რუსეთის გეგმა 2008 წლის ომამდე

8 მარტი 2016 Shadow

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) განცხადებით, მისი პროკურორები იძიებენ სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტის დროს ჩადენილ დანაშაულებს. გამომძიებელ ფატუ ბენსუდას დასკვნით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი“, რომ ასეთი დანაშაული ჩადენილი იქნა რუსეთის მიერ საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში მიმდინარე ხუთდღიან ომში. კონფლიქტის დროს ასობით ადამიანი დაიღუპა და ათიათასობით ლტოლვილად იქცა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოში აგვისტოს ომის დაწყების პასუხისმგებლობის საკითხი ხელახლა გახდა განხილვის საგანი. რუსეთის ხელისუფლების მიერ ომის გამართლების ნარატივის ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტია - „საქართველომ დაიწყო ომი“ ან „საქართველომ განახორციელა აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ/ოსი ხალხის წინააღმდეგ“.

აღნიშნული საკითხის განხილვამდე, შეგიძლიათ იხილოთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინტერვიუ ბმულზე, რომელიც მნიშვნელოვანია ბრალეულობის საკითხის დადგენაში.

აღნიშნულ ინტერვიუში, შეკითხვაზე - ნუთუ რუსეთს არ ჰქონდა სამოქმედო გეგმა სამხრეთ ოსეთში საქართველოს სამხედრო აგრესიის შემთხვევაში?“, ვლადიმერ პუტინი პასუხობს:

გეგმა გვქონდა და მემგონი ეს საიდუმლო არაა. ზუსტად ამ გეგმის ფარგლებში მოქმედებდა რუსული მხარე. მე უკვე მისაუბრია ამაზე საჯაროდ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არაა საიდუმლო. გეგმა იყო მომზადებული გენერალური შტაბის მიერ 2006 წლის ბოლოსკენ, ხოლო 2007 წლის დასაწყისში ჩემს მიერ იყო დამტკიცებული... შეთანხმებული. უფრო მეტიც, ამ გეგმის ფარგლებში ხდებოდა ოსი სეპარატისტების მომზადება/წვრთნა სამხრეთ ოსეთში.

მნიშვნელოვანია შეკითხვის ფორმულირებაც და პასუხის შინაარსიც. შეკითხვაში ნათლად ჩანს რუსული ნარატივის ძირითადი მახასიათებელი - „საქართველოს სამხედრო აგრესია“, რაზეც შემდგომ პუტინი აგებს საკუთარ პასუხს. თუმცა, პასუხში საინტერესოა ის, რომ პუტინი აღიარებს რუსეთის სამხედრო სამოქმედო გეგმის არსებობას და ამასთანავე იმ ფაქტს, რომ რუსი სამხედროები წვრთნიდნენ ოს სეპარატისტებს.

ომის დაწყების საკითხის დადგენა მოიცავს ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებს. ამ კუთხით, აღსანიშნავია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს  აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის - ჰაიდი ტალიავინის კომისიის - დასკვნა

აღნიშნულ დასკვნაში, რუსეთის მიერ საკუთარი აგრესიის გამართლების შემდეგ მიზეზებს ვკითხულობთ:

„შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარეობისას, რომელსაც შემდგომ უწოდეს „ხუთდღიანი ომი“, რუსული მხარე სამხედრო ინტერვენციას ამართლებდა ქართველების მხრიდან ოსი მოსახლეობის ეგრეთწოდებული გენოციდის შეჩერების მიზნით, სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსი მოქალაქეების და რუსი სამშვიდობო ძალების დაცვის მიზნით.“ (გვ. 21, პუნქტი 17)

შემდგომ ანგარიშში მითითებულია:

„ადგილზე არსებული სახიფათო მდომარეობის გათვალისწინებით, რუსეთის სამშვიდობო ძალებში დანაკარგი გამორიცხული არაა. რაც შეეხება რუსული და ოსური მხარეების მიერ გენოციდის ბრალდებას, ის ვერ დამტკიცდა.“  (გვ. 21, პუნქტი 17)

რაც შეეხება ომის დაწყების პასუხისმგებლობას, დასკვნაში არაა მითითებული თუ ვინ დაიწყო ომი. დასკვნაში აღნიშნულია, რომ, როგორც ქართული მხარე აცხადებს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებები იყო საპასუხო რეაქცია ოსი სეპარატისტების შეტევებზე (თუმცა რეაგირება დასკვნაში შეფასებულია როგორც არაპროპორციული/არათანაზომიერი). შესაბამისად, მთავარია იმის განსაზღვრა, ჰქონდა თუ არა საქართველოს საკუთარი საზღვრების დაცვის და საქართველოს საზღვრებს შიგნით ოსი სეპარატისტების აგრესიის მოგერიების უფლება. თავდაცვის უფლებას გაეროს წესდების 51-ე მუხლი სახელმწიფოს შეუვალ უფლებად მიიჩნევს, თუმცა აღსანიშნავია, რომ თავდაცვის უფლების გამოყენების ფარგლებში განხორციელებული ქმედებები პროპორციული უნდა იყოს შეიარაღებულ თავდასხმასთან მიმართებაში. როგორც ზემოთ აღინიშნა, ტალიავინის დასკვნის თანახმად, პროპორციულობის პრინციპი იქნა დარღვეული ქართული მხარის მიერ, თუმცა ეს არ გამორიცხავდა საქართველოს მიერ თავდაცვის უფლების გამოყენებას.

2015 წლის 19 ოქტომბერს, Damoukidebloba.com-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც სხვადასხვა წყაროებზე (ელ-სტატიები, ბლოგები, ვიდეო მასალა, ფოტო მასალა) დაყრდნობით, საქართველოში მყოფი რუსი სამშვიდობოების კონფლიქტში ჩართულობაა გაანალიზებული.

სტატიაში მოყვანილია ვიდეო და ფოტო მასალა, რომელიც მიუთითებს თუ როგორ გამოიყენებოდა რუსული ბაზა ოსი სეპარატისტების მიერ:

ოსეთის შეიარაღებული ძალების საარტილერიო დაზვერვის ოცეულის მეთაური, 7 – 8 აგვისტოს იმყოფებოდა, რუსი სამშვიდობოების ბაზაზე, სამხედრო ყაზარმის სახურავზე მოწყობილ სათვალთვალო პუნქტზე და იქიდან ახდენდა არტილერიისა და ნაღმტყორცნების დამიზნება/კორექტირებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. ფაქტია, ისიც, რომ მსგავსი ვერ მოხდებოდა, რუსი სამშვიდობოების ნებართვის გარეშე. მეტიც, როგორც მოვლენებმა დაადასტურა, საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდგომ სათვალთვალო პუნქტში დაიჭრა რუსი სამშვიდობოც. აღნიშნული, გარემოება სრულად ადასტურებს იმას, რომ რუსი სამშვიდობოები ამ შემთხვევაში უკვე წარმოადგენდნენ კონფლიქტის მხარეს და უშუალოდ მონაწილეობდნენ საბრძოლო ოპერაციებში.

ამ გარემოებების გათვალისწინებით (ოფიციალურ და არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით), შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსი სამშვიდობოები ჩართულნი იყვნენ კონფლიქტში მაშინ, როდესაც ოსმა სეპარატისტებმა მიიტანეს იერიში საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე, რასაც მოყვა საპასუხო რეაქცია (თავდაცვის უფლება) საქართველოს შეიარაღებული ძალების მხრიდან. თუ გავითვალისწინებთ ვლადიმერ პუტინის ზემოთ მოყვანილ განცხადებას ოსი სეპარატისტების მომზადებასთან და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით (რომელიც „საიდუმლო არაა“), შეგვიძლია ვთქვათ, თუ ვინაა პასუხისმგებელი აგვისტოს ომზე. ომზე პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია, რომელიც საკუთარი იმპერიალისტური მიზნების მისაღწევად, წვრთნიდა და იყენებდა ოს სეპარატისტებს 2006 წლიდან, რასაც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად მოჰყვა ქართველების ეთნიკური წმენდა*, საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება, საქართველოს მოქალაქეების კერძო საკუთრების ხელყოფა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მავთულხლარების გავლება.

 

 

*ეთნიკური წმენდა - პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს გარკვეული ტერიტორიიდან ეროვნული, ეთნიკური, ენობრივი ან რელიგიური ჯგუფის ძალადობრივ განდევნას. გენოციდისგან განსხვავებით ეთნიკური წმენდა მიზნად ისახავს ჯგუფის არა განადგურებას, არამედ ტერიტორიიდან განდევნას. თუმცა ეთნიკური წმენდა შეიძლება ასევე გადაიზარდოს გენოციდში.