წყარო: http://www.telegraph.co.uk/
ევროკავშირის სპეციალური ჯგუფის თანახმად, რუსეთი შეეცდება გავლენა მოახდინოს გერმანიის, საფრანგეთის და ჰოლანდიის არჩევნებზე. 2017 წელს სამივე ქვეყანაში ჩატარდება საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები, საფრანგეთში ასევე ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები.
„მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციის კამპანია ევროკავშირის, მისი პოლიტიკოსებისა და პრინციპების წინააღმდეგ. დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთი შეეცდება გავლენა მოახდინოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების არჩევნებზე, ისევე, როგორც ეს მოხდა აშშ-ის არჩევნებისას“ - განაცხადა სპეციალურ ჯგუფთან დაახლოებულმა პირმა გერმანულ გამოცემა „Spiegel“-თან ინტერვიუში
მთავარი სამიზნე არჩევნების ციკლში ანგელა მერკელია, რომლზეც გერმანულ მედიაში ბოლო დროს ცრუ და ყალბი ინფორმაციები ვრცელდება. ეს ტენდენცია სავარაუდოდ გამოწვეულია იმ ფაქტორით, რომ მერკელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომხრეა.
დეზინფორმაცია კრემლისთვის ეფექტიანი იარაღია სხვადასხვა ქვეყნების არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღწევად. აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, აშშ-ის არჩევნებისას არსებული დეზინფორმაციის კამპანია ვლადიმერ პუტინის მიერ იყო სანქცირებული. მსგავსი სცენარის განვითარებაზე გერმანიის სექტემბრის არჩევნებისთვის გერმანიის სადაზვერვო სამსახურებიც იტყობინებოდნენ.
ცრუ ინფორმაციის გავრცელება და მისი შესაძლო შედეგები დიდ საფრთხეს წარმოადგენს გერმანიის დემოკრატიული არჩევნებისთვის, რადგან დეზინფორმაცია სამიზნე ჯგუფების ემოციებით მანიპულირებს. მაგალითისთვის გერმანიაში ერთ-ერთი გახმაურებული დეზინფორმაცია იყო ცნობა იმის შესახებ, რომ 1000-მა მუსლიმმა ცეცხლი წაუკიდა გერმანიის უძველეს ეკლესიას დორტმუნდში. აჟიოტაჟის შემდეგ გაირკვა, რომ ინფორმაცია ყალბი იყო და მსგავს შემთხვევას ადგილი არ ქონია.
დეზინფორმაციაზე მომუშავე ევროკავშირის სპეციალურმა ჯგუფმა 15 თვის განმავლობაში აღმოაჩინა ცრუ და ყალბი ინფორმაციის გავრცელების 2 500 შემთხვევა 18 სხვადასხვა ენაზე. იდენტური ყალბი ინფორმაცია 18 ენაზე იყო ნათარგმნი და გავრცელებული სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების მეშვეობით.
„ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ დეზინფორმაციის კამპანია კრემლის სტრატეგიის ნაწილია. ძირითადად ვრცელდება ან ერთი ცრუ ინფორმაცია, რომელიმე პოლიტიკოსის ან რაიმე მოვლენის შესახებ, ან ერთი და იგივე მოვლენის სხვადასხვა ინტერპრეტაციები, რათა ზღვარი ტყუილსა და სიმართლეს შორის გაქრეს“ - განაცხადეს ევროკავშირის სპეციალურ ჯგუფში.
გერმანიის სადაზვერვო სამსახურთან ერთად, ჩეხეთის უსაფრთხოების სამსახურებიც აქტიურად მონაწილეობენ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და ყოველწლიურ ანგარიშში მიმოიხილავენ დეზინფორმაციის წყაროებს და პროპაგანდის ძირითად მიზნებს.
ჩეხეთში დეზინფორმაცია ვრცელდება ძირითადად ადგილობრივი წყაროების მიერ. ისინი იმეორებენ იმ ცნობებს, რომლებიც თავდაპირველად რუსულ წყაროებში ჩნდება, რადგან ეს ცნობები მათთვის სახარბიელოა ან მათ პოზიციებს ემთხვევა.
აშშ-ის არჩევნებისას განვითარებული მოვლენების, ევროკავშირში დიდი რაოდენობით ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტების აღმოჩენის და სხვადასხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების ანგარიშების შემდეგ, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ კრემლის მიერ ორკესტრირებული დეზინფორმაციის კამპანია ფართომასშტაბიანია და შეუძლია საფრთხე შეუქმნას სუვერენული ქვეყნების საარჩევნო პროცესს.