„კავკასუს ონლაინი“ რუსული კომპანიის საკუთრება ხდება

6 იანვარი 2016 Shadow

 

„ბილაინის“ მიერ „კავკასუს ონლაინის“ ყიდვის საკითხზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ (GNCC) ადმინისტრაციული წარმოება 5 იანვარს დაიწყო. სწორედ GNCC-ს გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი აღმოჩნდება თუ არა ერთერთი მსხვილი ქართული ინტერნეტპროვაიდერი რუსული კომპანის ხელში. ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, „ბილაინში“ უარყოფენ შავი ზღვის ფსკერზე ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით დაინტერესებას.

თუ შპს “მობიტელი” კომისიის თანხმობას მიიღებს და საცალო ბაზართან დაკავშირებულ აქტივებს „კავკასუს ონლაინისგან“ შეიძენს, რუსული სატელეკომუნიკაციო გიგანტის ხელში აღმოჩნდება იმ რაოდენობის მომხმარებელი საცალო სადენიან ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე, რომელიც მას მონოპოლისტად აქცევს.

„ბილაინის“ მფლობელი რუსული კომპანია „ვიმპელკომია“, რომლის წინააღმდეგაც აშშ-მ და ევროპის ბევრმა ქვეყანამ სანქციები დააწესა ვინაიდან კომპანიას ბრალი აქვს წაყენებული საერთაშორისო კორუფციულ სქემაში მონაწილეობის გამო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასამართლომ „ვიმპელკომს“ შესაძლოა ყველაზე მაღალი ჯარიმა დაეკისროს საზღვარგარეთ კორუფციის შესახებ აშშ-ს კანონის დარღვევისთვის. „ვიმპელკომის“ მფლობელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანია. „ფორბსის“ 2014 წლის მონაცემებით, ფრიდმანი ყველაზე მდიდარ რუს ბიზნესმენებს შორის მეორე ადგილზეა.

რუსული კომპანია საქართველოში მოქმედ “მობიტელს” (იგივე „ბილაინი“) ოფშორული კომპანიების საშუალებით ფლობს -  „ინვესტიკო ალიანსე“ - 29%-ს, მირენ ინვესტი კი 20%-ს ფლობს. დანარჩენი 51% კი ეკუთვნის Water Trail Industries-ს, რომელიც ზემოთ აღნიშნულ გამოძიებაში ფიგურირებს. ფრიდმანსვე ეკუთვნის მინერალური წყლების კომპანია “შპს აიდიეს ბორჯომი საქართველო ” ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეებმა კომპანია "IDS Borjomi"-ს საკონტროლო პაკეტი "Альфа-Групп"-ს 2013 წელს მიჰყიდეს.

„ბილაინის“ სამეთვალყურეო საბჭოში სწორედ ამ ოფშორული კომპანიების წარმომადგენლები შედიან - რუსეთის მოქალაქეები ილია ჩულიუკინი, დმიტრი კრომსკი დაზაურეშ ლისიცინა, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეები თეიმურაზ არონია    და  ხვიჩა მაქაცარია.

„კავკასუს ონლაინსაც“ ოფშორული კომპანიები ფლობენ - International Online Networks LLC, (36.2%), ნელგადო ლიმითედი (19.8%) და გროუს მასთერ ჰოლდინგზ აი-სი (44%).

ისევე როგორც „ბილაინის“ შემთხვევაში, „კავკასუს ონლაინის“ სამეთვალყურეო საბჭოშიც შედიან თეიმურაზ ელიავა, ხვიჩა მაქაცარია, აგრეთვე, რევაზ ელიავა, თემურ ნაკაიძე და სტეფან პოლ (პაულ) პინტერი.

რადგან კომპანიები ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული, უცნობია ვინ არიან მისი რეალური მფლობელები. შესაბამისად, ამ ეტაპზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით (სამეწარმეო რეესტრში დაცული დოკუმენტების საფუძველზე) რთულია, იმის თქმა, „ბილაინის“ მიერ „კავკასუს ონლაინის“   წილის ფორმალური გადაფორმება ხდება თუ რეალური ყიდვა.

GNCC-ს აქვს სადამფუძნებლო დოკუმენტაციის გამოკვლევის ვალდებულება, რაც საქმის წარმოების პროცესში უნდა გასაჯაროვდეს კიდეც.

 კავკასუს