირითადად ორ ან სამკაციან ჯგუფებად გადაადგილდებოდნენ და არასოდეს მგზავრობდნენ იმავე თვითმფრინავით, რომლითაც ნავალნი. ამის ნაცვლად, ისინი პარალელური რეისით მიემგზავრებოდნენ.

 

ინფოგრაფიკა, რომელიც აჩვენებს ალექსეი ნავალნისა და ФСБ-ის მუშაკების საერთო მარშრუტებს
წყარო: www.bellingcat.com 

ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა მიზანი შეიძლებოდა ჰქონოდა ФСБ-ს 2017 წელს ნავალნის ადევნებისას. ერთ-ერთი სავარაუდო ვერსიით, ისინი უბრალოდ აკვირდებოდნენ და სწავლობდნენ მის ქცევას. 2017 წლის ბოლოს, როდესაც რუსეთის საარჩევნო კომისიამ უარი განაცხადა ნავალნის კანდიდატურის დარეგისტრირებაზე, ФСБ-მ მისი თვალთვალი შეწყვიტა. 2019 წელს კი ერთადერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ამ დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა პეტერბურგისაკენ იმავე მატარებლით იმგზავრა, რითაც ოპოზიციის ლიდერმა. ნავალნის თქმით, მას 2019 წელსვე, ერთ-ერთი ფრენის დროს გამოუვლინდა უცნაური სიმპტომები, რომელიც ძალიან ჰგავდა სიმპტომებს, რომლებიც მას ჰქონდა 2020 წელს მოწამვლის დროს. ასევე, 2019 წლის ივლისში, როდესაც იგი არასანქცირებული აქციის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს, მას ციხეში დაეწყო კანის უცნაური ქავილი და თვალების დასიება. 

2020 წლის ივლისში, როდესაც ალექსეი ნავალნი ცოლთან, იულიასთან ერთად კალინინგრადში გაემგზავრა დასასვენებლად, იმავე მიმართულებით პარალელური რეისით, ასევე გამართნენ ФСБ-ის მუშაკები - ალექსანდროვი, შვეტცი და პანიევი. 2 ივლისიდან 5 ივლისამდე პერიოდში, კალინინგრადში ვიზიტისას, ისინი ტელეფონით აქტიურ კომუნიკაციას ამყარებდნენ მაკშაკოვკთან. 5 ივლისს კი უკან, მოსკოვში დაბრუნდნენ. 6 ივლისს, კალინინგრადის ერთ-ერთ სასტუმროში ალექსეი ნავალნის ცოლს უცნაური სიმპტომები დაეწყო, მოძრაობა უჭირდა და თავს სუსტად გრძნობდა. ამის პარალელურად, სატალეფონო კომუნიკაციის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ კალინინგრადიდან დაბურნებულ მუშაკებსა და მაკშაკოვს შორის გააქტიურდა სატელეფონო ზარები. თავის მხრივ მაკშაკოვმა კომუნიკაცია დაამყარა ვასილევთან და ბოგდანოვთან. ბოგდანოვი კი დაუკავშირდა არტურ ჟიროვს, სამეცნიერო ცენტრის Singal-ის დირექტორს, ჟიროვმა კი დაურეკა ოლეგ დემიდოვს, ქიმიური იარაღის ექსპერტს. საინტერესოა, რომ ზარების გაცვლა-გამოცვლის შემდეგ, ბოგდანოვი კალინინგრადში გაფრინდა.

2020 წლის 12 აგვისტოს ФСБ-ის დაჯგუფების სამი წევრი - ალექსანდროვი, ოსიპოვი და პანიევი ნოვოსიბირსკში გაემზაგვრნენ, სადაც ნავალნის „ანტი-კორუფციული ფონდის“ გუნდი მიდიოდა. აღსანიშნავია, რომ ნავალნის გუნდს უკანა ფრენა დაჯავშნილი არ ჰქონდა - უსაფრთხოების მიზნით, მათ ბოლო პერიოდში ფრენების ბოლო წამს დაჯავშნა დაიწყეს. შესაბამისად, ФСБ-ის დაჯგუფების წევრებმაც მხოლოდ ცალმხრივი ბილეთი აიღეს ნოვოსიბირსკში. მთელ ამ პერიოდში ისინი აქტიურ კომუნიკაციას ამყარებდნენ მაკშაკოვთან, ბოგდანოვთან და დაჯგუფების კიდევ ერთ წევრთან - ტაიაკინთან. 19 აგვისტოს, ნავალნის გუნდმა მოსკოვისკენ 20 აგვისტოს ფრენა დაჯავშნა ქალაქი ტომსკიდან, მალევე კი ტომსკიდან მოსკოვისკენ 21 აგვისტოს რეისი დაჯავშნეს ФСБ-ის დაჯგუფების წევრებმაც.

19 აგვისტოს, ტომსკში, ნავალნი ერთ-ერთ მდინარეში საცურაოდ გავიდა და სასტუმროს ოთახი 2.5 საათით დატოვა. სასტუმროში საღამოს 11 საათზე დაბრუნდა და შეხვდა გუნდის წევრებს, რომლებიც Velvet Bar-ში ვახშმობდნენ. ნავალნი მათთან ერთად დაჯდა და კოქტეილი Bloody Mary შეუკვეთა, რომელზეც მიმტანმა უთხრა, რომ არ ჰქონდათ და სხვა კოქტეილი Negroni შესთავაზა. ნავალნის თქმით, მხოლოდ ერთი ყლუპის დალევა შეძლო, რადგან კოქტეილს საშინელი გემო ჰქონდა. ამ პერიოდში, ФСБ-ის დაჯგუფების სატელეფონო კომუნიკაციის მონიტორინგის მიხედვით დადგინდა, რომ ისინიც ტომსკში, ნალავლნის სასტუმროს სიახლოვეს იმყოფებოდნენ. მათ შორის კომუნიკაცია განსაკუთრებით გააქტიურდა მეორე დილით, 20 აგვისტოს, როდესაც ნავალნიმ სასტუმრო დატოვა და აეროპორტისკენ გაემართა. თვითმფრინავის აფრენიდან 30 წუთში კი უკვე იგი შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი უახლოეს აეროპორტში, ომსკში დასვეს, სადაც იგი საავამდყოფოში გადაიყვანეს. 

20 აგვისტოსტვე, ტაიაკინი მოულოდნელად გაფრინდა გორნო-ალტაისკში, ქალაქში, რომლის სიახლოვესაც მდებარეობს ქიმიური ენერგიის პრობლემების შემსწავლელი ინსტიტუტი, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს კრიმინალისტიკის ინსტიტუტთან. გორნო-ალტაისკიდან მან კომუნიკაცია დაამყარა მაკშაკოვთან, აქედან მალევე კი ომსკის საავადმყოფომ, რომელიც მანამდე უარს აცხადებდა ნავალნის გერმანიაში ჰოსპიტალიზაციაზე, მოულოდნელად შეცვალა გადაწყვეტილება და მისი ტრანსპორტირების ნებართვა გასცა. 24 აგვისტოს კი სამეული, რომელიც ნავალნის მოწამვლის დროს ტომსკში იმყოფებოდა, გორნო-ალტაისკიდან მოსკოვისკენ გაფრინდა. საყურადღებოდა, რომ 25 აგვისტოს კუდრიავცევი - ქიმიური იარაღის სპეციალისტი ომსკში გაფრინდა და იქ 10 საათი გაჩერდა. ამ დროს ნავალნი უკვე გერმანიისკენ მიფრინავდა[2], თუმცა მისი ტანსაცმელი და პირადი ნივთები ომსკის საავადმყოფოში დარჩა. შესაბამისად, თუკი მათზე მოიძებნებოდა საწამლავის კვალი, სავარაუდოა, რომ ФСБ-ის ინტერესს სწორედ აღნიშნული ნივთები წარმოადგენდა. 

 

[1] ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მოკლული და მოწამლული ოპონენტების შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ სტატიაში: http://damoukidebloba.ge/c/news/killer-putin

[2] გერმანულ მედიაში ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე გავრცელებული რუსული დეზინფორმაციის შესახებ იხილეთ სტატია: http://damoukidebloba.ge/c/news/navalny_poisoning_disinfo