„ვიმპელკომს“ შესაძლოა 775 მილიონი აშშ დოლარის ჯარიმა დაეკისროს

1 დეკემბერი 2015 Shadow

რუსული სატელეკომუნიკაციო კომპანია „ვიმპელკომი“, რომელიც საქართველოში წარმოდგენილია „ბილაინის“ ბრენდით, მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტთან, რომ  გადაიხადოს 775 მილიონი აშშ დოლარი ქრთამის ბრალდებით დაწყებული გამოძიების მოსაგვარებლად.

ამერიკის, ჰოლანდიის, შვედეთისა და შვეიცარიის უწყებებმა „ვიმპელკომი“ ქრთამის მიცემაში დაადანაშაულეს. ბრალდების თანახმად, უზბეკეთის პრეზიდენტის ქალიშვილისთვის, გულნარა კარიმოვას კომპანიისთვის დიდი ოდენობით თანხის მიცემის სანაცვლოდ „ვიმპელკომმა“ ქვეყნის სატელეკომუნიკაციოო ბაზარზე შესვლა შეძლო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასამართლომ ვიმპელკომს შესაძლოა ყველაზე მაღალი ჯარიმა დაეკისროს საზღვარგარეთ კორუფციის შესახებ აშშ-ს კანონის დარღვევისთვის (Foreign Corrupt Practices Act). აქამდე ყველაზე დიდი ჯარიმა 800 დოლარი იყო.

გადაწყვეტილება სასამართლომ იანვარში უნდა მიიღოს. ამ დროისთვის არც ერთი კომპანია ან რომელიმე პირი პასუხისგებაში არ არის მიცემული.

 

ვიმპელკომის მფლობელი მიხაილ ფრიდმანი და ვლადიმერ პუტინი

"ვიმპელკომის" მფლობელი, მიხაილ ფრიდმანი ვლადიმერ პუტინთან და დიმიტრი მედვედევთან

 

ვიმპელკომი საქართველოში

მაშინ, როდესაც მსოფლიო რუსული „ვიმპელკომის“ სანქცირებაზე საუბრობს და კორუფციული სქემების გამო გამოძიება მიმდინარეობს, საქარველოში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ვიმპელკომს“ ინტერნეტბაზარზე შემოსვლა სურს. "ვიმპელკომის" მიერ ქართული ინტერნეტ პროვაიდერის, "კავკასუს ონლაინის" შეძენის სურვილს "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებს "კავკასუს ონლაინის" დამფუძნებელი მამია სანადირაძე, რუსულ კომპანიაში კი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამა წლის ნოემბერში შპს „მობიტელმა“ წარადგინა განაცხადი შპს „კავკასუს ონლაინის“ აქტივების შეძენასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიღების შესახებ. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ელექტრონულ გვერდზე არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია შპს “მობიტელის” განაცხადის წარდგენის გამო სხდომის ჩანიშვნისთან დაკავშირებით, თუმცა, თუ შპს “მობიტელი” ამგვარ თანხმობას მიიღებს და შეიძენს საცალო ბაზართან დაკავშირებულ აქტივებს „კავკასუს ონლაინისგან“, რუსული სატელეკომუნიკაციო გიგანტის ხელში აღმოჩნდება საცალო სადენიან ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე იმ რაოდენობის მომხმარებელი, რომელიც მას მონოპოლისტად აქცევს.

„ვიმპელკომს“ საქართველოში უკვე ეკუთვნის „ბილაინის“ ბრენდით მოქმედი საკომუნიკაციო კომპანია „მობიტელი“.  რუსული კომპანია საქართველოში მოქმედ “მობიტელს” ოფშორული კომპანიების საშუალებით ფლობს -  „ინვესტიკო ალიანსე“ - 29%-ს, მირენ ინვესტი კი 20%-ს ფლობს. დანარჩენი 51% კი ეკუთვნის Water Trail Industries-ს, რომელიც ზემოთ აღნიშნულ გამოძიებაში ფიგურირებს.

საქართველოში შპს „მობიტელი“ 2003 წლის 19 ნოემბერს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი და მფლობელი ლევან ვარშალომიძე იყო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა 2004-2012 წლებში. 

კომპანიის მესაკუთრეებს შორის ოფშორული კომპანიები 2006 წლიდან ჩნდება - ნოდარ გიგინეიშვილის წილი ერთი წლით ადრე დაფუძნებულმა Delgado Resources-მა და Vimpelcom-ის კუთვნილმა Watertrail Industies-მა იყიდეს. ორივე კომპანიის წარმომადგენელად კი ლევან ყარამანიშვილი (რუსთავი 2-ის  ამჟამინდელი მფლობელი)  მიუთითეს.

2006 წლის 12 ივლისს "მობიტელის" სამეთვალყურეო საბჭო ასე დაკომპლექტდა - Watertrail Industies-ის მხრიდან საბჭოში შევიდნენ რუსული "ვიმპელკომის" წარმომადგენლები, რუსეთის მოქალაქეები სერგეი ავდეევი, ელენა შმატოვა და უკრაინის მოქალაქე ვლადიმერ რიაბოკონი, ხოლო Delgado Resources-ს საბჭოში წარმოადგენდნენ - საქართველოს მოქალაქე ლევან ყარამანიშვილი და რუსეთის მოქალაქე რევაზ შარანგია. 2015 წლის მონაცემებით,  "მობიტელის" დირექტორი გიორგი ტყეშელაშვილია.

აღსანიშნავია, რომ „კავკასუს ონლაინის“ სამეთავლყურეო საბჭოში იგივე პირები შედიან, ვინც „ბილაინის“ სამეთვალყურეო საბჭოშია -  არონია და მაქაცარია. კომპანიას კი ოფშორული კომპანიები ფლობენ - International Online Networks, "ნელგადო ლიმითედი" და "გროუს მასთერ ჰოლდინგზ აი-სი".  თუ ტრანზაქციები ოფშორულ კომპანებში განხორციელდება და „ვიმპელკომი“ „კავკასუსის“ მფლობელი ამ გზით გახდება, მაშინ ქართულ სამეწარმეო რეესტრში მფლობელებს შორის ცვლილება არ მოხდება და ინფორმაციაც ხელმიუწვდომელი იქნება.