ბოლო პერიოდში, პოლიტიკურ დისკუსიებში ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შემუშავება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია. ბევრ ქვეყანაში კიბერ უსაფრთხოების სახელმწიფო უწყებებში საერთაშორისო და ეროვნული სტრატეგიები მუშავდება დეზინფორმაციასთან საბრძოლველად. რადგანაც მედია ინფორმაციის გავრცელების ძირითადი წყაროა, სწორედ მას ენიჭება გადამწყვეტი როლი პროპაგანდასთან ბრძოლაში.
წინამდებარე სტატიაში Damoukidebloba.com საინფორმაციო საშუალებების მიერ დეზინფორმაციის წინააღმდეგ შექმნილ გადაცემებს წარმოგიდგენთ.
ცხადია, საინფორმაციო ომის სტრატეგია აქამდეც არსებობდა, უბრალოდ ამ ცნების მნიშვნელობა ინტერნეტმა გააძლიერა. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ „გამოგონილი ამბების“ გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამოყენებადი გზა სოციალური მედიაა, ყალბი ინფორმაციის გავრცელება კი პიკს არჩევნების წინა პერიოდში აღწევს ხოლმე. მიმომხილველები ევროპაში, საფრანგეთსა და გერმანიაში 2017 წელს დაგეგმილ არჩევნებზე ამახვილებენ ყურადღებას და ყალბი საინფორმაციო ნაკადის გაძლიერებას ვარაუდობენ. მათი თქმით, ამ საქმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან.
გერმანიამ საფრთხის გაცნობიერების შემდეგ გადაწყვიტა პრევენციული ზომები მიეღო, რისთვისაც დახმარება უმსხვილესი სოციალური ქსელის - Facebook-ის ადმინისტრაციას თხოვა. კომპანიის ადმინისტრაციის განცხადებით, ინფორმაციის სანდოობას სპეციალურად დაქირავებული ორგანიზაციები ე.წ ფაქტ-ჩეკერები გადაამოწმებენ. თუ აღმოჩნდა, რომ ესა თუ ის ახალი ამბავი არ შეესაბამება სიმართლეს, ის სპეციალური ნიშნით აღინიშნება. აღნიშნული მეთოდი წარმატების შემთხვევაში შეიძლება სხვა ქვეყნებშიც დაინერგოს.
„ფაქტ-ჩეკერების“ გუნდის შექმნა დააანონსა BBC-მაც, რომლის მთავარი მიზანიც ფეისბუქზე, ინსტაგრამზე თუ სხვა სოციალურ მედია საშუალებებში გავრცელებული რეალური და ყალბი ინფორმაციის ერთმანეთისგან გამიჯვნა იქნება. ასევე, როგორც Facebook-ის წარმომადგენლები აცხადებენ, მას დაემატება ფუნქცია, რომელიც მოხმარებელს საშუალებას მისცემს ყალბი ინფორმაცია მონიშნოს, რითაც, შემდეგი მნახველს საშუალება ექნებათ რეალური და მცდარი ამბები განასხვავოს. “ჩვენ ჩავერთვებით ტყუილის წინააღმდეგ ბრძოლაში, მართალია მთლიანად ინტერნეტს ვერ შევცვლით, მაგრამ დეზინფორმაციის გამავრცელებლების გვერდით მაინც არ ვიდგებით“- განცხადა არხის საინფორმაციო გადაცემების ხელმძღვანელმა ჯეიმს ჰარდინგმა.
დეზინფორმაციის გამოსააშკარავებლად 2017 წლიდან ყოველ კვირას, პრაიმ თაიმში გავა გადაცემა ლატვიის ყველაზე პოპულარულ არხზე - TV3. პირველი ეთერის თემა მალაიზური თვითმფრინავის ისტორია იყო, კონკრეტულად კი „როგორ მოიტყუა რუსეთი მალაიზიური MH17-ის ჩამოვარდნაზე.“ სტუდიაში სტუმრად ევროპული პოლიტიკური ანალიზის ცენტრის (European Policy Analysis Center) ექსპერტი იყო. მან დეტალურად ახსნა ის თეორიები, რომლებიც კრემლს თემის ირგვლივ დამაბნეველი გარემოს შექმნაში დაეხმარა.
„ყალბი ინფორმაციის“ გამოაშკარავებას ემსახურება TV1-ის და ბიზნეს კონტრაქტის გადაცემაში „საქმიანი დილა“ რუბრიკა, სადაც „მითების დეტექტორის“ წარმომადგენლები მედიაში გამოვლენილი მცდარი ინფორმაციის საპირისპიროდ რეალურ, დასაბუთებულს ინფორმაციას აწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას.
მსგავსი გადაცემები მნიშვნელოვნად გაზრდის მოსახლეობის ინფორმირებულობას და სიფრთხილეს ყალბი ინფორმაციის მიმართ. თუმცა, ამასთანავე, სასურველია თითოეული მოქალაქე დამოუკიდებლადაც ინფორმირებული იყოს პროპაგანდის მახასიათებლების შესახებ და იცოდეს გზები, რაც დაეხმარება ერთმანეთისგან გაარჩიოს რეალური და მცდარი ინფორმაცია. იხილეთ damoukidebloba.com-ის მიერ მომზადებული სტატია „როგორ დავიცვათ თავი პროპაგანდისგან?“